გადაწყვეტილება №24593/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24593/2/2025
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ „---------“ )
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 13.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24593/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2024 წლის №094-53 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27734 ბრძანება.
დარიცხული თანხა: - 1 864 599.58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 430 283
დღგ - 853 688
მოგების გადასახადი - (-490 343)
საშემოსავლო გადასახადი - 11 021
ქონების გადასახადი - 55 917
ჯარიმა - 432 353
საურავი - 1 001 963.58
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2010 წლიდან 1.10.2015 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2016 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ, ჯამში 853,687 ლარის ოდენობით, 2015 წელს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან შეძენილ ხორბალზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების მიხედვით. 2015 წლის 13 ოქტომბრის საგამოძიებო სამსახურის წერილის საფუძველზე სისხლის სამართლის N092121015001 საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების მიერ გადასახადებისაგან განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და კამერალური საგადასახადო შემოწმებებით გაირკვა, რომ მომჩივანის მიერ შპს „----- -სგან “, შპს „------ სგან “, შპს „------ სგან“ და შპს „------ -სგან “ შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად განთავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღსანიშნავია რომ მომჩივანის მომწოდებლები ადეკლარირებდნენ ზემოთაღნიშნულ თანხებს, ხოლო შემდგომ არ ხდებოდა თანხის ბიუჯეტში გადახდა. შედეგად, შემოწმებისას შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე, 173-ე მუხლის შესაბამისად მომჩივანის მომწოდებელი პირების საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოების მიერ დეკლარირებული ჩათვლები შემცირდა 853,688 ლარის ოდენობით, გადასახადის გადამხდელი ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2016 წლის №17193 ბრძანება და №094-168 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2016 წლის №19479 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 7.11.2016 წლის №13055/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 17 ივნისის №094-168 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის №19479 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი შეეხება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას. ანუ იმისთვის, რომ გაირკვეს აღნიშნული ნორმის გამოყენების მართლზომიერება, უნდა დადგინდეს კონკრეტული პროდუქცია იყო თუ არა საქართველოში წარმოებული. საგადასახადო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე აპელირებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-723-708 (კ-12)), სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, რომელიც მოწმეთა ჩვენებაში ასახული ქმედების მართლწინააღმდეგობას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დაადასტურებდა. ამდენად, მაკონტროლებელი ორგანო არ არის უფლებამოსილი სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენებას მიანიჭოს უდავო მტკიცებითი ხასიათი, იგი უნდა შეფასდეს საგადასახადო კონტროლის მიზნებისთვის საბუღალტრო-ეკონომიკური, საფინანსო და სხვა მასალებში მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის ფაქტი. ასევე დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმწოდებლებმა განმარტეს, რომ მიწოდებული ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტს. ამრიგად, საქმეში განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულებების არსებობისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მიერ შეძენილი საქონლის წარმოშობა, რამდენად წარმოადგენდა იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელს, რომლის შეძენის შემთხვევაშიც მოსარჩელე დღგ-ის ჩათვლას ვერ მიიღებდა. ამდენად, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას, რაზეც არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხის მართლზომიერად მიჩნევა. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პირდაპირ არის დაკავშირებული გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის მართლზომიერების დადგენასთან“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 8 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №094-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.12.2024 წლის №25238 ბრძანება და №094-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
2023 წლის 8 მაისის №10030 ბრძანებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ გადაანგარიშების 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნაში არ იყო მითითებული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი სადავო საკითხის დამატებით შესწავლისას, რომელთა საფუძველზეც მიჩნეულ იქნა, რომ შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციას, არ იყო დასაბუთებული შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების უცვლელად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, აღნიშნული ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევა/დადგენა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის შედეგადაც შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. კერძოდ, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია მომწოდებელი კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის დაკითხვის ოქმზე, ასევე, მომწოდებელ კომპანიებთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალებსა და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებებზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ შეძენილი ხორბალი არის ქართული წარმოშობის და შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩათვლების გაუქმება განხორციელებულია მართლზომიერად.
ამასთან, რაც შეეხება სანქციისაგან გათავისუფლების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო საკითხი 2023 წლის 8 მაისის №10030 ბრძანებით არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ წისქვილკომბინატს საქართველოში, აუდიტის დეპარტამენტის (შემდეგში - საგადასახადო ორგანო) საგადასახადო შემოწმების აქტით გაუუქმდა ხორბლის შეძენისას რამდენიმე მომწოდებლის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლები.
ჩათვლების გაუქმების ერთადერთ საფუძველს, საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად, წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც საგადასახადო ორგანო ამტკიცებს, რომ საწარმოს მიერ ზემოხსენებული კომპანიებისაგან შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა ქართული წარმოშობის ხორბალს, რომლის მიწოდებაც გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან ჩათვლის უფლებით (საგ. კოდ.§168.4.ფ.). შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ხორბლის მიწოდებისას არ უნდა მომხდარიყო დღგის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, ხოლო საწარმოს არ უნდა განეხორციელებია დღგ-ის ჩათვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის 26.12.2017 N3/8717-16 გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 6.12.2018 წლის N3ბ/2619-18 და უზენაესი სასამართლოს 7.04.2021 წლის Nბ1- 355(2კ-19) განჩინებებით დარჩა ძალაში, მიიჩნევს (გვ.9 აბზ.1), რომ იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, აღნიშნულ ჩვენებებს არ შეიძლება მიენიჭოს უდავო მტკიცებითი ხასიათი (საქმე Nბს-723-708 (კ-12)) და საგადასახადო ორგანოს აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეეფასებინა საგადასახადო კონტროლის (საგ. კოდ.§§255-268) ღონისძიების ფარგლებში მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია მიჩნეული იქნა უდაო მტკიცებულებად და მას, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები არ განუხორციელებია, კერძოდ.:საგადასახადო ორგანოს შეეძლო მოეხდინა მომწოდებელი პირების (საგადასახადო შემოწმება (საგ.კოდ.§§262-268), რომლის საფუძველზეც ის მოიპოვებდა მომწოდებლების მიერ საწარმოზე მიწოდებული ხორბლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებს და საგამოძიებო ორგანოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას შეაფასებდა მის მიერ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად. საგადასახადო ორგანოს, მომწოდებლებთან (გასვლითი, კამერალური ან გადაუდებელი) საგადასახადო შემოწმების დანიშვნის გარეშეც, შეეძლო საწარმოსათვის მოწოდებული ხორბლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვა მომწოდებლებისაგან საგ.კოდ. §70-ის საფუძველზე. თუ მომწოდებლების მიერ ხორბლის შეძენის დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემები დაემთხვეოდა საგამოძიებოს ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას, აღნიშნული იქნებოდა უტყუარი დასტური იმისა, რომ მომწოდებლების მიერ საწარმოსათვის მიწოდებული ხორბალი წარმოადგენდა ქართულ (ქართული წარმოშობის) ხორბალს და საგადასახადო ორგანო მხოლოდ ამის შემდეგ იყო უფლებამოსილი მოეხდინა გარემოების საგადასახადოაუდიტორული შეფასება (გაეუქმებინა თუ არა დღგ-ს ჩათვლა).
სასამართლო მიიჩნევს (გვ.9 ბოლო აბზ.), რომ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოს უნდა შეეფასებინა ორი განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულება, კერძოდ, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, ხორბლის ქართულ წარმოშობასთან და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არ არსებობასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ, მიწოდების ხელშეკრულებებში, მომწოდებლების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებში, ასევე საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტებში დაფიქსირებული ინფორმაცია, ხორბლის არაქართული წარმოშობისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის არსებობასთან დაკავშირებით, და ასევე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში უნდა მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიეღო მოპოვებული ინფორმაციის დეტალური შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მისი 26.12.2017 N3/8717-16 გადაწყვეტილებით დაავალა საგადასახადო ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულისამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში საგადასახადო ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე არცერთი სახის გარემოება არ შეუსწავლია. მომწოდებელი კომპანიების დირექტორების დაკითხვის ოქმები, ისევე როგორც მათთან ჩატარებული თემატური/კამერალური შემოწმების შედეგები ისედაც ცნობილი იყო სასამართლოსთვის საქმის განხილვის პროცესში და ზუსტად ეს მტკიცებულებები არ იქნა სასამართლოს მიერ მიჩნეული.
მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
საკმარისად, რათა საგადასახადო ორგანოს განეხორციელებია გადამხდელისთვის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეესწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დამატებითი გარემოებები: მაგალითად, რამდენად გააჩნდა მომწოდებელს ფიზიკური პირებისგან ხორბლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები (მ/ჩ აქტი), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მომწოდებლის მიერ ადგილობრივი ფერმერებისგან ქართული ხორბლის შეძენის ფაქტს.
საგადასახადო ორგანო სადაო დასკვნაში ფორმალურად უთითებს ზემოხსენებულ გარემოებებს და აღნიშნული საფუძვლით არ ახდენს სადაო საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას) ე.ი. საგადასახადო ორგანო სადაო საგადასახადო შემოწმების აქტით განხორციელებული გამოკვლევებისა და შეფასებების საფუძველზე აქტით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებების თანხას ტოვებს უცვლელს.
საგადასახადო დავა, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება ეხებოდა იმ საკითხს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული გამოკვლევები, მსჯელობები და შეფასებები, არ წარმოადგენენ საკმარის საფუძველს, რომ საგადასახადო ორგანოს საწარმოსთვის განეხორციელებია დღგს ჩათვლების გაუქმება. სწორედ ამიტომ, საგადასახადო ორგანოს უნდა მოეპოვებინა დამატებითი მტკიცებულებები (მ.შ. საგამოძიებო ორგანოებიდან ინფორმაციის გამო) და გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალი გარემოებები. თუ საგადასახადო ორგანომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ვერ მოიპოვა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის დამატებითი მტკიცებულებები და შესაბამისად, თუ საგადასახადო ორგანო გადაანგარიშების პროცესში ვერ უთითებს ისეთ ახალ გარემოებაზე, რაც დასაბუთებულს გახდიდა საგადასახადო ორგანოს მიერ საწარმოსათვის დღგ-ს ჩათვლების გაუქმებას, ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უნდა მოეხდინა აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (გაუქმება).
საწარმო დამოუკიდებელ მოთხოვნად აყენებდა აქტით დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების გაუქმებას, რადგან ის წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს და სადაო დღგ-ს თანხების ჩათვლის მომენტში ის მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი. საგადასახადო სანქციის თანხები დავების განმხილველი ორგანოების მიერ (თავის დროზე) შემცირებას არ დაექვემდებარა იმ გარემოების გამო, რომ სისხლის სამართლის ფარგლებში ერთ-ერთი პირის მიცემული ჩვენების მიხედვით,მომჩივანის ხელმძღვანელობამ სადაო ხორბლის „ქართული“ წარმოშობის შესახებ იცოდა. შესაბამისად, დღგ-ს ჩათვლის მიღების მომენტში საწარმო ვერ იმოქმედებდა კეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსის ფარგლებში. თუმცა ამ კუთხითაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გააკეთა მითითება, რომ როცა სისხლის სამართლის საქმის (N092121015001) ფარგლებში საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით, აღნიშნულ ჩვენებებს არ შეიძლება მიენიჭოს უდავო მტკიცებითი ხასიათი (საქმე Nბს-723-708 (კ-12)). მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადგენა, რომ ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული იქნა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნული განაჩენით დადგინდა თუ არა მომჩივანის (ან მისი ხელმძღვანელობის) მიერ ხორბლის „ქართული“ წარმოშობის ცოდნის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფაქტი დადგენილი არ იქნებოდა საქმეზე საბოლოო განაჩენით, საგადასახადო ორგანოს უნდა მოეხდინა საწარმოსათვის (როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის) დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხების შემცირება. აღნიშნული საკითხის შესწავლა/გამოკვლევაც არ მომხდარა საგადასახადო ორგანოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებით ხაზგასასმელია იდენტურ საქმეზე (სხვა საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებაში), თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.03.2024 №3/7150-21 გადაწყვეტილება (დანართი №5).
რომელიც განმარტავს, რომ „იმ პირობებში, როდესაც ოპერაციის განხორციელებისას შემძენ პირს არ აქვს შესაძლებლობა ივარაუდოს, რომ კონტრაჰენტის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შესაძლოა უზუსტოა ან სხვაგვარი წესის დარღვევით არის გამოწერილი, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიერ ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული ოპერაციისთვის ჩათვლის მიღებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების დადგენა შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ სადავო ოპერაციებით განხორციელებული ჩათვლების მიღებისას, მომჩივანი მოქმედებდა საგადასახადო ვალდებულებისადმი კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელის დამოკიდებულებით. აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი გარემოება, ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე მტკიცებულებით დადასტურებული არ აქვს.“ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მომწოდებლის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბესთან დაკავშირებით) არ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ ივარაუდებოდეს ოპერაციის განხორციელების მომენტში გადამხდელის არაკეთილსინდისიერი მოქმედება. სწორედ ამიტომ, სასამართლომ კორექტირებას (შემცირებას) დაუქვემდებარა საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელისთვის დარიცხული სანქციის (ჯარიმა/საურავის) თანხები სრულად.
დამატებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად შეადგენს - 1 თვეს. სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 7 აპრილს. შესაბამისად, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის ბოლო ვადა შეადგენდა 2021 წლის 7 მაისს. ამ ვადის გასვლის შემდგომ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო მოთხოვნის ხანდაზმულობის ზოგადი წესი. საგადასახადო ორგანომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა 2023 წლის 20 თებერვალს, რომელშიც მოცემული საგადასახადო ვალდებულებები წარმოადგენენ 2014 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის დარღვევი.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 10030 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული კომპანიის საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლების საკითხის შესწავლა.
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სარეზოლუციო ნაწილი ნათლად მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს სადაო საკითხის შესწავლა და ყოველმხრივ გამოკვლევა. სასამართლო გადაწყვეტილება და შესაბამისად სადაო საკითხი ეხება არამარტო გადასახადების თანხებს, არამედ კომპანიისთვის დარიცხულ საგადასახადო სანქციის თანხებს. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ნათლად მიუთითა იმ გარემოებას, რომ კომპანიის, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის, საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლების საკითხის განხილვა საგადასახადო ორგანოებმა უნდა მოახდინონ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის დავალება, აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა და ყოველმხრივ გამოეკვლია სადაო საკითხი (სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა) მოიცავდა მ.შ. კომპანიის საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლების საკითხის შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დავების განხილვის ორგანოს უნდა მოეხდინა საკითხის განხილვა და საკითხის განხილვაზე უარი არამართლზომიერია.
სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები უნდა გაუქმდეს, რადგან მათი გამოცემისას სათანადოდ არ მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
საწარმოს უნდა შეუმცირდეს სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დარიცხული საგადასახადო სანქციის თანხები, რადგან საწარმო დღგ-ის ჩათვლის მიღებისას მოქმედებდა როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი და მან არც იცო და არც შეიძლება ცოდნოდა ხორბლის „ქართული“ წარმოშობა.
სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები უნდა გაუქმდეს, რადგან კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, არამედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ და შესაბამისად, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, კორექტირებული მოთხოვნის წარდგენა მოხდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ 26.11.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტი დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
1) დაკითხვის ოქმს, სადაც ერთ-ერთი მომწოდებელი კომპანიის დამფუძნებელი/დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიისთვის ცნობილი იყო ხორბლის ქართული წარმომავლობის შესახებ;
2) მომწოდებელ კომპანიებთან ჩატარებული თემატური საგადასახადო შემოწმებების (ხორბლის რეალიზაციის მიზნებისთვის) მასალებს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხორბალი იყო ადგილობრივი წარმოების, რადგან არ ფიქსირდებოდა არც ხორბლის იმპორტი და არც იმპორტირებული ხორბლის შეძენა;
3) ამასთან, აქტში ასევე მოხსენიებულია კიდევ ერთი მომწოდებელი კომპანიის დირექტორის ახსნაგანმარტება, სადაც იგი ადასტურებს, რომ ხორბალი იყო ადგილობრივი წარმოების.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ შეძენილი ხორბალი იყო ქართული წარმოების, რის შედეგადაც შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომელიც მისი მხრიდან იმპორტირებული ხორბლის შეძენას დაადასტურებდა, რაც შესაძლოა საბჭოს მხრიდან გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულის ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტები უნდა გაუქმდეს, რადგან კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა მოხდა არა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში, არამედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ და შესაბამისად, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაზე გავრცელდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, კორექტირებული მოთხოვნის წარდგენა მოხდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს ჩათვლილი აქვს დღგ, ჯამში 853,687 ლარის ოდენობით, 2015 წელს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან შეძენილ ხორბალზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურების მიხედვით. 2015 წლის 13 ოქტომბრის საგამოძიებო სამსახურის წერილის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების მიერ გადასახადებისაგან განზრახ თავის არიდებისა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და კამერალური საგადასახადო შემოწმებებით გაირკვა, რომ მომჩივნის მიერ სხვადასხვა საწარმოსგან შეძენილი ხორბალი წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც შესაბამის პერიოდში მოქმედისსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად განთავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით. აღსანიშნავია რომ მომჩივანის მომწოდებლები ადეკლარირებდნენ ზემოთაღნიშნულ თანხებს, ხოლო შემდგომ არ ხდებოდა თანხის ბიუჯეტში გადახდა. შედეგად, შემოწმებისას შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე, 173-ე მუხლის შესაბამისად მომჩივანის მომწოდებელი პირების საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, საზოგადოების მიერ დეკლარირებული ჩათვლები შემცირდა 853,688 ლარის ოდენობით, გადამხდელი ასევე, დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
მომჩივანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას, რაზეც არის დამოკიდებული დაბეგვრის საკითხის მართლზომიერად მიჩნევა. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პირდაპირ არის დაკავშირებული გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და დარიცხვის მართლზომიერების დადგენასთან“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 8 თებერვალს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №094-13 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.12.2024 წლის №25238 ბრძანება და №094-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.12.2024 წლის №27734 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს, რომელიც მისი მხრიდან იმპორტირებული ხორბლის შეძენას დაადასტურებდა, რაც შესაძლოა საბჭოს მხრიდან გათვალისწინების და შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულის ფარგლებს.
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.05.2023 წლის №10030 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21)