გადაწყვეტილება №21649/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.05.2024
№ დოკუმენტი 21649/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21649/2/2023

02 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 19.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21649/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №079-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30919 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 22 823 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 14 894

ჯარიმა - 7 447

საურავი - 482

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 1 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 15 აპრილს. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მოასფალტების მომსახურების გაწევა, ქვიშა-ღორღის ყიდვა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქონლის რეალიზაცია ხდება დოკუმენტურად. 2023 წლის ივნისის თვეში საწარმოს შპს „----- -ზე “ გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა- "--------" ), რომელიც არ არის დაბეგრილი და მისი ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 97 647.12 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით,გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხულ იქნა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 3.10.2023 წლის №24356 ბრძანება და №079-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.12.2023 წლის №30919 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი ნაწილით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი კომპანია ეთანხმება და აღიარებს საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხულ გადასახდელებს და ვინაიდან საწარმოს მიერ 2023 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაციაში დასაბეგრი შემოსავლის შემცირება მოხდა შეცდომით არამიზნობრივად და რაიმე გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით და აღნიშნულის გადასახადის შემცირება ჩვენს მიერ აღმოჩენის შემდეგ მოვახდინეთ დამოუკიდებლად 2023 წლის 16 აგვისტოს ივნისის თვის დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე, და 2023 წლის 15 აგვისტოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოხდა აღნიშნული კორექტირებული დეკლარაციის არაღიარება და შემცირებული გადასახადის გამოვლენით, აღნიშნულზე დამატებით გადასახდელების დარიცხვა სულ დამატებით დაერიცხა დღგ 22341 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 14894 ლარი, ჯარიმა 7447 ლარი.

ვინაიდან კომპანიის მიერ აღნიშნული გადასახადის შემცირება მოხდა არამიზნობრივად, ითხოვს გათავისუფლდეს შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული ჯარიმისაგან 7 447 ლარის ოდენობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის არ ცოდნა ვერ გახდება სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს შემოწმების შედეგად დამატებით დარიცხული ჯარიმისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 1 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 15 აპრილს. კომპანიას 2023 წლის ივნისის თვეში სხვა კომპანიაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,რომელიც არ არის დაბეგრილი.აღნიშნულის გათვალისწინებით,გაიზარდა პირის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დარიცხულ იქნა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია,რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7)