გადაწყვეტილება №20099/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20099/2/2023
04 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20099/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.04.2023 წლის №007-100 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13963 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 496 378 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 226 313
დღგ - 124 974
მოგების გადასახადი - 97 545
საშემოსავლო გადასახადი - 3 794
ჯარიმა - 142 955
საურავი - 127 110
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ბინების მშენებლობა, შესამოწმებელ პერიოდში აშენებული აქვს ერთი საცხოვრებელი კორპუსი ქ. ------------, ------------, ------------ (ს/კ ------------).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიამ ორი საცხოვრებელი ბინის და ერთი კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელზე და მისი ოჯახის წევრებზე) საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. გადამხდელის განმარტებით, საცხოვრებელი ფართის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 417 კვ.მ. ბინებიდან 277 კვ.მ. არის ტერასა. შემოწმებისას აღნიშნულ ბინებზე მხოლოდ საცხოვრებელ ფართზე გავრცელდა საბაზრო ფასი (ამავე კორპუსში სხვა ბინების საშუალო ფასი) და ტერასის ფასი დარჩა უცვლელი, ხოლო რაც შეეხება კომერციულ ფართს, აღნიშნულზე გავრცელდა ამავე კორპუსში კომერციული ფართების საშუალო ფასი. შემოწმებისას მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლისა და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაბეგრილ იქნა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 1.12.2022 წლის №30222 ბრძანება და 2.12.2022 წლის №007- 332 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ტერასის საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულება. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 24 აპრილის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 აპრილის №9076 ბრძანება და 2023 წლის 27 აპრილის №007-100 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13963 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საბაზრო ფასის გაანგარიშებას და აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესში ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ფართებსა და საჯარო რეესტრში გადაცემულ ფართებს შორის არის სხვაობა, რამაც გამოიწვია რეალიზებული 1 კვ.მ. ფართის საბოლოო ღირებულების გაზრდა პირვანდელ ღირებულებასთან შედარებით და ფიზიკურ პირებს 6 წლის განმავლობაში შეუძლიათ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. აღნიშნული სხვაობა არის კომპანიის კრედიტორული დავალიანება, რაც შემმოწმებლის მიერ არ არის განხილული.
მიუთითებს კონკრეტულ შემთხვევებს და მაგალითის სახით ფიზიკურ პირებს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება (გადამხდელს ზედმეტად აქვს გადახდილი დღგ ბიუჯეტში) შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა, რის გამოც გაიზარდა ფართების საბაზრო ღირებულება, რამაც გამოიწვია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ფართებზე გაანგარიშებული საბაზრო ფასის გაზრდა. ბუღალტრული მონაცემებით სხვაობა შეადგენს 98 184,8 ლარს. კომპანიის მიერ ზედმეტად არის გადახდილი 20 405 ლარის დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება კომპანიას არ გააჩნია.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-11 ნაწილებზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და 161-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ 26.10.2021 წელს კომერციული ფართი რეალიზებულია ------------ 106 450 ლარად (ვალუტის კურსის მიხედვით) 33 900 დოლარი, ანუ 1 კვ.მ. კომერციული ფართის ღირებულება 399 აშშ დოლარი, რაც საგადასახადო ორგანომ არ მიიჩნია საბაზრო ფასად, ------------ მიუყენა 2019 წელს გაცილებით დიდ ფასად გაყიდული ფართის (575 აშშ დოლარი) საფასური, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონს საბაზრო ფასის გაანგარიშების შესახებ დაუსაბუთებელია ტერასის საბაზრო ფასი, აღნიშნული ფართის რეალიზაციის შესახებ 2020 წლის 17 იანვარს კომპანიის დამფუძნებლებს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან ტერასები წარმოადგენენ ბინების განუყოფელ ნაწილს, მათი ცალკე გაყიდვა შეუძლებელია. თანაც ყიდვის მომენტში ისინი შავი კარკასის მდგომარეობაში იყო და წარმოადგენდნენ მე-5 სართულის სახურავს. ამის გამო დამფუძნებლის გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ სახურავი გაყიდულიყო 100 აშშ დოლარად. ამდენად, ტერასის (სახურავის) ღირებულება იქნას გაანგარიშებული 100 აშშ დოლარად.
რაც შეეხება მოგების გადასახადს მიაჩნია, რომ საბაზრო ფასის გამოყენებით გაზრდილ გადასახადზე დარიცხულ მოგების გადასახადზე ჯარიმის დაკისრება კანონშეუსაბამოა, ვინაიდან ჯარიმა დარიცხულია ერთსა და იმავე დარღვევაზე 2-ჯერ, რაც აკრძალულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს სამართლიანი საბაზრო ფასის გამოყენებას, კერძოდ, საბაზრო ფასი 1 მ 2 -ზე უნდა განისაზღვროს საცხოვრებელი ბინისთვის 388 აშშ დოლარი, კომერციული ფართისთვის 399 აშშ და ტერასისთვის 100 აშშ ამერიკული დოლარის ოდენობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ტერასის საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულება. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული 2023 წლის 24 აპრილის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამის ვადაში ვერ იქნა წარდგენილი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ხელშეკრულება. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება სადაც მიუთითებს, რომ შეუძლებელია ტერასის საბაზრო ფასის დადგენა, შესაბამისად ექსპერტიზა არ ჩატარებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა
დადგენილია და დავის საგანს არ წარმოადგენს, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების შესაბამისად, არ წარუდგენია კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული
ქონების (ტერასის) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და არც დავის განხილვის ამ ეტაპზე წარმოადგენს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანება და შესაბამისად არ განხორციელდა გადაანგარიშება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (საცხოვრებელი და კომერციული ფართების საბაზრო ფასი, დღგ-ისა და მოგების გადასახადების დარიცხვის მართლზომიერება), რომელიც 13.03.2023 წლის №4656 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი, რომელიც ეხება ტერასის საბაზრო ფასის დადგენას - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №4656 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ბინების მშენებლობა.შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიამ ორი საცხოვრებელი ბინის და ერთი კომერციული ფართის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ 04 სექტემბერი 2023 N 03/70191 2 პირებზე (დამფუძნებელზე და მისი ოჯახის წევრებზე) საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად.შემოწმებისას მიღებული სხვაობა 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლისა და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაბეგრილ იქნა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)