გადაწყვეტილება №25597/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25597/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 5.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25597/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24924/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 320 359,87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 167 788
დღგ - 94 925
საშემოსავლო გადასახადი - 67 958
ქონების გადასახადი - 4 905
ჯარიმა - 76 206
საურავი - 76 365,87
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ვაჭრობა --ს ტერიტორიაზე, საქონელი შემოაქვს, იმპორტით ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე. აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 2.04.2024 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 24.04.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა სმფ-ების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად, კოდებით არ იდენტიფიცირდებოდა შეძენილი და რეალიზებული საქონელი. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი, რამაც გაზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022, 2023 წლების ერთობლივი შემოსავალი.
ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. ასევე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში საწყისი და საბოლოო სმფ-ის ნაშთები რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დაკორექტირების გამო. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობამ გადააჭარბა 100 000 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს და მის ოჯახის წევრს საკუთრებაში უფიქსირდებათ, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება.
საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №024-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.11.2024 წლის №24118 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2025 წლის დასკვნა. დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.04.2025 №24924/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2025 წლის №024-2 საგადასახადო მოთხოვნა;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 3.04.2025 №24924/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირებულა. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტით, ასევე საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე. დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი მთლიან ბრუნვაში დაახლოებით 15-20%-ია დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებით. გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც დაკავშირებული შემდეგი პრინციპით:
გადამხდელი საქონლის მიღებისას თითოეულ საქონელს ანიჭებს ინდივიდუალურ კოდს საბუღალტრო პროგრამა ორისში, რომლის იდენტიფიცირება ხდება სასაქონლო ინვოისთან. საქონლის რეალიზაციისას გადამხდელი უთითებს საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხული საქონლის კოდს, რომლითაც იდენტიფიცირდება კონკრეტული საქონელი - მიღების თარიღის და ყველა სხვა მახასიათებლის მიხედვით.
ზემოაღნიშნულ საკითხზე აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გადამხდელს შეძენარეალიზაციის ცხრილი დაკავშირებული აქვს „თავისივე მინიჭებული კოდებით“, რომლის გადამოწმებაც ან რაიმე დოკუმენტთან შედარება ვერ ხერხდება. აუდიტორთან ერთად საკითხის გავლისას შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული არაერთი საქონელი დავაიდენტიფიცირეთ საბუღალტრო პროგრამა „ორის“-თან, შესაბამისად საბაჟო ინვოისთან, სადაც იშიფრება საქონელი; საქონლის თვითღირებულება და ყველა საჭირო ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ ერთ სასაქონლო ინვოისში ერთი და იმავე დასახელების საქონელს განსხვავებული თვითღირებულება აქვს, მინიჭებულია ორი განსხვავებული კოდი ორისში.
საბუღალტრო პროგრამაში არსებული ინფორმაცია იძლევა სრულ სურათს, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქონლის იდენტიფიცირებისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაუგებარია, რა გახდა მიწოდებული ინფორმაციის არ გათვალისწინების საფუძველი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.10.2023 წლის №24392 ბრძანების დანართი №10-ის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
3. ფასნამატები გამოიყენება შემდეგი რიგითობით:
ა) პირველი - „დოკუმენტური ფასნამატი“;
ბ) მეორე - „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“;
გ) მესამე - „სხვა შემოწმების ფასნამატი“;
დ) მეოთხე - „მესამე პირების ფასნამატი“;
ე) მეხუთე - „სხვა ფასნამატი“.
4. ყოველი მომდევნო ფასნამატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ფასნამატის თაობაზე არ მოიპოვება სათანადო ინფორმაცია ან/და ვერ კმაყოფილდება შესაბამისი ფასნამატის დადგენილად მიჩნევის პირობა.
ამასთან:
ა) თუ კონკრეტულ წელზე და ჯგუფზე ვერ დგინდება დოკუმენტური ფასნამატი, გამოიყენება ამავე სახეობის ჯგუფზე დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა განსახილველი წლის უახლოესი სამი წლიდან ერთ-ერთ უახლოეს წელს;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა, როგორც განსახილველი წლის წინა წელს, ისე მის მომდევნო წელს, გამოიყენება ამ მომიჯნავე წლების ფასნამატების საშუალო მონაცემი.
საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ფასნამატის გაანგარიშების ნაწილში ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2025 წლის დასკვნა, საიდანაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს დადგენილ ვადაში არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა აუდიტის დეპარტამენტში მისვლა და აუდიტორთან ერთად საკითხების გავლა.
ამასთან, მის მიერ ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილი ინფორმაცია ვერ გაიგზავნა აუდიტორთან და უკან დაუბრუნდა. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე საბჭოს 12.12.2024 წლის №24357/2/2024 გადაწყვეტილებით დავალებული მტკიცებულებების წარდგენა აუდიტის დეპარტამენტში ვერ მოხერხდა. აღნიშნული დოკუმენტური მტკიცებულებების მიწოდება აუდიტორისთვის მოხდა საბჭოში საჩივრის განხილვამდე.
საბჭოს 3.04.2025 №24924/2/2025 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან დგინდება, რომ იმ “---ის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა ---ს ტერიტორიაზე. გადასახადის გადამხდელს საქონელი შემოაქვს, როგორც იმპორტით, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად/კოდებით არ იდენტიფიცირდება შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. გადამხდელის პოზიცია, რომ აღნიშნულზე გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი არ შეესაბამება სიმართლეს. გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილსა და ბუღალტერიაში მინიჭებული კოდები წარმოადგენს გადამხდელის მიერ მინიჭებულ შიდა კოდებს და საბაჟო ინვოისებში მსგავსი კოდები არ ფიქსირდება.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №9552 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რის შედეგადაც დადგინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ის ნაშთის თვითღირებულებაც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით. საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გაშიფრულია დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის საკმაოდ დიდი წილი და გამოყვანილია დოკუმენტური ფასნამატი. შესაბამისად, ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის გავრცელებას, ნაცვლად აუდირებული ფასნამატისა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მეწარმის მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაზე, რომელიც წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №024-45 საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 3.04.2025 წლის №24924/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საბჭოს №24924/2/2025 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან დგინდება, რომ მეწარმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს საქონელი შემოაქვს, როგორც იმპორტით, ასევე შეძენები უფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ აღრიცხვაში სახეობრივად/კოდებით არ იდენტიფიცირდება შეძენილი და რეალიზებული საქონელი. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმების მიერ გადამხდელის საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. გადამხდელის პოზიცია, რომ აღნიშნულზე გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი არ შეესაბამება სიმართლეს. გადამხდელის მიერ წარდგენილ ცხრილსა და ბუღალტერიაში მინიჭებული კოდები წარმოადგენს გადამხდელის მიერ მინიჭებულ შიდა კოდებს და საბაჟო ინვოისებში მსგავსი კოდები არ ფიქსირდება.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1,ბ).