ბრძანება N 23776

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2025
№ დოკუმენტი 23776
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23776

28 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„-------“ (პ/ნ ---------)

(მის.:---------)

2025 წლის 19 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №88) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 19 სექტემბრის №98065/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 აგვისტოს №081-248 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის კორექტირებას. აცხადებს, რომ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა ასახავს „------“- (----- რეგისტრირებული კომპანია) და „------“-ის (-------- რეგისტრირებული კომპანია) შორის განხორციელებულ ოპერაციებს და არ მოიცავს შპს „------“ პროექტს, შესაბამისად, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა საგადასახადო ორგანოსთვის ზემოაღნიშნული დასკვნის წარდგენა. განმარტავს, რომ შემოწმებას წარუდგინა აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნას, მაგრამ მიუთითებს, რომ კომპანია საბაზრო პრინციპების დაცვით მოქმედებდა. ამასთან, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომზადებული კვლევა არ ასახავს ოპერაციის საბაზრო ფასებს, კერძოდ, საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშებული მაჩვენებელი („ამონაგები საოპერაციო ხარჯებზე“) შეუსაბამოდ დაბალია კომპანიის ბიზნეს საქმიანობისთვის. შესაბამისად, გადამხდელი აცხადებს მზადყოფნას ჩატარდეს ალტერნატიული კვლევა, სადაც სწორად იქნება გაანგარიშებული ზემოაღნიშნული მაჩვენებელი.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში შეცდომით არის ასახული დარიცხული თანხები. მიუთითებს, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები შემცირდება 40 000 ლარით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2820 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 დეკემბრის №081-229 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2820 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 13 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 21 აგვისტოს №081-248 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც გაანალიზებულია შპს „-----“ და „------“-ის შორის განხორციელებულ ოპერაციაში დაფიქსირებული ფასი. დოკუმენტში აღნიშნული სერვისი განხილულია, როგორც თანამშრომლების მივლინება, რომლის დამატებითი პროდუქტიც არის არამატერიალური აქტივი (ტექნოლოგიური ცოდნა). აღნიშნული ოპერაციის მივლინებად განხილვის შემთხვევამ შესაძლოა გამოიწვიოს „------“-ის (------) მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე, დამატებით შესაფასებელ ოპერაციად გამოიკვეთება არამატერიალური აქტივის (ტექნოლოგიური ცოდნა) ღირებულება, რაც ცდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განხილულ საკითხს. ამასთან, გაწეული მომსახურების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის დასადასტურებლად დოკუმენტში წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმა www.upwork.com-ზე კერძო ფიზიკური პირების მიერ საკუთარი პროფესიული მომსახურებისთვის განსაზღვრული საფასურის ანალიზი. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ფასები არ წარმოადგენს უკვე დადებულ გარიგებებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადავო საკითხს წარმოადგენდა „------“-ის (------) და „--------“-ის (------) შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო პირობებთან შეაბამისობის საკითხი, რაც გავლენას ახდენდა შემოწმების მიერ განსაზღვრულ ხარჯის ბაზაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტის (თავდაპირველი გადაანგარიშების გათვალისწინებით) საფუძველზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც არ დაკორექტირდა (არ შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ასახულია შპს „------“ და „------“-ის შორის განხორციელებულ ოპერაციაში დაფიქსირებული ფასის ანალიზი, სადაც კომპანიის მიერ გაწეული სერვისი განხილულია, როგორც თანამშრომლების მივლინება და რომლის დამატებითი პროდუქტიც არის არამატერიალური აქტივი (ტექნოლოგიური ცოდნა). შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციის მივლინებად განხილვამ შესაძლებელია გამოიწვიოს „------“-ის (-------) მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე, ამ შემთხვევაში დამატებით შესაფასებელ ოპერაციად გამოიკვეთება არამატერიალური აქტივის (ტექნოლოგიური ცოდნა) ღირებულება, რაც ცდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განხილულ საკითხს. ამასთან, გაწეული მომსახურების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის დასადასტურებლად დოკუმენტში წარმოდგენილია ონლაინ პლატფორმა www.upwork.com-ზე კერძო ფიზიკური პირების მიერ საკუთარი პროფესიული მომსახურებისთვის განსაზღვრული საფასურის ანალიზი. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ფასები არ წარმოადგენს უკვე დადებულ გარიგებებს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადავო საკითხს წარმოადგენდა „------“-ის (-----) და „-----“----ის (-------) შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო პირობებთან შეაბამისობის საკითხი, რაც გავლენას ახდენდა შემოწმების მიერ განსაზღვრული ხარჯის ბაზაზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული მაჩვენებელის („ამონაგები საოპერაციო ხარჯები“) მედიანას რეალურად არსებულთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში შეცდომით არის ასახული დარიცხული თანხები, კერძოდ, აუდიტორმა მთლიანი ხარჯის ოდენობა შეამცირა მის მიერ დადგენილი მარჟით (მარჟა მექანიკური შეცდომის გამო აღებულ იქნა უარყოფითი სიდიდით, ნაცვლად დადებითი სიდიდისა), რომლის შედეგად შემცირდა ხარჯის ოდენობა, ნაცვლად ხარჯის გაზრდისა. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ განხორციელებული არაზუსტი გადაანგარიშების შედეგად დასაბეგრმა თანხამ 2020-2022 წლებში ჯამურად შეადგინა 2 460 331 ლარი, ხოლო ტექნიკური ხარვეზის გასწორების შემთხევევაში აღნიშნული თანხა შემცირდება 2 231 699 ლარამდე. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას, რომლის შედეგად დარიცხული თანხები შემცირდება 40 000 ლარით.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლის თანახმად კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული მონაცემები წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში შეცდომით არის ასახული დარიცხული თანხები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ფარგლებში გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც გაანალიზებულია შპს-ებს შორის განხორციელებულ ოპერაციაში დაფიქსირებული ფასი. დოკუმენტში აღნიშნული სერვისი განხილულია, როგორც თანამშრომლების მივლინება, რომლის დამატებითი პროდუქტიც არის არამატერიალური აქტივი (ტექნოლოგიური ცოდნა). აღნიშნული ოპერაციის მივლინებად განხილვის შემთხვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი დაწესებულების რეგისტრაციის ვალდებულება, ასევე, დამატებით შესაფასებელ ოპერაციად გამოიკვეთება არამატერიალური აქტივის (ტექნოლოგიური ცოდნა) ღირებულება, რაც ცდება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით განხილულ საკითხს. სადავო საკითხს წარმოადგენდა 2 ქვეყანას შორის განხორციელებული ოპერაციის საბაზრო პირობებთან შეაბამისობის საკითხი, რაც გავლენას ახდენდა შემოწმების მიერ განსაზღვრულ ხარჯის ბაზაზე.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21);