გადაწყვეტილება №24137/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24137/2/2024
22 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 18.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24137/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.08.2024 წლის №001-166 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21252 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 293 193 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 725 319
დღგ - 211 587
საშემოსავლო გადასახადი - 513 732
ჯარიმა - 358 639
საურავი - 209 235
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 17.03.2021 წლიდან 1.09.2024 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია სააღრიცხვო მონაცემებით აფიქსირებს ავანსის ნაშთებს უცხოელ მომწოდებლებზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2023 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ნაშთი შეადგენს 531 484 ლარს. საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, თანხის გადახდა ძირითადად ხდება სალაროდან და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან, საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვები ხშირად ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე, ხოლო ბუღალტრულად გატარებულია როგორც არარეზიდენტ მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილი თანხა. აღნიშნული „ავანსის“ შესაბამისი შეძენა/იმპორტი გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება. ასევე, არ არის წარდგენილი სალაროდან/საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან მომწოდებლის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებით, მომწოდებელზე ბუღალტრულად ავანსად ნაჩვენები თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2024 წლის №7183 ბრძანება და №001-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 12.07.2024 წელს განიხილა და №23291/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 აგვისტოს №001-166 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21252 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ მომწოდებლებზე გაცემული ავანსების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, რომ საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ შეეძლო მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებლად შედარების აქტების წარდგენა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს არ წარუდგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლის სამსახურმა მხედველობაში არ მიიღო მათი არგუმენტები და აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2024 წლის დასკვნის, 13.08.2024 წლის №18624 ბრძანების საფუძველზე გამოსცა 2024 წლის 13 აგვისტოს №001-166 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
მიუხედავად მათი არგუმენტებისა, რომ მოსახლეობისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენის დოკუმენტები თანდართულია საექსპორტო საბაჟო დოკუმენტაციაზე და აუდიტორებს შეეძლოთ შეესწავლათ ხსენებული დოკუმენტაცია, ასეთი რამ არ იყო განხორციელებული და ამ ეპიზოდში დირექტორის შემოსავლად აღიარეს 170 426 ლარი და დაბეგრეს საშემოსავლო გადასახადით. არ ეთანხმება აუდიტორების ამ გადაწყვეტილებას შემდეგი გარემოების გამო:
1. შესყიდვის აქტებით შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რეალურად იყო შეძენილი და ექსპორტის რეჟიმით მიწოდებულია საზღვარგარეთის პარტნიორებზე;
2. შესყიდვის აქტები, თანდართული იყო საბაჟო დეკლარაციებზე, საქონლის წარმოშობის მტკიცებულების სახით;
3. კომპანიის მიმართ არცერთ კონტრაგენტს არ წაუყენებია პრეტენზია მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის შესახებ (არ არსებობს კრედიტორული დავალიანება).
ამასთან, ამ ეპიზოდით განხორციელებული ოპერაციები წარმოადგენენ კრედიტორებთან ურთიერთობის ოპერაციებს.
აუდიტორებმა მხედველობაში არ მიიღეს შემოწმების პერიოდში წარდგენილი ურთიერთშედარების აქტები მთავარ მომწოდებლებთან, ხსენებული ავანსად გადახდილი თანხები აღიარეს როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასის თანხა და დაბეგრეს საშემოსავლო გადასახადით.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, 2024 წლის 1 იანვრიდან ნორმატიულ დოკუმენტებში შეტანილი იყო ცვლილება. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №22708 „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 2019 წლის 8 ივლისს. ეს მითითება (თავისი დამატებებით) შედგებოდა 10 დანართიდან, მათ შორის დანართი №6, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №39866 - ვებგვერდი, 29.10.2021წ. მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ (მეთოდური მითითება განსაზღვრავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის საკითხებს) დანართი №7 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №39866 - ვებგვერდი, 29.10.2021წ. მეთოდური მითითება სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობისას, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული განკარგვადი თანხების დაბეგვრის შესახებ (მეთოდური მითითება განსაზღვრავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის საკითხებს) დანართი №8 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №35390 - ვებგვერდი, 25.11.2021წ. მეთოდური მითითება „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ კრედიტორული დავალიანების დაფარვა დანართი №8-ში რეგულირდება კრედიტორული დავალიანების განსაზღვრის წესი (კრედიტორული დავალიანების (75% ჩაითვლება ანაზღაურებულად), ხოლო დანართი №6 და დანართი №7 არეგულირებდნენ არა ანაზღაურებად ჩათვლილი კრედიტორული დავალიანების (25%) დაბეგვრის საკითხს.
2023 წლის 3 ოქტომბერს მიღებული იქნა შემოსავლების სამსახურის №24392 ბრძანება, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ცნობილი იქნა 2019 წლის 8 ივლისის ბრძანების დანართი №6 და №7, რომლებიც არეგულირებდნენ კრედიტორული დავალიანების დაბეგვრის საკითხს.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №5, №6 და დანართი №7 გამოცხადდა ძალადაკარგულად. აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან. ანუ, დღეს არსებული ნორმატიული აქტის - ბრძანების №8 დანართით რეგულირდება მხოლოდ კრედიტორული დავალიანების აღიარების ან არაღიარების საკითხი, ხოლო 25% საქონლის/მომსახურების (ე.წ. არაღიარებული) თანხის და საჯარიმო სანქციების საკითხი ბრძანებით ჩათვლილია ძალადაკარგულად. შესაბამისად, ამ ეპიზოდებით დარიცხული თანხა უნდა ჩაითვალოს ბათილად ცნობილი, ვინაიდან არსებობს და წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი და საჩივრის დაკმაყოფილებაზე არსებობს შესაბამისი პრაქტიკა დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში.
ამდენად, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის დირექტორის ხელფასად აღიარება და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა აღნიშნულ თანხაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12890 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2024 წლის 9 აგვისტოს დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად 2024 წლის 31 მაისს, თუმცა მიუხედავად ბრძანების ჩაბარებისა, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა რაიმე მტკიცებულების წარდგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამგვარად ირკვევა, რომ მომწოდებლებზე გაცემული ავანსების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომ შეეძლო მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებლად შედარების აქტების წარდგენა, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს, მიეცა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა როგორც დასკვნიდან ირკვევა, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია დოკუმენტაცია/მტკიცებულება.
მომჩივანი, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიურად აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება აუდიტორების პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შესყიდვის აქტებით შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რეალურად იყო შეძენილი და ექსპორტის რეჟიმით მიწოდებულია საზღვარგარეთის პარტნიორებზე;
2. შესყიდვის აქტები, თანდართული იყო საბაჟო დეკლარაციებზე, საქონლის წარმოშობის მტკიცებულების სახით;
3.კომპანიის მიმართ არცერთ კონტრაგენტს არ წაუყენებია პრეტენზია მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობის შესახებ (არ არსებობს კრედიტორული დავალიანება).
ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ოქტომბრის №24392 ბრძანებით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №5, №6 და დანართი №7 ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული და რომ აღნიშნული ბრძანება ამოქმედდა 2024 წლის 1 იანვრიდან, შედეგად, დღეს არსებული ნორმატიული აქტის - ბრძანების №8 დანართით რეგულირდება მხოლოდ კრედიტორული დავალიანების აღიარების ან არაღიარების საკითხი, ხოლო 25% საქონლის/მომსახურების (ე.წ. არაღიარებული) თანხის და საჯარიმო სანქციების საკითხი ბრძანებით ჩათვლილია ძალადაკარგულად. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდებით დარიცხული თანხა უნდა ჩაითვალოს ბათილად ცნობილი, ვინაიდან არსებობს და წარდგენილია ურთიერთშედარების აქტი და არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე შესაბამისი პრაქტიკა დავების განხილვის საბჭოს მუშაობაში. ამდენად, ითხოვს მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის დირექტორის ხელფასად აღიარების და აღნიშნულ თანხაზე საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის გაუქმებას.
ამგვარად, მომჩივანი ითხოვს მომწოდებლებზე გადახდილი ავანსის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების გაუქმებას, თუმცა არგუმენტებს წარმოადგენს საკითხზე, რომელსაც სადავოდ ხდიდა შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების პირველ ეტაპზე (ადგილობრივი ფიზიკური პირებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეულის ღირებულების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა) და რომელიც არ დაკმაყოფილდა არათუ შემოსავლების სამსახურის მიერ 31.05.2024 წლის №12890 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა აღნიშნული საკითხის ნაწილში საჩივარი საბჭოს 12.07.2024 წელს მიღებული №23291/2/2024 გადაწყვეტილებითაც.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რა ნაწილში მიიჩნევს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანების აღსრულებას ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამოდ, იმ პირობებში როდესაც, როგორც დასკვნიდან და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებითაც ირკვევა, ხსენებული გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივანს სწორედ მისი არგუმენტაციის, რომ შეეძლო მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დამადასტურებლად შედარების აქტების წარდგენა, შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოსავლის სამსახურმა მხედველობაში არ მიიღო მათი არგუმენტები და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და ბრძანების საფუძველზე გამოსცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია სააღრიცხვო მონაცემებით აფიქსირებს ავანსის ნაშთებს უცხოელ მომწოდებლებზე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს,ნაშთი შეადგენს 531 484 ლარს. საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, თანხის გადახდა ძირითადად ხდება სალაროდან და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან, საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხვები ხშირად ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე, ხოლო ბუღალტრულად გატარებულია როგორც არარეზიდენტ მომწოდებელ კომპანიაზე გადახდილი თანხა. აღნიშნული „ავანსის“ შესაბამისი შეძენა/იმპორტი გადამხდელს არ უფიქსირდება. ასევე, არ არის წარდგენილი სალაროდან/საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან მომწოდებლის ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემოწმებით, მომწოდებელზე ბუღალტრულად ავანსად ნაჩვენები თანხები დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 მაისის №12890 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).