გადაწყვეტილება №25672/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25672/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 18.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25672/2/2025).
დავის საგანი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის N 005-76 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 ივლისის N 17089 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 47 202.59 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 27 025.55;
ჯარიმა - 13 091.40;
საურავი - 7 085.64;.
ფაქტების აღწერა:
მომჩივნის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება (ღამის კლუბი). საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 7 აგვისტოს, დღგ-ის გადამხდელად - 2011 წლის 5 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 25 აპრილის N 7638 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ანალიზი, შესწავლილ იქნა საანგარიშო პერიოდის საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. გაირკვა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული აქვს არასრულყოფილად. შესაბამისად, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის N 12320 ბრძანება და N 005-76 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 47 202.59 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 11 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 30 ივლისის N 17089 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164- ე, 168-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში დეკლარირებულია გაცილებით მეტი თანხები ვიდრე რეალურად პოსტერმინალებში, სალარო აპარატებში და საბანკო ამონაწერებში არის ასახული, რაც ჯამში შეადგენს 10 932.33 ლარს. დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტების საშუალება რომ მიეცეს, დარიცხული გადასახადი უნდა შემცირდეს 10 932.33 ლარით.
კომპანია ფლობდა ღამის კლუბ „-----“, რომელიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ქართველი და უცხოელი ელექტრონული მუსიკოსების კონცერტებს. ეს სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის პერიოდში. მიუხედავად ყველანაირი დაბრკოლებისა, პანდემიის შემდგომ მაინც შეძლეს ბიზნესის განახლება. კომპანია თავისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა დაჯარიმებული არცერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ, ყოველთვის ითვლებოდა კეთილსინდისიერ გადამხდელად. კომპანიას 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს დაახლოებით 412 770 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საკონტროლო-სალარო აპარატზე ამობეჭდილი და პოსტერმინალზე მიღებული თანხების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული აქვს არასრულყოფილად. შესაბამისად, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა და კომპანიას დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის გარკვეულ თვეებში დეკლარირებულია გაცილებით მეტი თანხები ვიდრე რეალურად პოსტერმინალებში, სალარო აპარატებში და საბანკო ამონაწერებში არის ასახული. მომჩივანი ითხოვს, მიეცეს დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტების საშუალება.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.
გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურება, კომპანიის შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის ანალიზი, შესწავლილ იქნა საანგარიშო პერიოდის საკონტროლო - სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა გასახადი, აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა რომელიც 2025 წლის 11 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაც 2025 წლის 30 ივლისის N 17089 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას. საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 159; მუხლი 163;.