ბრძანება N 19895

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2023
№ დოკუმენტი 19895
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

11 აგვისტო 2023

N 19895

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ------) (მის.:------)

2023 წლის 19 ივნისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ------) №81780/1/2023 და №81781/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №001-82 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, ფასნამატის ცვლილების მაღალი გრადაცია მიუთითებს, რომ დარიცხვაში ე.წ. მარჟის უნიფიცირება შეიცავს ცდომილების მაღალ რისკს და ამცირებს სამართლიანი საგადასახადო ტვირთის განსაზღვრის ალბათობას.

2. შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი იქნა სარეალიზაციო ფასი, რაც ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელი არამართლზომიერად მიიჩნევს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობას. აცხადებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ნამეტი შემოსავალი მთლიანად არ უნდა იქნას ხელფასად განხილული, ამასთან იგი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №001-184 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „------“ (ს/ნ ------) 2022 წლის 11, 15 და 18 ნოემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

,,1. შპს „-------" (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს"

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 349 784 ლარით, მათ შორის გადასახადი 230 560 ლარი, ჯარიმა 119 224 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №001-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

. გადაანგარიშების ეტაპზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატი, რომელიც წლების მიხედვით 2018 წელს განსაზღვრულ იქნა 46%-ის ოდენობით, ხოლო 2019 - 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში შეადგენდა 45.5 %-ს. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლისა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემცირდა ჯამში 286 853 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 189 190 ლარით, ხოლო ჯარიმა - 97 663 ლარით.

. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემები, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 თებერვლის №------- ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელთან, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს იმპორტირებული მეორადი საბურავებით. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი საბაჟო ოპერაციის გზით შემოსული პროდუქციიდან შერჩევითად აღებული 100 საბურავიდან 6 ერთეული აღმოჩნდა დაზიანებული (სარეალიზაციოდ უვარგისი), შესაბამისად ჩაითვალა, რომ საშუალოდ იმპორტირებული მეორადი საბურავების 6% არის წუნდებული. ყოველივე ზემოხსენებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები წუნდებულ საქონელთან მიმართებაში შემცირდა ჯამში 62 931 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი - 41 370 ლარით, ხოლო ჯარიმა - 21 561 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნაში მითითებულ გარემოებებზე, რომლითაც ირკვევა, რომ შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატი, რომელიც წლების მიხედვით 2018 წელს განსაზღვრულ იქნა 46%-ის ოდენობით, ხოლო 2019 - 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში შეადგენდა 45.5 %-ს, ხოლო წუნდებულ საქონელთან მიმართებაში გამოყენებულ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემები, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 თებერვლის №000913020 ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 349 784 ლარით, მათ შორის, გადასახადი 230 560 ლარით, ხოლო ჯარიმა 119 224 ლარით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოება:

დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ოქტომბრის №001-184 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 11, 15 და 18 ნოემბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. №4963 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 16 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №001-82 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);