გადაწყვეტილება №20857/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20857/2/2023
27 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ის 15.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20857/2/2023).
დავის საგანი:
1. აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაკვალიფიცირება ბარტერის სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთად და გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა;
3. ბინების რეალიზაციის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება, მოგების გადასახადით დაბეგვრა, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ბინის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის №007-385 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 229 428 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 689 430
დღგ - 991 518
მოგების გადასახადი - 82 853
საშემოსავლო გადასახადი - 615 059
ჯარიმა - 853 008
საურავი - 686 990
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33117 ბრძანება და №007-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაკვალიფიცირება ბარტერის სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთად და გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
მომჩივანმა, ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, 2017 წლის 14 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, ფიზიკური პირისგან მიიღო მიწა, რომლის სანაცვლოდ ამ ფიზიკურ პირს უნდა მიეღო 35 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 5 ავტოსადგომი.
მშენებლობა დაიწყო 2017 წელს და არ დასრულებულა შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადასახადის გადამხდელს აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ჰქონდა განხილული ბარტერად და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის არ ჰქონდა ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის, მე-18 მუხლის მე10 ნაწილის, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დაკვალიფიცირდა ბარტერის სანაცვლოდ მიღებულ მიწის ნაკვეთად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით გაანგარიშდა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება შემოწმების ფარგლებში ოპერაციის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მის მიერ სამომავლოდ მისაწოდებელი საქონელი, განხილულია მომსახურების გაწევად. აღნაგობის ხელშეკრულების და ზოგადად აღნაგობის განმარტების მიხედვით, აღნაგობით მიღებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მშენებლის საკუთრებას, მანამ-სანამ არ მოხდება მისი რეალიზაცია და საკუთრების სხვა პირზე გადაცემა. დღეის მდგომარეობით არ მომხდარა აღნიშნული ქონების სხვა პირზე გადაცემა, შესაბამისად არ წარმოშობილა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
დადგენილია, რომ საწარმომ ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად 2017 წლის 14 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან მიიღო მიწა, რომლის სანაცვლოდ ფიზიკურ პირს უნდა მიეღო 35 საცხოვრებელი ბინა, 1 კომერციული ფართი და 5 ავტოსადგომი. საწარმოს მიერ ბინის მშენებლობა დაიწყო 2017 წელს და არ დასრულებულა შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადასახადის გადამხდელს აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ ჰქონდა განხილული ბარტერად და ასევე, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისთვის არ ჰქონდა ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განსაზღვრული საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-10 ნაწილით, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით, 309-ე მუხლის 107-ე ნაწილით, შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის მე-6 ნაწილით და აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება დაკვალიფიცირდა ბარტერის სანაცვლოდ მიღებულ მიწის ნაკვეთად, გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით გაანგარიშდა ყოველი წლის ფაქტობრივი შესრულება და დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
საწარმოს 2020 - 2022 წლებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ჩათვლილმა თანხამ შეადგინა 118 198 ლარი. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები დაკორექტირდა, რომლის კორექტირების საგადასახადო პერიოდი იყო კორექტირებული პირველადი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პერიოდი (ავანსის პირველადი და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო პერიოდი ერთმანეთს ემთხვეოდა). კორექტირების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ შეადგინა 37 220 ლარი.
გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება, რომელიც შეადგენდა 80 978 ლარს.
შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით, ასევე, 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგის ჩასათვლელი თანხების კორექტირება. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 136-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლით.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრების ზეპირი განხილვისას მიუთითა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია არგუმენტები/მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის მიერ ჩატარებულ გაანგარიშებას, რადგან მის მიერ ვერ მოხდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მოძიება, რაც მითითებულია შემოწმების აქტში. მტკიცებულების სახით დამატებით მოხდება დღგ-ის კორექტირების შესახებ გაანგარიშების წარმოდგენა, რითაც დაადასტურებს დეკლარირებული მონაცემების სისწორეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ: ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.
4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს 2020 - 2022 წლებში მიღებული და ჩათვლილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ჩათვლილი თანხა შეადგენდა 118 198 ლარს. აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაკორექტირდა, რომლის კორექტირების საგადასახადო პერიოდი იყო კორექტირებული პირველადი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების პერიოდი (ავანსის პირველადი და კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საგადასახადო პერიოდი ერთმანეთს ემთხვეოდა). კორექტირების შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის თანხამ შეადგინა 37 220 ლარი. გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირების შედეგად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება, რომელიც შეადგენდა 80 978 ლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით, ასევე, 2021 წლიდან მოქმედი 179-ე მუხლით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირება.
მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს არგუმენტებს ან საჩივარში დასახელებულ დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ბინების რეალიზაციის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება, მოგების გადასახადით დაბეგვრა, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ბინის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა ფაქტების აღწერა
საწარმოს მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს რეალიზებულია ბინები ფ.პ. -------ზე (პ/ნ -------). რეალიზებული ბინების საბაზრო ფასმა ჯამში შეადგინა 469 505 ლარი. ბინების რეალიზაციის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „-----------ის“ 50% წილი ----------მა მიყიდა ფ.პ. ------------ს (პ/ნ ---------), ხოლო აღნიშნული წილის ღირებულების სანაცვლოდ -----------მა აიღო ვალდებულება, რომ შპს „----------ის“ მიერ ხსენებული ბინების რეალიზაციის თანხას გადაიხდიდა 2025 წლის პირველ იანვრამდე. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი რეალიზებული ბინების თანხა დაკვალიფიცირდა დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი სახელფასო განაცემად. ასევე, შემოწმების მიერ ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, რეალიზებული ბინების თანხის დამქირავებლის მიერ დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირება მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული ბინების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ოპერაციის შინაარსის შეცვლას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ შინაარსობრივად აღნიშნული ოპერაცია არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით, შემდეგი მარტივი მიზეზის გამო. მოქმედი მოგების გადასახადის ნორმებიდან გამომდინარე, მოგების გადასახადით უნდა დაიბეგროს სესხის გაცემა, თუმცა აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ უნდა ხდებოდეს ფულის გატანა. აუდიტორების მიერ გაანგარიშებული ვირტუალური სესხი შინაარსობრივად არ შეესაბამება მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ძირითად პრინციპებს.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2021 წლის 12 ოქტომბერს რეალიზებულია ბინები ფ.პ. ------ზე (პ/ნ -------). რეალიზებული ბინების საბაზრო ფასმა ჯამში შეადგინა 469 505 ლარი. ბინების რეალიზაციის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „------ის“ 50%-იანი წილი --------მა მიყიდა ფ.პ. ---------ს (პ/ნ ----------), ხოლო აღნიშნული წილის ღირებულების სანაცვლოდ --------მა აიღო ვალდებულება, რომ შპს „--------ის“ მიერ ხსენებული ბინების რეალიზაციის თანხას გადაიხდიდა 2025 წლის პირველ იანვრამდე. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ფაქტობრივ გარემოებაში აღწერილი რეალიზებული ბინების თანხა დაკვალიფიცირდა დამქირავებლის მიერ საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული სარგებელი სახელფასო განაცემად. ასევე, შემოწმების მიერ ბინის რეალიზაცია დაიბეგრა დღგ-ით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს (--------ი) გასვლა უნდოდა საწარმოდან და 50%-იანი წილი მიჰყიდა მე-2 დამფუძნებელს (---------ლი), განისაზღვრა ღირებულება, რომლის ნაცვლად კომპანიამ მიაწოდა უძრავი ქონება (ბინები) --------ს, ხოლო ბინების რეალიზაციის თანხის გადახდის ვალდებულება აიღო --------მა. --------ს თანხა ჰქონდა გადასახდელი ---------ზე და სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ მიიღო ქონება --------მა.
მომჩივნის წარმომადგენელმა ვერ შეძლო სათანადო არგუმენტის ან მტკიცებულების წარმოდგენა, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას რეალიზებული ბინების თანხის დამქირავებლის მიერ საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირებასთან და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აღნაგობის ხელშეკრულებით მიღებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დაკვალიფიცირება ბარტერის სანაცვლოდ მიღებული მიწის ნაკვეთად და გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა;
3. ბინების რეალიზაციის თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირება, მოგების გადასახადით დაბეგვრა, უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ხოლო ბინის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.12.2022 წლის №33117 ბრძანება და №007-385 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №19024 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სამივე სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(8.9 „ბ“.10); 982( 3 „ზ“); 101(1.2 „ბ“); 154(1,,ა“); 159(1„ა“.2); 164(1); 174(1„ა“.2); 175(1„ა“); 179(1.2.4.); 309(107);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1 „ა“.6.7 „ა“); 173(1);