ბრძანება N 23484

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 23484
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23484

26 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "------" (ს/ნ "------" )

(მის: "------")

2023 წლის 4 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 სექტემბრის (ოქმი №96) სხდომაზე განიხილა ი/მ "------"(ს/ნ "------") №149088/21 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 სექტემბრის ID: "------" გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ერიცხება დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ქონება. ამასთან, მას გააჩნია 4 000 ლარის ოდენობის დავალიანება, რის გამოც მისი ქონება დაყადაღებულია და ვერ ხერხდება რეალიზაცია. აღნიშნავს, რომ ქონების რეალიზაციის მომენტში დაცული იქნება შემოსავლების სამსახურის ინტერესი და გირავნობა/იპოთეკა გადაჰყვება ქონებას, ხოლო მყიდველზე ქონების დარეგისტრირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, რამდენიმე საბანკო დღეში დაიფარება საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ი/მ "------"-ს (ს/ნ "------") 2019 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 759988.47 ლარი, საურავი 14626.58 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2019 წლის 3 სექტემბრის №024-525 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომელსაც გაეცნო 2019 წლის 7 სექტემბერს.

2023 წლის 31 აგვისტოს ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") მიერ წარმოდგენილი იქნა ID: "------" განცხადება, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა თანხმობას უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციაზე და განმარტავდა, რომ ამონაგები თანხა მთლიანად იქნებოდა მიმართული ბიუჯეტში საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

ზემოაღნიშნული განცხადება განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ და 2023 წლის 1 სექტემბრის ID:"------" წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია წარმოდგენილი პირობებით გასცეს თანხმობა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღა დაადოს გადამხდელის ქონებას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2023 წლის 31 აგვისტოს ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") მიერ წარმოდგენილი იქნა ID: "------"განცხადება, რომლითაც ითხოვდა თანხმობას, უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციაზე და განმარტავდა, რომ ამონაგები თანხა მთლიანად იქნებოდა მიმართული ბიუჯეტში საგადასახადო დავალიანების დასაფარავად. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 სექტემბრის ID:"------"წერილით გადამხდელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია წარმოდგენილი პირობებით გასცეს თანხმობა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ ერიცხება დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ქონება. ამასთან, მას გააჩნია 4 000 ლარის ოდენობის დავალიანება, რის გამოც მისი ქონება დაყადაღებულია და ვერ ხერხდება რეალიზაცია.მომჩივანი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.გადამხდმა წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვდა თანხმობას უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციაზე და განმარტავდა, რომ ამონაგები თანხა მთლიანად იქნებოდა მიმართული ბიუჯეტში საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიიჩნია წარმოდგენილი პირობებით გასცეს თანხმობა მომჩივანს დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

238,241(1,3)