გადაწყვეტილება №23447/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23447/2/2024
08 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 8.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23447/2/2024).
დავის საგანი:
საბჭოს 15.02.2024 წლის №21459/2/2024 (რეგ. 3.04.2024წ. №03/26332) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის №13626 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2024 წლის №053-4 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 424 808.33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 201 821
დღგ - 152 465
მოგების გადასახადი - (-1 026)
საშემოსავლო გადასახადი - 50 382
ჯარიმა - 129 555
საურავი - 93 432.33
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჭაბურღილისა და სასმელი წყლის სამუშაოების შესრულება ტენდერის გზით. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2023 წლის №7159 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები განსხვავდება მის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისაგან და ასევე, ყველა შესრულებულ სამუშაოზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2023 წლის №14315 ბრძანება და 22.06.2023 წლის №053-10 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 21.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
პირველ სადავო საკითხთან
(2020, 2021, 2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე შეცდომით წარდგენილი მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.02.2024 წლის №21459/2/2024 (რეგ. 3.04.2024წ. №03/26332) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27751 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის) შესწავლა მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის დასკვნა, რომლის მიხედვით შემოწმების შედეგად დღგ-ში დარიცხული თანხები 2020 წლის თებერვლის თვეში დაექვემდებარა შემცირებას 4 576 ლარით. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 10.06.2024 წლის №13626 ბრძანება და 11.06.2024 წლის №053-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის (2019-2020 წელს მოქმედი რედაქციის) 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით: არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გადაანგარიშებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია კომპანიის მოთხოვნა და მოხდა დასაბეგრი შესრულების თანხიდან ავანსად მიღებული თანხების განაშთვა. ითხოვს, მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად გაიაროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და შესაბამის სამსახურს დაევალოს შემდგომი რეაგირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
მომჩივანი 30.11.2023 წელს დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში უთითებდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე და ითხოვდა შემმოწმებელთან ერთად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების შესწავლას.
საბჭოს 15.02.2024 წლის №21459/2/2024 (რეგ. 3.04.2024წ. №03/26332) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, პირველი სადავო საკითხის (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის) შესწავლა მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2024 წლის დასკვნა, რომელშიც მითითებულია, რომ: შემოწმების შედეგად გაზრდილია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა 872 479 ლარით (დღგ-ის გარეშე). კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რომელიც ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მომსახურების ღირებულების ავანსის სახით მიღებას. დამატებით შესწავლილი და გაანგარიშებულია დღგ-ის 18%-იანი ბრუნვები, რის შედეგადაც დგინდება სხვაობები შემოწმების შედეგად დადგენილ მონაცემებთან, არის შემთხვევაში როდესაც კომპანიას მიღებული აქვს ავანსის თანხა 2019 წელს (არა შესამოწმებელ პერიოდში), რომლის შესაბამისი შესრულებები განხორციელებულია 2020 წელს, შემოწმების შედეგად სრულად დაბეგრილია 2020 წელს განხორციელებული სამუშაოების შესრულებები ავანსის გამოკლებით. მათ შორის:---- ის მუნიციპალიტეტის დაკვეთით სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სარეგისტრაციო ნომრებით №--- ავანსად მიღებული იყო თანხები 2019 წლის აგვისტოში. აღნიშნული ავანსის შესაბამისად სამუშაოები შესრულდა 2020 წლის თებერვალში, აღნიშნული შესრულებები შემოწმების შედეგად დაბეგრილი სრულად 2020 წელს. გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებლის მიერ შესწავლილია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, რომლის ანალიზით დადგინდა, რომ ავანსის თანხა გადახდილი 2019 წელს, შესაბამისად, შემოწმების შედეგად დღგ-ში დარიცხული თანხები 2020 წლის თებერვლის თვეში დაექვემდებარა შემცირებას 4 576 ლარით. ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი წინა საჩივრის ანალოგიური არგუმენტის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 15.02.2024 წლის №21459/2/2024 (რეგ. 3.04.2024წ. №03/26332) გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საბჭოს 15.02.2024 წლის №21459/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ განხორციელებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავლები განსხვავდება მის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისაგან და ასევე, ყველა შესრულებულ სამუშაოზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს 15.02.2024 წლის №21459/2/2024 გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.