გადაწყვეტილება № 27823/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27823/2/2026
30 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 20.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27823/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №006-178 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 ივნისის №14492 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 192 738.09 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 123 077
ჯარიმა - 61 538
საურავი - 8 123.09
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 6 ნოემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2024 წლის 7 მაისს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10086 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 22 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11592 ბრძანება და №----საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა
192 738.09 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 9 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 30 ივნისის №14492 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო ორგანომ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. კერძოდ, მიღებული და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მიღებული სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით არასრულყოფილად ჰქონდა ასახული დღგით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, საწარმოს მიერ გამოიწერა ---- საგადასახადო ანგარიშფაქტურა
1 112 661 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. საგადასახადო ორგანომ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გაქვითვას დაექვემდებარა შესამოწმებელ პერიოდში 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, მოცემული სხვაობა არ იქნა სრულად დეკლარირებული კომპანიის მიერ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ასევე, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 180-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე, 54-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს „-----ის“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოიწერა 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (----), საგადასახადო ორგანომ შეისწავლა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში გაქვითვას დაექვემდებარა 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ----- ანგარიშფაქტურით მიღებული შემოსავალი სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული. შედეგად, გაიზარდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 683 763 ლარით (დღგ-ის გარეშე).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვს ----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე და 54-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია გააუქმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ზემოაღნიშნულ მუხლებში მითითებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია დადასტურებულ სასაქონლო ზედნადებს, რომელიც 2025 წლის დეკემბრის თვეში მიიღო შპს „------“ (ს/ნ ------). აღნიშნულ საქონელზე არ არის გამოწერილი უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება ითვალისწინებდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის შემოწმებას, მოცემული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის დეკემბრის თვეში ტექნიკური ხარვეზის გამო კომპანიის მიერ დეკლარაციაში არ იქნა ასახული ------ის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება. აღნიშნული ფაქტურის მიხედვით მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1 312 940.20 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული თანხიდან 506 100.03 ლარი უკვე დაბეგრილი იყო მიღებული ავანსის სახით. შესაბამისად, სწორი დეკლარირების შემთხვევაში, მოცემული ფაქტურის ფარგლებში დამატებით დასაბეგრი თანხა შეადგენდა 806 840.16 ლარს, ხოლო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დღგ-ის ვალდებულება – 123 077.31 ლარს. ამასთანავე, კომპანიას 2025 წლის დეკემბრის თვეში უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468 345 ლარის ღირებულების რეალიზაცია ------ის საფუძველზე, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 71 442.42 ლარს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, წინდახედულობის პრინციპიდან გამომდინარე, იმ მოლოდინით, რომ შემდგომში მოხდებოდა მიღებაჩაბარების აქტის ხელმოწერა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში დამკვეთ კომპანიაში განხორციელდა დირექტორის ცვლილება და ახალმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა ფაქტურით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. დამკვეთ მხარესთან მოხდა ანგარიშ-ფაქტურის დეკლარაციიდან ჩახსნა და ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება, მომჩივანსაც მოუხდა შესყიდული საქონლის უკან დაბრუნება მომწოდებელთან. აღნიშნული პროცესების პარალელურად გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო უკან დაბრუნების ზედნადების დაწერა, რადგან ფაქტურის ფარგლებში დეკლარირებული იყო დავალიანება და შეზღუდული ქონდა ზედნადების დაწერის ფუნქცია. აქვე აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კომპანიაში შეიცვალა ბუღალტერი, რამაც დამატებით გამოიწვია ინფორმაციის დამუშავების შეფერხება. --- ------თან დაკავშირებული გარემოებები კომპანიამ აუდიტორებს მიაწოდა ახსნა-განმარტების სახით შემოწმების პროცესში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ფაქტურის გაუქმებაზე საწარმომ უარი მიიღო და არც ზედმეტად დეკლარირებული თანხის გათვალისწინება მომხდარა დარიცხვის გაანგარიშების პროცესში. კომპანიის პოზიციით, 2025 წლის დეკემბრის თვის რეალურად დასადეკლარირებელი თანხა (დღგ-ის ჩათვლით) უნდა განისაზღვროს --- ------ის ფარგლებში დასადეკლარირებელი 806 840.16 ლარით. ამასთან, კომპანიას უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468 345 ლარის რეალიზაცია --- ------ის საფუძველზე. შესაბამისად, საწარმოს მიერ დამატებით დასადეკლარირებელი თანხა შეადგენს 338 495.16 ლარს (806 840.16 ლარი – 468 345 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება და შესაბამისი სანქციები უნდა გაანგარიშდეს სწორედ აღნიშნული სხვაობიდან, ვინაიდან ---- №------ის ფარგლებში დასადეკლარირებელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ასახული იყო კომპანიის მიერ დეკლარაციაში. ამასთან, ახლა რომ დარიცხვა განხორციელდეს არასწორად და დეკლარირებული თანხის, რომლის დღგ 71 442,42 ლარია, გასწორება რომ მოახდინოს, საჭიროა 71 442,42 ლარი, უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში შესაბამისი საურავებით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ უკან დაბრუნების ზედნადების დაწერის საშუალება მიეცეს. საბოლოოდ კი გადახდილი თანხა 71 442,42 ლარი ზედმეტობაში აისახება.
კომპანიის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას უნდა იქნეს გათვალისწინებული უკვე დეკლარირებული 468 345 ლარის რეალიზაცია და მისგან გამომდინარე 71 442.42 ლარის დღგ.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №11592 ბრძანება იმ ნაწილში, რომელიც არ ითვალისწინებს კომპანიის მიერ უკვე დეკლარირებული 468 345 ლარის რეალიზაციას და მის შესაბამის დღგ-ს. საწარმოს საგადასახადო ვალდებულება გადაანგარიშდეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ----------ის ფარგლებში დასადეკლარირებელი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დეკლარირებული იყო კომპანიის მიერ --- -----ის საფუძველზე. კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა გააუქმოს შეცდომით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა №---- და საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს აღნიშნული ფაქტურის საფუძველზე უკვე დეკლარირებული 468 345 ლარის რეალიზაცია და 71 442.42 ლარის დღგ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში – საფ), მატერიალურად, მათ შორის, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, გამოიწერება დანართი №---- ფორმით, ხოლო ელექტრონულად, მათ შორის, დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში, დანართი №---- ფორმით.
ამავე ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-3 და 31 პუნქტების თანახმად:
3. დაუშვებელია საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლის მიერ, არასწორად შევსებული (შეცდომით შეტანილი რეკვიზიტებით) საფ-ის მიცემა მყიდველისათვის (მიმღებისათვის). გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორად შევსებული საფ-ების (გარდა ელექტრონული ფორმის საფისა) ყველა ეგზემპლარი წარედგინება საგადასახადო ორგანოს ამ ორგანოდან საფ-ების შემდგომი გატანისას, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 იანვრისა.
31 . გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №----- და დანართი №---- ფორმის საფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №---- და დანართი №---- ფორმის საფ რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ შესაბამისი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, საფ საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. საფ გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2026 წლის №----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი იქნა ორი ანგარიშფაქტურა (---- და -----), შემოწმებით შესწავლილ იქნა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში გაქვითვას დაექვემდებარა 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის გარეშე) 683 763 ლარით. გადასახადის გადამხდელის მიერ ხაზგასმული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------ მიბმულია დადასტურებულ ზედნადებს, რომელიც 2025 წლის დეკემბრის თვეში მიიღო შპს „-----“ (ს/ნ ----). აღნიშნულ საქონელზე არ არის გამოწერილი უკან დაბრუნების ზედნადები. შესაბამისად, ვინაიდან ბრძანება ითვალისწინებს გამოწერილი სასაქონლო ზედნადების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორეს, მოცემული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. კერძოდ, აღნიშნულ ოპერაციაზე დაყრდნობით გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2025 წლის დეკემბრის თვეში ტექნიკური ხარვეზის გამო კომპანიის მიერ დეკლარაციაში არ იქნა ასახული ---- -----ის ფარგლებში განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება. აღნიშნული ფაქტურის მიხედვით მიწოდებული საქონლის/მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1 312 940.20 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული თანხიდან 506 100.03 ლარი უკვე დაბეგრილი იყო მიღებული ავანსის სახით. შესაბამისად, სწორი დეკლარირების შემთხვევაში, მოცემული ფაქტურის ფარგლებში დამატებით დასაბეგრი თანხა შეადგენდა 806 840.16 ლარს, ხოლო ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი დღგ-ის ვალდებულება – 123 077.31 ლარს. ამასთანავე, კომპანიას 2025 წლის დეკემბრის თვეში უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468 345 ლარის ღირებულების რეალიზაცია ------ის საფუძველზე, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 71 442.42 ლარს. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, წინდახედულობის პრინციპიდან გამომდინარე, იმ მოლოდინით, რომ შემდგომში მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში დამკვეთ კომპანიაში განხორციელდა დირექტორის ცვლილება და ახალმა მენეჯმენტმა უარი განაცხადა ფაქტურით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიღებაზე. დამკვეთ მხარესთან მოხდა ანგარიშ-ფაქტურის დეკლარაციიდან ჩახსნა და ჩასათვლელი დღგ-ის გაუქმება, მომჩივანსაც მოუხდა შესყიდული საქონლის უკან დაბრუნება მომწოდებელთან. აღნიშნული პროცესების პარალელურად გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო უკან დაბრუნების ზედნადების დაწერა, რადგან ფაქტურის ფარგლებში დეკლარირებული იყო დავალიანება და შეზღუდული ქონდა ზედნადების დაწერის ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კომპანიაში შეიცვალა ბუღალტერი, რამაც დამატებით გამოიწვია ინფორმაციის დამუშავების შეფერხება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №---- საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა
192 738.09 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 123 077 ლარი, ჯარიმა - 61 538 ლარი და საურავი - 8 123.09 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად და სრულყოფილად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს, რასაც ადასტურებს წინა პერიოდების საგადასახადო შემოწმებების შედეგებიც. მოცემულ შემთხვევაში დეკლარაციაში დაშვებული უზუსტობა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით და არ წარმოადგენდა გადასახადის დამალვის, შემცირების ან ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების განზრახ ქმედებას. ამასთან, კომპანიას უკვე დეკლარირებული ჰქონდა 468 345 ლარის რეალიზაცია, რომლის შესაბამისი დღგ შეადგენს 71 442.42 ლარს. შესაბამისად, ბიუჯეტისთვის რეალურად მიყენებული შესაძლო ზიანი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე შემოწმების შედეგად სრულად დაუდეკლარირებელი ოპერაციის საფუძველზე გაანგარიშებული თანხა. აღსანიშნავია, რომ -----ის გამოწერა და დეკლარირება განხორციელდა რეალური ეკონომიკური ოპერაციის მოლოდინში, თუმცა შემდგომში დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტის ცვლილების გამო ოპერაცია არ განხორციელდა. აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო შემოწმების განმახორციელებელი პირებისთვის და საწარმომ შესაბამისი განმარტებებიც წარადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიას შემოწმების დაწყებამდე არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება ან გაფრთხილება დეკლარირებულ მონაცემებსა და გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს შორის არსებული შეუსაბამობის შესახებ, რაც შესაძლებელს გახდიდა ხარვეზის დროულ გამოსწორებას და ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულების დაზუსტებას. საგადასახადო კანონმდებლობის სამართლიანობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სანქციის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის ხასიათი, გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება, დარღვევის გამომწვევი მიზეზები და ის გარემოება, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საგადასახადო ვალდებულების განზრახ დამალვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ არსებობს შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის სრულად გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, ითხოვს სრულად გაუქმდეს №11592 ბრძანებით დაკისრებული 61 538 ლარის ოდენობის ჯარიმა, ვინაიდან დარღვევა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, კომპანიას არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდების განზრახვა და იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 30 ივნისის №14492 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, არასრულყოფილად ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, შესწავლილ იქნა წინა პერიოდში ავანსის სახით მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც შესამოწმებელ პერიოდში გაქვითვას დაექვემდებარა 428 898 ლარის ოდენობით, დღგ-ის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ წარმოქმნილი სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ ყოფილა დეკლარირებული.გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. ამასთან, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;269(7);