ბრძანება N 12980
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12980
09.06.2023
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(იურ. მის: ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 15 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის (ოქმი №60) სხდომაზე განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) №80972/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირებულ გადასახადში დარიცხულ თანხებს და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 4 მაისის №011-2023- 077109 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საკუთარი საცხოვრებელი ფართის გაქირავების შესახებ. ასევე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ, რაზეც მიიღო უარი. დამქირავებელი აღარ შევიდა მის საცხოვრებელ ფართში და შესაბამისად არ მიუღია შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის დარიცხვა და მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალება. ითხოვს დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადისა და საინკასო დავალების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 26 იანვარს განცხადებით ID ---------- მიმართა მომსახურების დეპარტამენტს საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით 32.62 კვადრატულ მეტრ ფართს აქირავებდა საცხოვრებელი დანიშნულებით 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით. გადამხდელის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა სერთიფიკატი.
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 5 მაისს მიმართა მომსახურების დეპარტამენტს ელექტრონული წერილით კომუნიკატორის მეშვეობით №---------- (შემოსული დოკუმენტი ----------) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის გაუქმების მოთხოვნით. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) კანონმდებლობიდან გამომდინარე 2023 წლის 1 ივნისიდან გაუუქმდა ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის სერთიფიკატი №---------- და გაიცა ახალ სერთიფიკატ №----------.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 1020.62 ლარი, ჯარიმა 100 ლარი, საურავი 23.25 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 4 მაისის №---------- ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე იმავე დღეს ჩამოეწერა 75.63 ლარი.
საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ იქნა კორექტირებული საინკასო დავალებები. 2023 წლის 11 მაისის №---------- საინკასო დავალებით ჩამოწერილ იქნა 98 ლარი, ხოლო 23 მაისის №---------- საინკასო დავალებით ჩამოწერილ იქნა 145.80 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 708.04 ლარი, ჯარიმა 100 ლარი, საურავი 35.78 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება. ამავე მუხლის 25-ე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 26-ე ნაწილის შესაბამისად, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. ხოლო 27-ე ნაწილის თანახმად, ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 110-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საანგარიშო თვის დადგომამდე მიმართოს საგადასახადო ორგანოს ცვლილების მოთხოვნით, რის შემდეგაც დარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდგომ წარდგენილ განცხადებაში დაფიქსირებული მონაცემების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში გადამხდელზე გაიცემა ახალი სერტიფიკატი, ხოლო ძველი სერტიფიკატი ექვემდებარება საგადასახადო ორგანოსათვის დაბრუნებას.“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი.
2023 წლის 4 მაისის №011-2023-077109 საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა:
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 110-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: საგადასახადო ორგანოს მიერ ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, ფიზიკური პირის ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის თაობაზე განცხადება წარმოადგენს გაანგარიშებას და მასში მითითებული დაბეგვრის პერიოდისათვის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის თანხის დარიცხვის საფუძველს. დარიცხული თანხების შესახებ გადასახადის გადამხდელს ეგზავნება შეტყობინება არა უგვიანეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის ბოლო დღისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი.
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების მიხედვით, დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადისა და საინკასო დავალების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს საკუთარი საცხოვრებელი ფართის გაქირავების შესახებ. ასევე განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ, რაზეც მიიღო უარი. დამქირავებელი აღარ შევიდა მის საცხოვრებელ ფართში და შესაბამისად არ მიუღია შემოსავალი. შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის დარიცხვა და მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილ იქნა საინკასო დავალება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დააკორექტიროს (შეამციროს) დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი. ასევე მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 4 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1„ე“); 243.