გადაწყვეტილება № 26902/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26902/2/2026
19 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 13.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26902/2/2026).
დავის საგანი:
კომერციული ფართების ღირებულების ქონების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3941 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 290 603,24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 174 294,48
დღგ - 9 414,48
ქონების გადასახადი - 164 880
ჯარიმა - 66 537,3
საურავი - 49 771,46
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის 1.03.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა/აქვს (მისამართი:-----) კომერციული ფართი 1 761,2 კვ.მ.. აღნიშნული კომერციული ფართის ღირებულების განსაზღვრისთვის 24.06.2022 წელს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №55622/06/22 დასკვნა, რომლის მიხედვითაც საწარმოს ქონების საბაზრო ღირებულება 31.12.2021 წლისთვის განისაზღვრა 4 122 000 ლარის ოდენობით. შემოწმებამ იხელმძღვანელა, 5.05.2022 წლის №11562 ბრძანების მიხედვით, წინა შემოწმების აქტში მითითებული ექსპერტიზის დასკვნით და დამატებით დაარიცხა ქონების გადასახადი. საწარმოს 2022- 2024 წლებში ქონების გადასახადით არ დაუბეგრავს ზემოთ აღნიშნული კომერციული ფართები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების დაწყებისთანავე კომპანია ინტენსიურად თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროს აუდიტორთან, რომელსაც მეილზე გადაეგზავნა როგორც ბუღალტრული პროგრამა ORIS-ის ასლი, ასევე, მოთხოვნისთანავე კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 1761,2 კვ.მ. კომერციული ფართები აღრიცხულია სასაქონლო-მატერიალურ აქტივებში და არა ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ხოლო იმის დასამტკიცებლად რომ კომერციული ფართები შეძენილი იქნა სარეალიზაციოდ და არა კომპანიის კომერციულ საქმიანობაში გამოსაყენებლად, აუდიტორის მოთხოვნის საფუძველზე, აუდიტორის მეილზე გადაეგზავნა საჯარო რეესტრიდან თითოეულ კომერციულ ფართზე გამოთხოვილი კომერციული ფართების გასხვისების შესაბამისი ხელშეკრულება, რომლებსაც წარმოადგენს დამატებით (დანართი 4).
2025 წელს ჩატარებულ შემოწმების პერიოდზე არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ გამოყენებული მიმდინარე ბუღალტრული სააღრიცხვო პოლიტიკა და ქონების გადასახადის დარიცხვის საფუძვლად გამოყენებული იქნა 2022 წლის საგადასახადო შემოწმებით ქონების გადასახადში დარიცხული გადასახადის არგუმენტაცია.
კომპანიის მიერ კომერციული ფართების სასაქონლო მარაგებში აღრიცხვა სრულ შესაბამისობაშია სასაქონლო-მატერიალური მარაგების (საქონლის) განმარტებასთან და არ აკმაყოფილებს სსკ-ით დადგენილ ძირითადი საშუალების განმარტებას. არ არსებობს შემოწმების პერიოდში კომპანიის საქმიანობის არცერთი მიმართულება, სადაც ეკონომიური სარგებლის მისაღებად გამოყენებული ყოფილიყო.
აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე კომერციული ფართები წარმოადგენს სარეალიზაციო ფართებს და აღნიშნულ ფართებზე წარმოებული სასამართლო დავის დასრულების შემდეგ ფართების გასხვისების შეჩერებული პროცესი განახლდება.
კომერციული ფართი არასწორად ჰქონდა აღრიცხული როგორც ძირითადი საშუალება და არა როგორც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. მოცემული შეცდომის გამო კომპანიამ უკვე „აგო პასუხი“ და გადაიხადა დარიცხული გადასახადი. თუმცა, 2022 წლის შემდგომ პერიოდში კომპანიის მიერ მოხდა მოცემული ტექნიკური შეცდომის იდენტიფიცირება და 1 761.2 კვ.მ. კომერციული ფართების სასაქონლომატერიალურ აქტივებში სრულიად კანონიერად აღრიცხვა. უდავოა, რომ არასწორად აღრიცხული მატერიალური ფასეულობა არ და ვერ უნდა ცვლიდეს თავად ამ მატერიალური ფასეულობის რეალურ დანიშნულებას/კლასიფიკაციას და კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, მით უმეტეს - დარიცხვის (2022 წ.) შემდეგ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე შესრულებული აქვს სსკ-ის 202-ე მუხლის 41-ე ნაწილის „ბ ქვეპუნქტის მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №55622/06/22 დასკვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება ქონების გადასახადში და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ საბაზრო ფასი გამოყენებული აქვს 3 საგადასახადო წლის განმავლობაში და შესრულებული აქვს წინა შემოწმების ფარგლებში, 5.05.2022 წლის №11562 ბრძანების საფუძველზე 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულებაზე დარიცხული ქონების გადასახადის ვალდებულება 3 საგადახადო წლის განმავლობაში.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო არ მიუთითებს სსკ-ის ნორმას, რომლითაც მომჩივანს უზღუდავს დაუმთავრებელი მშენებლობის ჯგუფში აღრიცხული მშენებარე კომერციული ფართების გადატანას სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, კერძოდ სარეალიზაციო საქონლის მარაგებში.
სადავო არ არის ის გარემოება, რომ ფართები, რომელზეც კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი, კომპანიამ შეიძინა მისი შემდგომი გასხვისების მიზნით და არა გრძელვადიან პერიოდში ამ ფართებით სარგებლობის მიზნით. კერძოდ, საჯარო რეესტრში ამ ფართების გასხვისებაზე წარდგენილი განცხადებები (იხ. დანართი 5) შეწყდა და გასხვისების ტრანზაქცია ვერ დასრულდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქონებებზე გავრცელდა ყადაღა (ყადაღა დღემდე რეგისტრირებულია). რეალურად მოცემული ქონება წარმოადგენს სასაქონლო-მატერიალურ მარაგს.
გაჭიანურებული სასამართლო პროცესის გამო მომჩივანი ფინანსურად მნიშვნელოვნად დაზარალდა და პრაქტიკულად შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. შპს ------, რომელიც წარმატებით ოპერირებდა როგორც სამშენებლო კომპანია, იგებდა როგორც კერძო სექტორის, ასევე სამინისტროების მიერ გამოცხადებულ მნიშვნელოვან სამშენებლო-სარემონტო ტენდერებს, დაგროვილი სამშენებლო საქმიანობის საფუძველზე დაიწყო და განახორციელა დეველოპერული პროექტი მისამართზე: ქ. -----.
მიუხედავად ამისა, კომპანია გეგმავს და იმედოვნებს, რომ შეძლებს ფინანსური გამოწვევების დაძლევას და სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას. ამ კუთხით, არასწორად დარიცხული გადასახადის გაუქმება კომპანიის მომავალი საქმიანობისათვის შეასრულებს მნიშვნელოვან როლს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის და 41 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას: ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო კომერციული ფართები არის სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. მშენებლობის პროცესში აღრიცხული იყო, როგორც ძირითადი საშუალება, თუმცა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდა გადატანა სასაქონლო მატერიალური მარაგების ბალანსზე. ამასთან, დღეის მდგომარეობით კომერციულ ფართს ადევს ყადაღა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩამოართვა საკუთრებიდან. შესაბამისად, ვერც ყიდის, ვერც იჯარით გასცემს და ვერც იყენებს. ამასთან, მომჩივანი წარმოადგენს დამატებით დოკუმენტურ მტკიცებულებებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, პირველი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, დადგინდა რომ მომჩივანი მოცემულ კომერციულ ფართზე იხდიდა ქონების გადასახადს, შესაბამისად, აღრიცხული ჰქონდა როგორც ძირითადი საშუალება. შესაბამისად, მეორე საგადასახადო შემოწმების დროსაც მოხდა აღნიშნული კომერციული ფართების ქონების გადასახადით დაბეგვრა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3941 ბრძანება; 3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომერციული ფართების ღირებულების ქონების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა/აქვს კომერციული ფართი 1 761,2 კვ.მ. აღნიშნული კომერციული ფართის საბაზრო ღირებულება 2021 წლის 31 დეკემბრისთვის განისაზღვრა 4 122 000 ლარის ოდენობით. საწარმოს 2022-2024 წლებში ქონების გადასახადით არ დაუბეგრავს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2026 წლის №3941 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ საჩივარი გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;201(1);202(1);205(2)