გადაწყვეტილება №22936/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.07.2024
№ დოკუმენტი 22936/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22936/2/2024

09 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 23.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22936/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანების აღსრულების შედეგები (მე-2 სადავო საკითხის ნაწილში).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №4639 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №039-6 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 5.04.2024 წლის №7759 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 112 563.92 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 554

დღგ - 54 441

მიწა - არასასოფლო - (-14 818)

მიწის გადასახადი (სასოფლო) – 13 531

მოგების გადასახადი - 3 179

საშემოსავლო გადასახადი - (-1 339)

ქონების გადასახადი - (-10 440)

ჯარიმა - 44 555

საურავი - 23 454.92

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ღორების გაზრდა, რომლის რეალიზაციას ახდენს როგორც ხორცის სახით ასევე, აწარმოებს სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტებს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 4.10.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადავო საკითზე ირკვევა შემდეგი:

კომპანია საქონლის რეალიზაციას ახდენს, როგორც საკუთარ მაღაზიაში, ასევე, აწვდის სხვადასხვა იურიდულ და ფიზიკურ პირებს. საწარმოს უფიქსირდება როგორც დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი, ასევე, დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. შემოწმების პროცესში დამუშავებულია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ასევე, დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. გამოვლენილი სხვაობით გაზრდილია საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №33048 ბრძანება და ამავე თარიღის №039-15 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 23, 24, 30 იანვარს და 28 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან (საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან (დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-3 სადავო საკითხთან (დღგ-ის ჩათვლილი თანხის შემცირებასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); -

მე-4 სადავო საკითხთან (გაცემული ხელფასების ოდენობასთან და აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან (არარეზიდენტ კომპანიაზე საქონლის შესაძენად გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად განხილვასთან და გადასახადებით დაბეგვრასთან) დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-6 სადავო საკითხთან (შემოწმებით დარიცხულ ქონების გადასახადთან) დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, იმ პერიოდზე, როცა შპს „----------“ არსებობდა არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, ქონებაზე გადასახადი განსაზღვროს აღნიშნული პერიოდის პროპორციულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-7 სადავო საკითხთან (2019 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით დარიცხულ მიწაზე ქონების გადასახადთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 15.11.2019 წლის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას; - დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 27.12.2023 წლის №21172/2/2023 (რეგ. 9.02.2024 წ. №03/9824) გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 20.02.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 288 354 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 492 825 ლარით და ჯარიმა 795 529 ლარით, თუმცა მომჩივნის მიერ ამ საჩივრით სადავო საკითხში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება დარჩა უცვლელი.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №4639 ბრძანება და ამავე თარიღის №039-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 25.03.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.04.2024 წლის №7759 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხი შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შპს „----------“ მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ მართლზომიერად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და როგორც ჩანს საკითხი განიხილა ფორმალურად რადგან უარის გადაწყვეტილება მიღებულია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. გადაანგარიშების შედეგად არ ეთანხმება საკითხს, რომელიც მოცემულია დასკვნაში მე-2 საკითხად. სწორედ ამ ნაწილში საჩივრდება ზემოაღნიშნული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, შესაბამისად განხორციელებულ კორექტირების შედეგად შემცირებებს ეთანხმება მაგრამ თვლის, რომ კორექტირება უნდა განხორციელებულიყო დღგ-ის ნაწილშიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია რომ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ მე2 სადავო საკითხში აღუსრულებელია და საჩივრდება დადგენილი წესით.

შემოწმების შედეგად კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოსაანგარიშებლად დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდგომ გაანალიზებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული პროპორციის დაანგარიშებასთან პრეტენზია არ აქვს, მაგრამ არ ეთანხმება მთლიანი შემოსავლების დაანგარიშებას. შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავლებს არ ეთანხმება, რადგან შეკრებილია მთლიანად ზედნადებების მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურებით მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები.

უზუსტობა და შემოსავლების ზედმეტად ორმაგად გაანგარიშება გამოწვეულია იმის გამო, რომ სასაქონლო ზედნადებების მონაცემებში აღებულია, როგორც ზედნადებებით განხორციელებული მიწოდებები ასევე ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებები ანუ კომპანია თავისსავე თანამშრომლებზე წერდა დისტრიბუციის ზედნადებებს, რომელთაგან ეს თანამშრომლები ნაწილ საქონელს ყიდდა ასევე, სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო უმეტეს ნაწილს არადოკუმენტურად მხოლოდ სალარო აპარატის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან სალარო აპარატით რეალიზაციებში და მათი ხელახლა დამატება შემოსავლებზე იწვევს საერთო შემოსავლების ხელოვნურად ზრდას.

ამას გარდა, უდავოა რომ ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში მოცემული თანხები იშიფრება კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში და ისე შეესაბამება იმ დროს დოკუმენტური რეალიზაციებისა და სალაროს მონაცემებს. შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ მცირე განსხვავებები ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებულ თანხებთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ იყიდებოდა ათეული კილოგრამობით ღორის ხორცი და სხვაობა ფიქსირდებოდა მისი დაჭრის, დაყოფისა ცალკეულად აწონვის შედეგად.

აღნიშნული მცირე სხვაობების გამო მთლიანად ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში მოცემული თანხების ხელმეორედ ორმაგად შემოსავლებად დაფიქსირება და დაბეგვრა არამართებულია. შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გაზრდილია არაკანონიერად და დღგ დარიცხული ხელოვნურად ორმაგი ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არაკანონიერია მისი დაუსაბუთებლობის გამო. ზემოთ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას სრულად, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ნაწილობრივ მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საკითხში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანებით სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხზე მითითებულია, რომ აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შპს „----------“ მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოსაანგარიშებლად დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდგომ გაანალიზებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული პროპორციის დაანგარიშებასთან პრეტენზია არ აქვს, მაგრამ არ ეთანხმება მთლიანი შემოსავლების დაანგარიშებას. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ შემოსავლებს არ ეთანხმება, რადგან შეკრებილია მთლიანად ზედნადებების მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები. ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან სალარო აპარატით რეალიზაციებში და მათი ხელახლა დამატება შემოსავლებზე იწვევს საერთო შემოსავლების ხელოვნურად ზრდას. დუბლირებულ თანხებს შორის სხვაობები შესაძლოა წარმოადგენდეს დანაკლისსაც და დაიბეგროს, როგორც დანაკლისი, მაგრამ ორჯერ ერთი და იგივე თანხის დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილია გადამხდელი არგუმენტი, მიუხედავად იმისა რომ არსებობს იდენტიფიცირების შესაძლებლობა თუნდაც თარიღის მიხედვით, როგორც მომჩივანი მიუთითებს დუბლირებულ თანხებს შორის ვლინდება სხვაობები, რიგ შემთხვევაში არარსებითი (20, 30 და ა.შ. ლარი) და რიგ შემთხვევაში დიდი ოდენობის (მაგ. 15 000 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მოხდა მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინება.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2024 წლის №7759 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანების აღსრულების შედეგები (მე-2 სადავო საკითხის ნაწილში).

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2024 წლის დასკვნით სადავო საკითხზე მითითებულია, რომ აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (შემცირება). მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გამოსაანგარიშებლად დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდგომ გაანალიზებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული პროპორციის დაანგარიშებასთან პრეტენზია არ აქვს, მაგრამ არ ეთანხმება მთლიანი შემოსავლების დაანგარიშებას. შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ შემოსავლებს არ ეთანხმება, რადგან შეკრებილია მთლიანად ზედნადებების მონაცემები, ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები. ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან სალარო აპარატით რეალიზაციებში და მათი ხელახლა დამატება შემოსავლებზე იწვევს საერთო შემოსავლების ხელოვნურად ზრდას. დუბლირებულ თანხებს შორის სხვაობები შესაძლოა წარმოადგენდეს დანაკლისსაც და დაიბეგროს, როგორც დანაკლისი, მაგრამ ორჯერ ერთი და იგივე თანხის დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილია გადამხდელი არგუმენტი, მიუხედავად იმისა რომ არსებობს იდენტიფიცირების შესაძლებლობა თუნდაც თარიღის მიხედვით, როგორც მომჩივანი მიუთითებს დუბლირებულ თანხებს შორის ვლინდება სხვაობები, რიგ შემთხვევაში არარსებითი (20, 30 და ა.შ. ლარი) და რიგ შემთხვევაში დიდი ოდენობის (მაგ. 15 000 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, არ მოხდა მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).