გადაწყვეტილება №20385/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.09.2023
№ დოკუმენტი 20385/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20385/2/2023

27 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 27.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20385/2/2023).

 

დავის საგანი:

სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №005-67 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16717 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 323 160 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 178 369

დღგ - (-7 052)

საშემოსავლო გადასახადი - 184 967

ქონების გადასახადი - 454

ჯარიმა - 92 711

საურავი - 52 080

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2021 წლიდან 19.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელთან, 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდებზე აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივნისის №20371 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნული საგადასახადო შემოწმებით არაგონივრული ნაშთი (სესხად განხილული თანხის ნაშთი) წინა საგადასახადო პერიოდის ბოლოს შეადგენდა 39 961 ლარს. მიმდინარე შემოწმების ფარგლებში საწარმოს უფიქსირდება სალაროს სასტარტო ნაშთი 43 960 ლარის ოდენობით. აღნიშნული ნაშთი მთელი შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე არის უძრავი. გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ახსნაგანმარტების საფუძველზე, მიმდინარე შემოწმების ფარგლებში ითხოვდა წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად განხილული თანხის (39 961 ლარის) დაბრუნებულად ჩათვლას და სალაროს არაგონივრული ნაშთის - 43 960 ლარის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, წინა საგადასახადო შემოწმებით სესხად განხილული თანხა (39 961 ლარი) ჩაითვალა დაბრუნებულად და შემოწმებით განხორციელდა მოგების გადასახადის ჩათვლა (შემცირება). აგრეთვე, მიმდინარე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი არაგონივრული ნაშთის ოდენობა (43 960 ლარი, რომელიც მოიცავს სესხად განხილული თანხის დაბრუნებას - 39 961 ლარს) დაექვემდებარა ხელფასად განხილვას და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო მოგების გადასახადი შემცირდა. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების, საბანკო ამონაწერების და სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ჩატარდა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი. შედეგად, გამოვლინდა 657 500 ლარის ოდენობით ფულის/საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ნაშთი. სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით, თანხები გაცემულია საწარმოს დირექტორზე. გადასახადის გადამხდელი, ახსნაგანმარტების საფუძველზე, ითხოვს აღნიშნული ნაშთის ხელფასად დაკვალიფიცირებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, საგადასახადო 101-ე, 154-ე მუხლების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, ჯამში 657 500 ლარი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. მიმდინარე შემოწმების ფარგლებში, ინფორმაციის შემოწმების მიზნით, შემოწმებამ გამოიყენა წინა შემოწმების (1.01.2018-1.05.2021) პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა/ნაშთები და დადგინდა, რომ მიმდინარე პერიოდში წარდგენილ ბუღალტრულ მონაცემებში კაპიტალის საწყისი ნაშთი არის შემცირებული. წინა საგადასახადო შემოწმებით დაფიქსირებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი შეადგენდა 135 521 ლარს, ხოლო მიმდინარე შემოწმების ფარგლებში წარდგენილი სააღრიცხვო პროგრამით საწესდებო კაპიტალის სასტარტო ნაშთი წარმოდგენილია 173 907 ლარის ოდენობით, რომელიც 2021 წლის 25 ოქტომბერს გატანილია სრულად. სხვაობამ გატანილ თანხასა და წინა შემოწმებით დადგენილ საწყის ნაშთს შორის შეადგინა 38 386 ლარი. გადასახადის გადამხდელი დაეთანხმა შემოწმებას აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით და წარდგენილი ახსნა-განმარტებით ითხოვა კაპიტალში დაფიქსირებული სხვაობის (38 386 ლარის) ხელფასად კვალიფიკაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების, საგადასახადო 101-ე, 154-ე მუხლების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, 38 386 ლარი (სხვაობა 173 907 ლარსა და 135 386 ლარს შორის) თანხის გატანის მომენტში დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების, პირველადი დოკუმენტაციის და სხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად განხორციელდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ანალიზი. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (გაიზარდა) საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2.06.2023 წლის №1284 ბრძანება და №005-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16717 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ იგი გარკვეულ შემთხვევებში თავად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში და უზრუნველყოფს მათ ფარგლებში სამუშაოების შესრულებას, ცალკეულ შემთხვევებში კი თავად წარმოადგენს ქვეკონტრაქტორს იმ კომპანიებისთვის, რომელთანაც მოგებული აქვთ სახელმწიფო ტენდერები. ასევე, საწარმოს არაერთი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი წარმატებით აქვს შესრულებული. კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ემუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. ამ შემთხვევაში ითხოვს, რომ ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და გათავისუფლდეს დამატებით დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.05.2021 წლიდან 19.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2.06.2023 წლის №1284 ბრძანება და №005-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.07.2023 წლის №16717 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7)