გადაწყვეტილება №28172/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.11.2026
№ დოკუმენტი 28172/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28172/2/2026

02 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „--------“-ის 25.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28172/2/2026).

 

დავის საგანი:

საბჭოს 2026 წლის 6 მარტის №26733/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 26.08.2026 წლის №007-240 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 537 332,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 332 607,95

დღგ - 228 773,76

საშემოსავლო გადასახადი - 103 834,19

ჯარიმა - 133 386,51

საურავი - 71 337,61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა სპორტული საქონლით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2010 წლის 2 აგვისტოდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2013 წლის 4 აპრილიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 18.06.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. მეწარმის მიერ შეძენილი პროდუქცია შედგებოდა, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლისაგან, რომლის რეალიზაციაც ხორციელდება „--------“-ში. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 524 167 ლარს. მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში - 0 ლარს.

გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 ივნისის №12947 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების ნაშთი 1 056 697 ლარის საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ინვოისები. პროდუქციის იმ ნაწილზე, სადაც შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგებში დაფიქსირებული საქონლის ნაშთის შეძენილ საქონელთან დაკავშირება, თვითღირებულებად განისაზღვრა შეძენის ფასი (ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით), ხოლო იმ ნაწილზე რომელთა დაკავშირებაც ვერ მოხდა გამოყენებულ იქნა კონკრეტული კატეგორიისთვის გაანგარიშებული ფასნამატი, დარჩენილი ნაწილის თვითღირებულება კი განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატით, რაც შეადგენს 58%.

შემოწმების პროცესში გაანალიზდა საქონლის მოძრაობა. საწყისი, შეძენილი და საბოლოო სმფ-ების ნაშთების გათვალისწინებით და დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულ თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიის ფასნამატის გავრცელებით გაანგარიშებული შემოსავალი განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ისა და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული მონაცემებისაგან.

საგადასახადო კოდექსის 159-ე, 164-ე, მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2025 წლის №007-337 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2409 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.03.2026 წლის №26733/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი/წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 6.03.2026 წლის №26733/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. სულ შემცირებას დაექვემდებარა 84 761.56 ლარი, მათ შორის გადასახადი 55 279,27 ლარი, ჯარიმა 29 482,29 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.08.2026 წლის №007-240 კორქტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული იქნა გადაწყვეტილება გადაანგარიშებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განხორციელებულიყო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების შესწავლა და საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, არ განხორციელდა სრულად მომჩივნის მიერ წარდგენილი მონაცემების გათვალისწინება. მიზეზი კი სრულიად მიუღებელია.

მომჩივნის მიერ, წარდგენილი იქნა გადაანგარიშების მონაცემები, კერძოდ ახალი კატეგორიების გამოყოფა და მისი ფასნამატის განსაზღვრა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ, არ იქნა გათვალისწინებული საშუალო შეწონილი მეთოდით თვითღირებულების დადგენა და აღებული იქნა უახლოესი შეძენის ფასი. ყველაზე გაუგებარი ფაქტი გადაანგარიშების დროს იყო საახალწლო აქსესუარების კატეგორიის ფასნამატის განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმების მიერ, საერთოდ არ არსებობდა არსებული კატეგორია და მომჩივნის მიერ იქნა გამოყოფილი აღნიშნული კატეგორია და განსაზღვრული იქნა ფასნამატი. აუდიტორების მიერ, მხოლოდ საახალწლო განათება იქნა გამოყოფილი და მასზე გავრცელდა სხვა კატეგორიისგან მკვეთრად ნაკლები ფასნამატი. მოთხოვნილი იქნა, რომ სრულ საახალწლო აქსესუარებზე გავრცელებულიყო აღნიშნული ფასნამატი, მაგრამ ეს ფაქტი არ გაითვალისწინეს. აღნიშნულ საკითხზე მოგვახსენებს, რომ სხვა კატეგორიებშიც არ განხორციელდა ყველა პროდუქციის ფასნამატის დაკავშირება, მაგრამ მაინც მინიჭებული იქნა კონკრეტულ კატეგორიებს. თუ ხორციელდება კონკრეტული მეთოდით ფასნამატის განსაზღვრა ყველა კატეგორიაზე უნდა არსებობდეს ერთნაირი მიდგომა. ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა კატეგორიების მიმართ გავრცელებულია განსხვავებული მიდგომები, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულებების მაქსიმალურად ზრდას.

ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშება განახორციელოს ერთი მიდგომით. სხვადასხვა კატეგორიაზე იყოს გავრცელებული ერთნაირი მეთოდი. განცდა რჩება, რომ აუდიტის დეპარტამენტი ორიენტირებულია დარიცხვაზე და მიკერძოებულად ირგებს საგადასახადო კოდექსის მითითებასა და წესებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 6.03.2026 წლის №26733/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი/წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 6.03.2026 წლის №26733/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, აუდიტის მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ დავის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი გაანგარიშება, რიგ შემთხვევებში კი შეიცვალა სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებული თვითღირებულებები. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გაანგარიშებაზე. შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. სულ შემცირებას დაექვემდებარა 84 761.56 ლარი, მათ შორის გადასახადი 55 279,27 ლარი, ჯარიმა 29 482,29 ლარი.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 22.10.2026 წლის №„--------“ წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდაც მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა მეწარმის მიერ დავის ეტაპზე დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია. რიგ შემთხვევებში გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი გაანგარიშება, რიგ შემთხვევებში კი შეიცვალა სარეალიზაციო ფასებთან დაკავშირებული თვითღირებულებები. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გაანგარიშებაზე. შესაბამისად, დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული გადასახადი და ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მისი გაუთვალისწინებლობა განპირობებული იყო საქონლის შესყიდვის პერიოდების, რაოდენობებისა და ნაშთების გათვალისწინებით. კერძოდ, შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელს იდენტური საქონელი შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა პერიოდში, განსხვავებული შესყიდვის ფასებით. ამასთან, დადგინდა, რომ ბოლო შესყიდვისას შეძენილი საქონლის რაოდენობა აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ შესაბამის ნაშთს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა უახლოესი შესყიდვის ფასი, ვინაიდან ბოლო შესყიდვით მიღებული საქონლის რაოდენობა საკმარისი იყო დაფიქსირებული ნაშთის სრულად დასაფარად. შესაბამისად, შემოწმებამ მიზანშეწონილად მიიჩნია სწორედ ბოლო შესყიდვის ფასით ხელმძღვანელობა, რადგან აღნიშნული ფასი წარმოადგენდა საქონლის ღირებულების განსაზღვრისთვის უახლოეს, დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემს. რაც შეეხება იმ სასაქონლო პოზიციებს, რომელთა შესყიდვაც განხორციელებული იყო მხოლოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, ფასნამატის დასადგენად მათ მიმართ შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საშუალო ფასი. შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებული განსხვავებული მიდგომები განპირობებული იყო კონკრეტული საქონლის შესყიდვის ფაქტობრივი გარემოებებით და მიზნად ისახავდა გაანგარიშების მაქსიმალურად ობიექტურად განხორციელებას. რაც შეეხება საახალწლო კატეგორიას, გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ აღნიშნულ კატეგორიაზე გავრცელდეს სანათების კატეგორიის საშუალო შეწონილი ფასნამატი. გადამხდელმა გამოყო საახალწლო კატეგორია, სადაც მხოლოდ დაკავშირებული იყო საახალწლო სანათები, შესაბამისად შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფასნამატი უნდა გავრცელებულიყო მხოლოდ სანათების კატეგორიაზე და დარჩენილ საახალწლო პროდუქციაზე კი ი.მ-ის ზოგადი საშუალო შეწონილი ფასნამატი, ვინაიდან სხვა არცერთი საახალწლო საქონლის დაკავშირება არ მომხდარა თვითღირებულებასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26733/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადაანგარიშება განახორციელოს ერთი მიდგომით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის შედეგად გამოვლინდა სმფ-ების ნაშთი.აღნიშნული საქონლის თვითღირებულების დადგენის მიზნით შესწავლილ იქნა პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ინვოისები. პროდუქციის იმ ნაწილზე, სადაც შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგებში დაფიქსირებული საქონლის ნაშთის შეძენილ საქონელთან დაკავშირება, თვითღირებულებად განისაზღვრა შეძენის ფასი,ხოლო იმ ნაწილზე რომელთა დაკავშირებაც ვერ მოხდა გამოყენებულ იქნა კონკრეტული კატეგორიისთვის გაანგარიშებული ფასნამატი, დარჩენილი ნაწილის თვითღირებულება კი განისაზღვრა საშუალო შეწონილი ფასნამატით, რაც შეადგენს 58%.

შემოწმების პროცესში გაანალიზდა საქონლის მოძრაობა. საწყისი, შეძენილი და საბოლოო სმფ-ების ნაშთების გათვალისწინებით და დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. აღნიშნულ თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიის ფასნამატის გავრცელებით გაანგარიშებული შემოსავალი განსხვავდება გადამხდელის მიერ დღგ-ისა და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ასახული მონაცემებისაგან. სსკ-ის 159-ე, 164-ე, მე-80 და მე-100 მუხლების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 6.03.2026 წლის №26733/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).