ბრძანება N 4781
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4781
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 27 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 27 თებერვლის №94386/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №002-8 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას. აცხადებს, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა გადასახადის დამალვის მცდელობა. განმარტავს, რომ მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, შესაბამისად, ვერ გამოწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ამიტომ წარადგინა ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა კუთვნილი გადასახადი გადაიხადა. ამასთან, შემოწმების დაწყებამდე შენახული ჰქონდა გადასაგზავნად გამზადებული დეკლარაცია. ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილი ჰქონდა დღგ-ის კვალიფიციური სტატუსის მინიჭებისთანავე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 თებერვლის №2141 და 11 თებერვლის №2283 ბრძანებების საფუძველზე ი/მ ----- (ს/ნ -----) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების / სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №2997 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 53 552 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 35 337 ლარი, ჯარიმა 17 669 ლარი და საურავი 546 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქონლის/მომსახურების (მარკეტინგული (მაგ. სტრატეგია, ბიუჯეტირება) მომსახურებები და უძრავი ქონების მიწოდება) რეალიზაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, რომლის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, 2024 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, იურიდიული პირისათვის საქონლის მიწოდების (უძრავი ქონება) შედეგად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა ჯამურად შეადგენს 196 322 ლარს, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ პერიოდზე წარმოდგენილია დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაბეგრილ იქნა 2024 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილ საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი თანხა 196 322 ლარი, რის შედეგადაც გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად დასაბეგრი თანხა სრულად ასახა დეკლარაციაში, თუმცა გადამხდელს აღნიშნული დეკლარაცია არ წარმოუდგენია (სტატუსი აქვს შენახული, რომლის შექმნის თარიღია 2024 წლის 17 დეკემბერი). ამასთან, აღნიშნული დეკლარაციით დასარიცხი გადასახადის თანხა (35 337 ლარი) გადამხდელის მიერ გადახდილია წინასწარ, რომელიც ერიცხება ზედმეტობაში. აგრეთვე, ზემოთ აღნიშნული დეკლარაციის შექმნის თარიღი წინ უსწრებს შემოწმების დანიშვნის ბრძანებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ი/მ -----(ს/ნ ------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №002-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ ------ (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №002-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელი საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქონლის/მომსახურების რეალიზაციას. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, 2024 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, იურიდიული პირისათვის საქონლის მიწოდების (უძრავი ქონება) შედეგად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა ჯამურად შეადგენს 196 322 ლარს, ხოლო გადამხდელის მიერ აღნიშნულ პერიოდზე წარმოდგენილია დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შესაბამისად, გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:270(1);275(2);