გადაწყვეტილება №23673/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23673/2/2024
05 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ის 7.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23673/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №024-56 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18277 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 185 924 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 108 140
ჯარიმა - 56 169
საურავი - 21 615
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის სახეა საერთაშორისო გადაზიდვები საკუთარი ავტოტრანსპორტით.
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება დამფუძნებლის/დირექტორის მიმართ ვალდებულება 555 018 ლარი, პერიოდის ბოლოს 137 458 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კაპიტალის შევსება მოხდა ფულადი ფორმით (მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო უშუალოდ შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სხვაობას 417 560 ლარს უხდის/უბრუნებს დამფუძნებელს/დირექტორს. შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება.
შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, დამფუძნებელი/დირექტორისადმი გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2.მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 6 886 ლარი და ჯარიმა 1 344 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 26 ივლისის №17477 ბრძანება და №024-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.08.2024 წლის №18277 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხა. კერძოდ, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე სახელფასო განაცემად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე მტკიცებულებები არ წარუდგენია, რის საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია ცხრილი exel-ის ფორმატში, რომლითაც დგინდება კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებული რეისები და დახარჯული საწვავების ოდენობა, რომლებზედაც არ არსებობს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და შესაბამისად აღნიშნული თანხა დაემატა სალაროს ფულის ნაშთს, ხოლო საწვავის ღირებულების დადგენის მიზნით ცხრილში არის მითითებული იმავე პერიოდში შეძენილი საწვავის ღირებულება. აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ცხრილი. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იხელმძღვანელოთ აღნიშნული ცხრილით მივლინების ხარჯების დადგენის მიზნით, ასევე, ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს გაითვალისწინოს ცხრილში მოცემული საწვავის ღირებულების 75%.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2.მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სამივლინებო ხარჯად გაითვალისწინოს საწარმოს მიერ „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გაწეული სამივლინებო ხარჯი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2024 წლის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივლისის დასკვნის მიხედვით:
1. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანებით გათვალისწინებული მტკიცებულებები გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია.
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სამივლინებო ხარჯები „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, მოითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარატმენტს საწვავის ღირებულების 75%-ის გათვალისწინება, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 თებერვლის №4178 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2023 წლის შემოწმების აქტში,საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32743 ბრძანება და №024-104 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი 6 886 ლარი და ჯარიმა 1 344 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №17477 ბრძანება და №024-56 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №18277 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №4178 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21)