გადაწყვეტილება №19666/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19666/2/2023
8.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 12.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19666/2/2023).
დავის საგანი: ავანსად მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2022 წლის №067-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7324 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 61 969.26 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 39 781
ჯარიმა - 19 575
საურავი - 2 613.26
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის დეკემბრის, 2022 წლის აპრილის, ივნისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №31351 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №067-30 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №7324 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7324 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე - 9.04.2023 წელს. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა, საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით, იყო 1.05.2023 წელი.
საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 12.05.2023 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ავანსად მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
უდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №31351 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №067-30 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელმა ზემოხსენებული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №7324 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 305 (1); 44 (9); 301 (ე).