გადაწყვეტილება №20500/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20500/2/2023
14 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 7.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20500/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №CB1468456 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16601 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 14 114,12 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №CB1468456 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3268 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 141 141,2 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №CB1468456 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წელს №3268 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ინვენტარიზაცია, გამოვლინდა 141 141,2 ლარის საბაზრო ღირებულებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის დანაკლისი და დაერიცხა ჯარიმა 14 114,12 ლარი, რასაც არ ეთანხმება.
16.03.2021 წელს ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის შემდეგადაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი იყო 18 354 ლარი და აღურიცხავი საქონელი 7 776,4 სულ 26 130,40 ლარი. მას შემდეგ 22.02.2023 წლამდე შეძენილია 63 822,2 ლარის საქონელი. სულ ინვენტარიზაციის მომენტისათვის საქონლის ნაშთი შეადგენდა 89 952,26 ლარის საქონელს. რადგან რეალიზაციად უნდა აღიაროს 119 611,19 ლარი, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს 76 230,7 ლარს. ფასნამატმა შეადგინა 43 380,46 ლარი - 57%, რაც არარეალურია კონკურენციის პირობებში.
არ ეთანხმება დარიცხულ პროცენტს. ითხოვს, დანაკლისად აღიარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ფასნამატის გადაანგარიშებას რეალური პროცენტით, რის შემდეგადაც აღიარებს მატერიალური ფასეულობების დანაკლისს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.08.2023 წლის №87042-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №3268 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა მომჩივნის საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის მისამართზე - -------, -------, რითაც დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე საქმიანობას ახორციელებს ი/მ ------- (ს/ნ -------), ხოლო მომჩივანთან საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა ვერ განხორციელდა.
იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელს 22.02.2023 წლის მდგომარეობით (როგორც მასთან გასაუბრებით დადგინდა) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი არ გააჩნდა და შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №3268 ბრძანებით განსაზღვრულმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირებმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება გააცნეს მომჩივანს, თუმცა გადასახადის გადამხდელმა ბრძანების ჩაბარებაზე და შემდგომ პროცედურებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მომჩივანმა სიტყვიერად განაცხადა, რომ საქმიანობას არ ახორციელებდა და სმფ-ების ნაშთი არ გააჩნდა. შესაბამისად, ბრძანებით შექმნილ საინვენტარიზაციო კომისიის შემადგენლობაში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი არ იქნა შეყვანილი.
მომჩივნის სმფ-ების ინვენტარიზაციის დასრულებასთან დაკავშირებით 19.04.2023 წლის წერილით, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, განმარტება ეთხოვა საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტს. საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის №43-21-15 წერილის საფუძველზე, მომჩივანთან 22.02.2023 წლის №3268 ბრძანებით დანიშნული ინვენტარიზაციის შემდგომი პროცედურები განახორციელა ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილმა საინვენტარიზაციო კომისიამ. ინვენტარიზაცია დაიწყო 22.02.2023 წელს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დასრულდა 15.05.2023 წელს. საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 8.05.2023 წლის №43607-21-15 წერილის საფუძველზე სასაქონლომატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ჩათვლილი იქნა ნულად. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი №19–ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილ იქნა ასევე ოქმი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო– მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ (დანართი №21).
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის I და II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:
- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა 16.03.2021 წლიდან (16.03.2021 წლის №7345 ბრძანებით სმფების ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღი) 22.02.2023 წლამდე (სმფ-ების ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე) პერიოდი.
- საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 26 130,4 ლარი (16.03.2021 წლის №7345 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმის (დანართი №21) მიხედვით).
- გადასახადის გადამხდელის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში (16.03.2021 წლიდან22.02.2023 წლამდე) სასაქონლო ზედნადებით შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება - 53 908,86 ლარი.
- 16.03.2021 წლიდან 22.02.2023 წლის ჩათვლით პერიოდში რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების დადგენისას გათვალისწინებული იქნა: გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განცხადებაში (განცხ. თარიღი 30.08.2021 წ) მითითებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა - 3 016,95 ლარი.
- ფასნამატად აღებულ იქნა 53,21%, რომელიც დადგენილი იქნა 16.03.2021 წლის №7345 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად.
ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2023 წლის 22 თებერვალი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა: 78 070,1 ლარი.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 78 070,1 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (ფასნამატის (53,21 %) და დღგ-ის (18 %) გათვალისწინებით) – 141 141,21 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი, სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე (საბაზრო ფასით 141 141,21 ლარი), საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაჯარიმდა 14 114,12 ლარით.
მომჩივანს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (22.02.2023 წელი), მისივე სიტყვიერი განმარტებით, სმფ-ების ფაქტიური ნაშთი არ გააჩნდა. შესაბამისად, ინვენტარიზაციის მიზნებისათვის, ვერ მოხერხდა ფასნამატის გამოანგარიშება. ამდენად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისის განსაზღვრისა და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით გამოყენებული იქნა მისივე ობიექტში, 16.03.2021 წელს №7345 ბრძანებით, ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53,21%).
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხულ პროცენტს. ითხოვს, დანაკლისად აღიარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ფასნამატის გადაანგარიშებას რეალური პროცენტით, რის შემდეგადაც აღიარებს მატერიალური ფასეულობების დანაკლისს.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა დადგენილ გარემოებებს და გამოიწვევდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის კორექტირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმის კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია, დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.07.2023 წლის №16601 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაკისრებული ჯარიმის კორექტირების და სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)