ბრძანება N 2257

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2024
№ დოკუმენტი 2257
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2257

07 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---”-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 18 იანვრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „---”-ის (ს/ნ ---) №86881/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №081-328 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და მიიჩნევს, რომ აუდიტორის მიერ არ იქნა სრულად გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება. კერძოდ, კატეგორია „დაუბეგრავი რძის პროდუქტები“-ში აუდიტორმა არ გაითვალისწინა პროდუქტის შრობა (დანაკარგი). ხოლო კატეგორია „სხვადასხვა“-დან არ იქნა ამოღებული არარეალური ფასნამატები. ასევე, მიუთითებს, რომ კატეგორია „საკვები პროდუქტი“ საერთოდ გაურკვეველი ჯგუფია. აღნიშნავს, რომ აუდიტორის მიერ არ იქნა გათვალისწინებული არალოგიკური ფასნამატები, რაც გავლენას ახდენს ფასნამატის გაანგარიშების მთლიან სურათზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7520 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №081-173 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 3 ნოემბრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---’’-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7520 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 33 663 ლარით, მათ შორის გადასახადი 22 614 ლარით, ხოლო ჯარიმა 11 049 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 დეკემბრის №081-328 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შესწავლის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა კორექტირებული ფასნამატის ცხრილი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული 35 კატეგორიის ფასნამატიდან შპს ---ის წარმომადგენელმა დააკორექტირა 12 კატეგორია (ყავა, სიგარეტი, კვერცხი, ტკბილეული, რძის პროდუქტები, ხილბოსტნეული, ზეთი, სხვადასხვა, დაუბეგრავი რძის პროდუქტები, დაუბეგრავი ხილბოსტნეული და დაუბეგრავი ხორცი).

შესწავლის პროცესში გადამოწმდა წარმოდგენილ დაკორექტირებულ ფასნამატის ცხრილში, კორექტირებას დაქვემდებარებული კატეგორიების დოკუმენტური მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ დაკორექტირდა მხოლოდ „სიგარეტის“ და „დაუბეგრავი რძის პროდუქტების“ ფასნამატები.

დაკორექტირებული ფასნამატის გათვალისწინებით გადაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.  შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე გადაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ სადავო საკითხები აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით.

შესწავლის პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა კორექტირებული ფასნამატის ცხრილი კატეგორიების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით განსაზღვრული 35 კატეგორიის ფასნამატიდან, შპს „---“-ის მიერ დაკორექტირდა 12 კატეგორია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის პროცესში გადამოწმდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილ (დაკორექტირებულ) ფასნამატის ცხრილში, კორექტირებას დაქვემდებარებული კატეგორიების დოკუმენტური მტკიცებულებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ დაკორექტირდა მხოლოდ „სიგარეტის“ და „დაუბეგრავი რძის პროდუქტების“ ფასნამატები. დაკორექტირებული ფასნამატის გათვალისწინებით გადაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და დამატებული ღირებულების გადასახადში დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. ამასთან, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე გადაანგარიშებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემი და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით და გადაანგარიშების ეტაპზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---”-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს .

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 აპრილის №7520 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 30 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა 33 663 ლარით, მათ შორის გადასახადი 22 614 ლარით, ხოლო ჯარიმა 11 049 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 დეკემბრის №081-328 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.