ქონების გადასახადის დარიცხვა ფიზიკური პირის არადეკლარირებულ ქონებაზე N 1424

1424 ქონების გადასახადის დარიცხვა ფიზიკური პირის არადეკლარირებულ ქონებაზე 12.02.2018
№ დოკუმენტი 1424
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების გადასახადის დარიცხვა ფიზიკური პირის არადეკლარირებულ ქონებაზე N 1424

ფაქტობრივი გარემოებები

· ფიზიკურ პირს (მათ შორის, მისი ოჯახის წევრს) ქონების გადასახადის დეკლარირება საერთოდ არ აქვს განხორციელებული.

· საგადასახადო შემოწმებით, რომლის ფარგლებშიც შემოწმებულ იქნა 2015-2017 წლების საანგარიშო პერიოდები, დადგინდა, რომ 2014-2016 წლების მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლები აღემატება 40000 ლარს და, შესაბამისად, 2015-2017 წლებში წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება მის საკუთრებაში არსებულ დასაბეგრ ქონებაზე - შენობანაგებობაზე.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამასთან, სსკ-ის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია.

· იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკური პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაცია არცერთი წლის მიხედვით, ითვლება, რომ მან თითოეული წლის მიხედვით წარადგინა დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხები ნულის ტოლია. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 3-წლიანი პერიოდი შემოწმდა ერთი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში. შესაბამისად, თითოეულ წელთან მიმართებაში გადასახადი შემცირებულად განიხილება თითოეული წლის მიხედვით დარიცხული გადასახადის თანხის ოდენობით, ვინაიდან სახეზე არაა საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული ქონების გადასახადი.

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება კუთვნილი ქონების გადასახადი. ამასთან, პირი დაჯარიმდება, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის, სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში მითითებული წლები პირობითია

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2018 წლის 30 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით