ბრძანება N 2642

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 2642
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2642

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----- ------“-ის (ს/ნ -------------)

(მის.: ქ. თბილისი, -----------------)

2024 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „----- ------“-ის (ს/ნ -------------) 2024 წლის 26 იანვრის №87218/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №001-351 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი აცხადებს, რომ აუდიტორისთვის გადაგზავნილია საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც ზედმიწევნით და რეალურ დროშია აღრიცხული საქონლის მოძრაობა, აუდიტორი უარს აცხადებს პროგრამის ასლის გამოყენებაზე და ცდილობს საკუთარი ინტერპრეტაციით მოახდინოს შეძენილი და რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, რაც ცხადია ვერ იქნება ჭეშმარიტი, პროგრამის შესაბამისად დამუშავებული ფაილის მიხედვით, თითოეულ ტრანზაქციაზე მითითებული იყო შეძენის ზედნადების ნომერი, დასახელებების იდენტიფიცირება და ყველა ის ინფორმაცია, რაც ავტომატურად იკითხება პროგრამაში. აღნიშნავს, რომ აუდიტორმა არ იმოქმედა საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით და არ მოახდინა გადამხდელის ჩართვა გადაანგარიშების პროცესში. ამასთან, განმარტავს, რომ საწარმო ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქონლის მარაგების მოძრაობაზე დაწესებული აქვს კონტროლი, შიფრავს დეკლარირებული სმფ-ების საწყის/საბოლოო ნაშთებს და ღიად თანამშრომლობს საგადასახადო ორგანოსთან. შედეგად, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----- ------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----- ------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 90 000 ლარი, მათ შორის, გადასახადი 59 999 ლარი, ჯარიმა 30 001 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №001-351 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით იქნა შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. აღნიშნულის შედეგად შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი ნაწილობრივ იქნა შემცირებული, რის საფუძველზეც შემცირდა როგორც დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დარიცხული ჯარიმის ოდენობაც.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით იქნა შესწავლილი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე, რის შედეგად შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი ნაწილობრივ იქნა შემცირებული. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი თვის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება. შედეგად, გამოვლინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში გადამხდელს საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებული აქვს მაქსიმალური ღირებულება და არა საქონლის ბოლო შეძენის ან საშუალო ფასი. შედეგად, შემოწმებით ნაწილორივ დაკორექტირდა ფანსამატი და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი. ამასთან, პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დარჩა ძალაში, ვინაიდან გადამხდელის მიერ ბუღალტრულად საქონლის ჩამოწერები ჰქონდა ჯამურად, ნაცვლად სახეობების მიხედვით ჩამოწერისა, რის გამოც შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შედეგად, შემცირდა შემოწმების აქტის დარიცხული თანხები როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----- ------“-ის (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდლის საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11045 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 დეკემბრის №001-351 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304(21);