ბრძანება N19266

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2023
№ დოკუმენტი 19266
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N19266

07 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის: ------------------------------------)

2023 წლის 15 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) №82331/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №CB1483983 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი №79).

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, საქონელზე გამოწერილი იყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ თურმე მომწოდებელს ცნობა უკვე გამოყენებული ჰქონდა. ამასთან, მომჩივანს მიაჩნია, რომ საქონელი იყო ფიცარი.

ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 13 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------, რა დროსაც დადგინდა, რომ ---- ----ა (პ/ნ -----------) ახდენდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 26 ივნისის №57705/06/23 დასკვნის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ში შპს „--- -----ის“ (ს/ნ ---------) კუთვნილ ტერიტორიაზე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ---- ------ას (ს/ნ -------) მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანის (სახ.ნ -----------) ღია ტიპის ძარაში განთავსებული შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ძელაკი) მოცულობა შეადგენს 4,54 კუბ.მ-ს, საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის განისაზღვრა 3859 (4,54*850) ლარით დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1483983 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა , რა დროსაც დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ახდენდა მომჩივანის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1483983 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 269(1,7); 270(1,2); 286(12); 302(6);

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი;