ბრძანება N 1929

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2024
№ დოკუმენტი 1929
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1929

05 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -----)

(მის.: --------)

2024 წლის 14 და 18 იანვრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „------ს“ (ს/ნ -----) №86739/1/2024, 86737/1/2024 და 86872/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 დეკემბრის №081-316 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №12061, 20 ივლისის №17678, 28 ივლისის №18506 და 12 სექტემბრის №22175 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 1 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 14 დეკემბრის №31570 ბრძანება და ამავე თარიღის №081-316 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 125 503 ლარი, მათ შორის, გადასახადი 75 945 ლარი, ჯარიმა 38 896 ლარი, საურავი 10 662 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

 გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარწყავი სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, წყლის ავზების მოწყობა. საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. პირს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო მასალები, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმების შედეგები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საწარმოს საბანკო ამონაწერების მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის სახით გასცემს თანხებს, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შესამოწმებელ პერიოდში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ირკვევა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევაში მიღებული (ჩარიცხული) აქვს ავანსები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. მიღებული თანხების და მიღება-ჩაბარებების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით პირს დაერიცხა საგადასახადო ვალდებულებები და შეეფარდა შესაბამისი ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარწყავი სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, წყლის ავზების მოწყობა. საწარმო საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. პირს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოდგენილი შემოწმებისთვის საჭირო მასალები, წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები. შემოწმების შედეგები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე. საწარმოს საბანკო ამონაწერების მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის სახით გასცემს თანხებს, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, გამოვლენილ სხვაობაზე პირს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ირკვევა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს რიგ შემთხვევაში მიღებული (ჩარიცხული) აქვს ავანსები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. მიღებული თანხების და მიღება-ჩაბარებების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლინდა სხვაობა, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275, 269(7).