ბრძანება N 32119
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32119
20 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ ------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 21 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №126) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 21 ნოემბრის №85235/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-165 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს, ასევე მიუთითებს, რომ ფასნამატი გამოყენებულ იქნა დოკუმენტურ რეალიზაციებზე. აცხადებს, რომ დასკვნის თანახმად, წარდგენილი ინფორმაცია შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო, თითქოს ვერ გაიშიფრა როგორ გაანგარიშდა საქონლის თვითღირებულებები. შემოწმებას შეკითხვები გააჩნია მხოლოდ საქონლის მცირე ნაწილზე, ხოლო საქონლის უდიდეს ნაწილზე კითხვები არ არსებობს, რა ნაწილშიც შეეძლო ფასნამატის გაანგარიშება. შემოწმებას ასევე შეეძლო თავად გაეანგარიშებინა საქონლის თვითღირებულება საიმპორტო დოკუმენტების და მსგავსი საქონლის საფუძველზე. ასევე, აღუსრულებელია ის გარემოებაც, რომ ფასნამატი გამოყენებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზეც.
2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად სრულად უმიზეზოდ არ გადაანგარიშდა შესამოწმებელი პერიოდისთვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი. ვინაიდან, ფასნამატით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლები, ანალოგიურად უნდა გაზრდილიყო წინა პერიოდის შემოსავლები და აღნიშნულ შემოსავლებზე თვითღირებულებების ჩამოწერის შედეგად გაანგარიშებულიყო საწყისი ნაშთი, რაც შემოწმებას არ განუხორციელებია.
3. საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ვინაიდან არ შესწავლილა ის საკითხი, რომ საწარმოს მომწოდებლებზე სრულად აქვს გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება და აღნიშნულიდან რაიმე სარგებელი არ მიუღია. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დარიცხვაც არასწორია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი არ გაავრცელოს დოკუმენტურ რეალიზაციაზე და აღნიშნულის გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად გაითვალისწინოს წინა წლების რეალიზაციები და მის შესაბამისად განსაზღვროს შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული მეთოდური მითითებით. აღნიშნული მეთოდური მითითებით საკითხის შესწავლისას აუდიტის დეპარტამენტმა სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის პირობებში, მხედველობაში მიიღოს საკასო შემოსავლის პირობებში „სალაროში“ შემოსული/შემოსულად ჩათვლილი თანხა, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. მე-8 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 5 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 952 ლარი, მათ შორის, გადასახადი 630 ლარი, ჯარიმა 322 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-165 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გაანაგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით), რომელიც შემოწმებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო და გამოსადეგი, ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა იდენტიფიცირება, რეალურად საიდან არის მიღებული ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის (შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან როგორც წერილობითი (ელექტრონული ფოსტით), ასევე სატელეფონო გასაუბრება, რომლის შედეგად შემოწმების მიერ გადამხდელისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ იქნა მიღებული).
● ხელახლა იქნა შესწავლილი შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად წინა წლების რეალიზაციების გავლენა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთებთან. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
● საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა არ წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც განხორციელდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
● შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის გაანგარიშებისას საკასო შემოსავლის და ხარჯის დათვლისას, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სალაროში შემოსულად ჩათვლილი თანხის საკასო შემოსავალში ჩათვლა და შედეგების გათვალისწინებით, განახორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისთვის ფასნამატის გაანაგარიშებასთან დაკავშირებით (ცხრილის სახით) წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით, გადამხდელის მიერ ვერ გაიშიფრა და ვერ მოხდა ცხრილში არსებული საქონლის თვითღირებულებების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვანია ფასნამატის გაანგარიშებისთვის (შემოწმების მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან როგორც წერილობითი (ელექტრონული ფოსტით), ასევე სატელეფონო გასაუბრება, რომლის შედეგად შემოწმების მიერ გადამხდელისთვის დასმულ კითხვებზე პასუხები ვერ იქნა მიღებული). აუდიტორის მიერ ასევე ხელახლა იქნა შესწავლილი შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებული პროდუქციის პროპორციულად წინა წლების რეალიზაციების გავლენა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთებთან. ასევე, საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილი დოკუმენტაცია (ურთიერთშედარებები და სხვა დოკუმენტაცია) არის შეუსაბამო და იკვეთება ხარვეზები. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ გადაანგარიშდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის. ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება
1. შემოწმებით გაანგარიშებულ ფასნამატს,2. შესამოწმებელი პერიოდისთვის გაანგარიშებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთს.
3. საქონლის მომწოდებლებზე გადახდილი თანხების 25%-ის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №958 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მომჩივანის საჩივარი საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)