გადაწყვეტილება №23976/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.12.2024
№ დოკუმენტი 23976/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23976/2/2024

09 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ს 21.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23976/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1982 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №044-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19450 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 51 243 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 25 808

დღგ - 4 537

საშემოსავლო გადასახადი - 21 271

ჯარიმა - 13 192

საურავი - 12 243

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა სატვირთო ავტომობილით (მარცვლეულის გადამზიდავი) ადგილობრივი და საერთაშორისო (----------) გადაზიდვების განხორციელება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 26.08.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს წარდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები, რომლითაც დაბეგრილი აქვს დაქირავებულ თანამშრომელზე (ბუღალტერზე) გაცემული ანაზღაურება. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ განმარტებებზე, საბანკო ამონაწერებზე და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, სადაც მიღებულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ყველა გაწეული მომსახურების ღირებულება, ხოლო ყველა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეძენა - გადახდილად. შედეგად, გამოვლენილი ნაღდი ფულის დადებითი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 16.11.2023 წლის №28238 ბრძანება და №044-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 7 228 ლარი, მათ შორის: გადასახადი 4 811 ლარი და ჯარიმა 2 417 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 29 ივლისის №17598 ბრძანება და №044-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19450 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხა. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადი შემცირდა.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, და აღნიშნავს, რომ შეცდომაში/არცოდნაში იგულისხმება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი შეცდომა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საპატიებელი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეცდომები. გადასახადის გადამხდელი არის ერთკაცა შპს, რომელიც იყო ერთი სატვირთო ავტომობილის მესაკუთრე. ამ საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი, დირექტორი და ავტომობილის მძღოლი იყო ერთი და იგივე პირი, რომელსაც საწარმოს გაძღოლის რაიმე განათლება, გამოცდილება და უნარები არ ჰქონია. მან, ცხადია, იცოდა, რომ გადასახადები უნდა გადაეხადა და კიდეც იხდიდა. რეალურად მას ბიუჯეტისათვის ზიანი არ მიუყენებია, ვინაიდან მას დაბეგრილი ოპერაციების სწორად აღრიცხვისა და კვალიფიკაციის შემთხვევაში გადასახადები და საგადასახადო სანქციები არ დაერიცხებოდა. შესაბამისად, სახეზეა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯის განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საწვავის ხარჯების არაპირდაპირ განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ მოხმარებული საწვავის მოცულობა და ღირებულება. შესწავლისას გამოყენებულ იქნა: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა სატვირთო ავტომობილის საწვავის წვის ნორმის შესახებ, საწვავის ფასების სტატისტიკა რუბლში ელექტრონული მისამართის ---------- - ის მეშვეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსების სტატისტიკა. ტრანსპორტირების მანძილის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრანსპორტირების დაწყების ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო დასრულების მისამართი აღებულ იქნა იმპორტირებული საქონლის საბოლოო მომხმარებლის მისამართამდე ტრანსპორტირების ადგილი. ელექტრონული მისამართის ---------- - მეშვეობით განისაზღვრა პუნქტებს შორის მანძილი და გადაადგილების ორმხრივი მიმართულების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გავლილი მანძილი, მასთან ერთად მოხმარებული საწვავის მოცულობა და ღირებულება ლარში (25 705 ლარი). „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იყო წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და საწვავის ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, დაკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯის ანგარიში და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად ჩაითვალა არაპირდაპირ გაანგარიშებული საწვავის ხარჯის 75%. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 7 228 ლარი, მათ შორის: გადასახადი 4 811 ლარი და ჯარიმა 2 417 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საწვავის ხარჯების არაპირდაპირ განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის მიერ მოხმარებული საწვავის მოცულობა და ღირებულება. შესწავლისას გამოყენებულ იქნა: გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა სატვირთო ავტომობილის საწვავის წვის ნორმის შესახებ, საწვავის ფასების სტატისტიკა რუბლში ელექტრონული მისამართის მეშვეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსების სტატისტიკა. ტრანსპორტირების მანძილის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტრანსპორტირების დაწყების ადგილმდებარეობის შესახებ, ხოლო დასრულების მისამართი აღებულ იქნა იმპორტირებული საქონლის საბოლოო მომხმარებლის მისამართამდე ტრანსპორტირების ადგილი. ელექტრონული მისამართის მეშვეობით განისაზღვრა პუნქტებს შორის მანძილი და გადაადგილების ორმხრივი მიმართულების გათვალისწინებით მიღებულ იქნა გავლილი მანძილი, მასთან ერთად მოხმარებული საწვავის მოცულობა და ღირებულება ლარში (25 705 ლარი). „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იყო წარდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და საწვავის ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, დაკორექტირდა გამოსაქვითი ხარჯის ანგარიში და დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯად ჩაითვალა არაპირდაპირ გაანგარიშებული საწვავის ხარჯის 75%. შედეგად, დაკორექტირდა (შემცირდა) სულ 7 228 ლარი, მათ შორის: გადასახადი 4 811 ლარი და ჯარიმა 2 417 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 5.02.2024 წლის №1982 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).