ბრძანება N 4660

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.03.2023
№ დოკუმენტი 4660
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებისაგადასახადო ორგანოთა უფლებებიგადასახადის დარიცხვაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადაბეგვრის ობიექტიგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისაქონლის მიწოდებადაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასსაჩივრის განხილვა

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4660

13.03.2023

შპს „--------------ს“ (ს/ნ ---------------)

(ფაქ. მის.: -----------------------------

იურ. მის.: -----------------------------)

2022 წლის 23 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „--------------ს“ (ს/ნ ---------------) 2022 წლის 23 სექტემბრის №17821/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აგვისტოს №007-230 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2022 წლის ივნისის თვეში კომპანიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს არ არის გათვალისწინებული სმფ-ების ნაშთები დასახელების მიხედვით. ასევე, გაუგებარია რის საფუძველზე გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გარდა ამისა, არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ოდენობას. მიუთითებს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული სალაროში არსებული ფულის ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმა/საურავის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 26 ივლისის №24486 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------------ს“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 10 იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 აგვისტოს №22369 ბრძანება და ამავე თარიღის №007-230 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 103 757 ლარი, მათ შორის, გადასახადი 57 712 ლარი, ჯარიმა 34 817 ლარი, საურავი 11 228 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-------ას“ საქმიანობის სახეა ტანსაცმლის აქსესუარებით ვაჭრობა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. საწარმოს მიერ პროდუქცია იმპორტირებულია ჩინეთიდან და თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელთან ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი 68 124.5 ლარის ოდენობით (საბაზრო ღირებულებით). საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა და არ აწარმოებს კონტროლს სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებისა და ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. მიღებული შედეგების გათვალისწინებით გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გამოვლინდა ნაშთი 244 179 ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც არ დგინდება. გადასახადის გადახმდელის მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორის მიერ გატანილი სესხი, რაზეც საწარმოს წარმოეშვა მოგების გადასახადით დაბეგვრის, ხოლო ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებელზე (წლიური 20%) წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება. რომლებზეც დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2022 წლის იანვრის თვის რეგისტრაციის თარიღიდან. სხვაობაზე დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ პროდუქცია იმპორტირებულია ჩინეთიდან და თურქეთიდან. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგადაც გამოვლინდა საქონლის ნაშთი. გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა და არ აწარმოებდა კონტროლს სასაქონლო მარაგების მოძრაობაზე. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმების პროცესში ფულადი ნაშთის რაოდენობაზე მოხდა სიტყვიერი დასტური და განმარტება, რომ მითითებული თანხა საწარმოდან გატანილი იყო დირექტორის მიერ სესხის სახით. ხოლო, ელექტრონული ფოსტის საშუალებით განიმარტა, რომ მიზნობრიობა არის ბიზნეს სესხი. საჩივრის არგუმენტირებისას ფულის მოძრაობის შესახებ წარმოდგენილი გაანგარიშებით გადამხდელი უარყოფს ინვენტარიზაციის შედეგებს და არ ითვალისწინებს არაპირდაპირი მეთოდის შედეგად მიღებულ შემოსავლებს. ასევე, გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილი იქნა დამფუძნებლის ბარათი, რომელში ასახული დამფუძნებლის შენატანიც არ ემთხვევა ბანკში რეალურად შეტანილი თანხების რაოდენობას. შედეგად მიღებული თანხა არსებითად განსხვავდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, გამოვლენილი საქონლის ნაშთის რეალიზებულად განხილვა და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართლზომიერია. ასევე, სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხის ხელფასის სახით განაცემად განხილვა და გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციების, საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებისა და ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

კერძოდ, რეალიზებული საქონლის თვითღირებულებიდან დაანგარიშდა დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება და სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. მიღებული შედეგების გათვალისწინებით გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი და გამოვლინდა ნაშთი,რომლის მიზნობრიობაც არ დგინდება.

გადასახადის გადახმდელის მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა როგორც დირექტორის მიერ გატანილი სესხი, რაზეც საწარმოს წარმოეშვა მოგების გადასახადით დაბეგვრის, ხოლო ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებელზე წყაროსთან დაბეგვრის ვალდებულება. რომლებზეც დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა რეგისტრაციის თარიღიდან. სხვაობაზე დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:43(4); 49(1 „ე“); 61(3);73(4 ,5 „ა“,9 „ბ“ );97(1 „ბ“ );982(3 „ზ“ ,8 );101(1,2 „ბ“ );136(3);154( 1 „ა“ ); 158(1); 159(1 „ა“,„ბ“ ); 163(1,2); 164(1); 174(1) 275; 302(6 );

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტი;