გადაწყვეტილება №19069/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.05.2023
№ დოკუმენტი 19069/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19069/2/2023

25.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----“-ის 10.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19069/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №007-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 231 103 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 489 612

ჯარიმა - 244 806

საურავი - 496 685

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.01.2016 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით.

გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენს 2015 წლის დეკემბრის თვე, აღნიშნულ თვეში დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრული აქვს 1 667 788 ლარით. შემოწმების პროცესში განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მეშვეობით დადგინდა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი აქვს 2016 წელს, რომლის მიხედვით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 387 857 ლარს. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სს „---“- ისგან (ს/ნ ---) გრძელვადიან კონტრაქტთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც დადებულია 2014 წელს გადასახადის გადამხდელთან. წარდგენილი გრძელვადიანი ხელშეკრულებით ვერ დგინდება როდის და რა ღირებულების მომსახურება იქნა გაწეული, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მასალების ჩამოწერის აქტები ე.წ. ფორმა 2-ები.

შემოწმების შედეგად, 2015 წლის დეკემბერში, ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დადგენილი, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2018 წლის №35978 ბრძანება და 14.12.2018 წლის №007-439 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.04.2019 წლის №11466 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 17.04.2019 წლის №11466 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2020 წლის დასკვნის საფუძველზე, აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2020 წლის 28.02.2020 წლის №007- 58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21181 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ:

- მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №007-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, თურმე დაევალათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. გაიგეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 წლის შემდეგ, 2023 წლის 16 თებერვალს (შესაბამისი გადაწყვეტილება არ მისულა არც rs.ge პორტალზე და არც საფოსტო გზავნილით), მათი ჩართულობის გარეშე განხილვის, უკვე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების აქტის ჩაბარების მომენტში;

2. შემმოწმებელს არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია მათთან, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის თაობაზე;

3. დამატებით იძლევა ახსნა-განმარტებას და დანართების სახით თან ურთავს მოთხოვნილ ინფორმაციას. კერძოდ:

- 2014-2015 წლების დეკემბრის თვეში, გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბეგრილია ჰქონდა 1 667 788 და 2 720 723 ლარი, რასაც თვითონაც ადასტურებს შემმოწმებელი შემოწმების აქტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხანდაზმულობის მოტივით არ გადაამოწმა 2014 წლის დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციის სისწორე და კიდევ ერთხელ, ერთსა და იმავე თანხაზე, 2014-2015 წლებში ხელმეორედ, არამართებულად დაარიცხა დღგ;

- აღნიშნულის შემდგომ, გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონულად (ელ. ფოსტით) წარადგინა (დანართი 4) შესაბამისი პერიოდების (2014-2015-2016 წლების) შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა 2-ები (რასაც თვითონაც ადასტურებს შემმოწმებელი). მთლიანობაში, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და 2014-2015 წლის დეკემბრის თვეში, გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა არის ერთიდაიგივე (დაბალანსებული). ეს უკანასკნელი დასტურდება წარდგენილი 2014 წლის დეკემბრის და 2015 წლის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახული ინფორმაციით.

ამასთან, დამატებით წარმოადგენს 2014 წლის დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში, გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად გაწეული დანახარჯების მოცულობის დადასტურების ცხრილს (დანართი 5), რომელიც 2015-2016 წლებში ჩაიბარა დამკვეთმა ფორმა 2-ის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას და ორჯერ, ერთი და იგივე დასაბეგრ ოპერაციაზე არამართებულად დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირებას (შემცირებას).

კომპანია ყოველთვის ცდილობს სწორად და ოპერატიულად დაადეკლარიროს და გადაიხადოს საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის საავანსო გადასახადები). ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/202 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს წინადადება მიეცა აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

14.08.2020 წელს წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აღნიშნავდა, რომ: „2014-2015 წლების დეკემბრის თვეში გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბეგრილი ჰქონდა 1 667 788 ლარი და 2 720 723 ლარი, რასაც შემმოწმებელიც ადასტურებს შემოწმების აქტში. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულობის მოტივით არ გადაამოწმა 2014 წლის დღგ-ის დეკლარაციის სისწორე და კიდევ ერთხელ, ერთსა და იგივე თანხაზე ხელმეორედ, არამართებულად დაერიცხა დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ელექტრონული ფორმით წარუდგინა შემმოწმებელს შესაბამისი პერიოდების (2014-2015-2016 წლების) შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა 2-ები. მთლიანობაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და 2014-2015 წლის დეკემბრის თვეში, გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა არის დაბალანსებული. ეს უკანასკნელი დასტურდება კომპანიის მიერ წარდგენილი 2014-2015 წლების დეკემბრის დღგ-ის დეკლარაციებში ასახული ინფორმაციით. მიუხედავად ამისა, შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და არ მოახდინა ორჯერ ერთიდაიგივე დასაბეგრ ოპერაციაზე არასწორად დარიცხული დღგ-ის თანხების კორექტირება. კომპანია ყოველთვის ცდილობს სწორად და ოპერატიულად დაადეკლარიროს და გადაიხადოს ყველანაირი საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის საავანსო გადასახადები). ამასთან, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან განთავისუფლებას.“

საბჭომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა შემდეგი: „დადგენილია, რომ კომპანია 2014 წლიდან მომსახურებას უწევდა, გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში, სს „---“-ს. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით, შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრება საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მისი ფაქტიური შესრულების შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს 2015 წლის დეკემბრის თვეს, შესაბამისად, მხოლოდ 2015 წელს გაწეული ხარჯების პროპორციული შემოსავალი ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის დასკვნაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი შემოწმების პროცესში ან/და 2020 წლის 6 თებერვლის დასკვნის ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, აღნიშნავს, რომ მათთვის უცნობი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და რომ აღნიშნულის შესახებ გაიგეს 2023 წლის 16 თებერვალს, შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიუღია არც rs.ge პორტალზე და არც საფოსტო გზავნილით, ამასთან წარმოადგენს იგივე არგუმენტებს და გარემოებებს (ასევე, იგივე დანართებს), რომელიც ცნობილი იყო დავების საბჭოსათვის და რა საფუძველზეც იქნა მიღებული საბჭოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, მისი საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

ამგვარად, მომჩივანი არ წარმოადგენს მანამდე წარმოდგენილი არგუმენტაციისაგან და მტკიცებულებებისაგან განსახვავებულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს, ამასთან, მომჩივნის არგუმენტი, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას არ იცნობდა უსაფუძვლოა, რადგან შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საბჭოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (rs.ge-ზე) გაიგზავნა 28.06.2022 წელს და გაცნობა ფიქსირდება 29.06.2022 წელს.

2023 წლის 19 მაისს, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას 2014-2015 წლების დეკემბრის თვეში, გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბეგრილი ჰქონდა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა, 2014 წელზე მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა, ეს რომ ყოფილიყო მაშინ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც გამოიწერებოდა, გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნების გათვალისწინებით დაარიცხა გადასახადი და თანხა ასევე დეკლარირებულია 2014 წლის დეკემბრის თვეში. ანალოგიურად, 2015 წელსაც, გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნების შესაბამისად დეკემბრის თვეში, დაბეგრილია და დეკლარირებულია გაწეული ხარჯების პროპორციულად, საბოლოოდ ნაწილი 2015 წელს, ნაწილი კი 2016 წელს დაბეგრილია თანხები. 2014 წლის დეკემბრის და 2015 წლის დეკემბრის თანხები არის აბსოლუტურად იდენტური, რაც ასახულია დეკლარაციებში. აუდიტორი თავდაპირველად ითხოვდა მიღება-ჩაბარების აქტებს, რაც ვერ იარსებებდა, რადგან ამ შემთხვევაში, მეორე მხარე მომსახურების მიღებას უნდა ადასტურებდეს, რაც არ ყოფილა გრძელვადიანი კონტრაქტის გამო, შემდგომ მოხდა ხარჯების შემოსავლებთან შეპირისპირების პრინციპით გაანგარიშება და თანხები ემთხვევა 2014-2015 წლების დეკლარაციებში ასახული მონაცემებით. რაც შეეხება ჩამოწერის აქტებს, რისგან შედგებოდა დასაბეგრი ბაზა, რა მასალების ჩამოწერა იქნა განხორციელებული მაშინაც და შემდგომაც გადაგზავნილია ექსელის ფორმატში, რომელიც ატვირთულია და შეუძლია აუდიტორმა ნახოს. ამდენად, გაუგებარია კიდევ რა უნდა მიეტანათ. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ 2014 წელთან დაკავშირებით მიღებაჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა, რადგან მეორე მხარეს არ ჩაბარებია, ამიტომაცაა გრძელვადიანი კონტრაქტი, წარადგინეს ინფორმაცია რისგან შედგებოდა ეს დასაბეგრი თანხა და რომ დაადეკლარირა 2014 წლის დეკემბერში, შემდეგ 2015 წლის დეკემბერში და ნაწილი 2015 წელს და ნაწილი 2016 წელს დაკვეთა შესრულდა. დოკუმენტაცია/ინფორმაცია წარდგენილია და მათთვის გაუგებარია კიდევ რა უნდა წარედგინათ. რაც შეეხება საბჭოს გადაწყვეტილების გაცნობას, დაშვებულია მათი მხრიდან შეცდომა, რადგან არასწორი ინფორმაცია მიეწოდათ, მაგრამ დოკუმენტაცია შემმოწმებელ აუდიტორისათვის წარდგენილია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი ჩაერთო გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით და დავების საბჭოს გადაწყვეტილებითაც მომჩივანს უნდა წარედგინა ფორმა 2-ები 2014 წელთან დაკავშირებით, რაც არ იქნა წარდგენილი, ხოლო გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხდა, ამდენად მომზადდა არ გადაანგარიშების დასკვნა.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ზემოაღნიშნულზე დამატებით განმარტა, რომ შემმოწმებელ აუდიტორს ეკონტაქტებოდნენ, არსებობს გაგზავნილი მეილები, ამჟამინდელი აუდიტორი არ არის საქმის კურსში, ამდენად ითხოვს საჩივრის განხილვის შეჩერებას რათა წარმოადგინოს სრული ინფორმაცია, რა დოკუმენტაცია წარადგინეს, როდის წარადგინეს და ვის წარედგინა.

ამდენად, 2023 წლის 19 მაისის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია განხილვის შეჩერება მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით.

2023 წლის 25 მაისს, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 6 მაისს, შემმოწმებელი აუდიტორისთვის გადაგზავნილი აქვს მეილით მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, გაწეული ხარჯების დამადასტურებელი ბუღალტრული ამონაწერი, ახსნა-განმარტება 2014-2015 და 2016 წლებთან დაკავშირებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრის გაშიფვრა ექსელის ფაილში, 2014-2015 წლების დეკემბრის თვის დეკლარაციები. აღნიშნული მტკიცებულებები და ასევე, გაგზავნილი მეილის ასლი წარმოადგინა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსათვის 2023 წლის 23 მაისს. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ როგორც ირკვევა, ხსენებული დოკუმენტაცია წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურის 17.04.2019 წლის №11466 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტისათვის, მაგრამ დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. ამჟამად მომჩივნის მიერ წარმოდგენილია იგივე დოკუმენტაცია, რომელიც გადაეგზავნა საჩივარზე დამატებით 24.05.2023 წელს სამსახურებრივი ბარათით, გადაანგარიშების ეტაპზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ არის შესწავლილი მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისად, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტი დეპარტამენტს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისად, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №007-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ არის შესწავლილი მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისად, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).