ბრძანება N 6679

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.04.2025
№ დოკუმენტი 6679
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6679

08 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 26 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 26 მარტის №94772/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 თებერვლის №022-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 26 სექტემბრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების მიერ, ფიზიკური პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 18 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 32 357 ლარით, მათ შორის, გადასახადი 22 655 ლარით და ჯარიმა 9 702 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 24 თებერვლის №022-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შესწავლითაც დადგინდა ფიზიკური პირების მიერ გაწეული სამუშაოების (ერთი ერთეული) ღირებულება, სრული მოცულობა და პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიწია შესაბამისი მომსახურება, შედეგად, შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას.

ხოლო რაც შეეხება დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 24 ოქტომბრის №22803 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 26 სექტემბრის საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა მცირე მეწარმეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელთა შესწავლითაც დადგინდა ფიზიკური პირების მიერ გაწეული სამუშაოების (ერთი ერთეული) ღირებულება, სრული მოცულობა და პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიწია შესაბამისი მომსახურება, შედეგად, შემოწმების მიერ შემცირებას დაექვემდებარა მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 304(21)