ბრძანება N 2920
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2920
12 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2024 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -----) 2024 წლის 12 იანვრის №86700/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №056-69 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგებს. მიიჩნევს, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება. კერძოდ:
1. არ ეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას. მომჩივნის პოზიციით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ უნდა მოხდეს დოკუმენტურ რეალიზაციაზე, რადგან აღნიშნული დოკუმენტების დადასტურებით (მ.შ. ელექტრონულად) მომსახურების მიმღები თავად ადასტურებს შეძენილი სატრანსპორტო მომსახურების ფასს. გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულ პოზიციას, რომ საგადასახადო შემოწმებისას დოკუმენტურ რეალიზაციაზე არაპირდაპირი მეთოდი არ არის გამოყენებული.
2. გადამხდელი ასაჩივრებს შემოწმების მიერ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას. მომჩივნის პოზიციით, საგადასახადო ორგანომ მხედველობაში არ მიიღო, რომ რიგ შემთხვევებში (კერძოდ, 60 საზღვრის კვეთა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საზღვარი გადაკვეთეს კომპანიის მიერ ---------ს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით. აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდი გავრცელებულია საერთაშორისო გადაზიდვებზეც.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ელექტრონული განცხადებით წარუდგინა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანებით დავალებული მტკიცებულებები, რომელიც აუდიტის დეპარტამენტმა არ განიხილა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივლისის №16841 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) 2023 წლის 20 იანვრის და 28 თებერვლის საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
ბ) ზედნადებში შპს „------“-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცდომით მითითებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივლისის №16841 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის №056-69 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენების საკითხის დამატებით შესწავლით ვერ დგინდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ამასთან, გადამხდელის მიერ არ მომხდარა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც გავლენას იქონიებდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.
● საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების დაბეგვრის მართლზომიერების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენების საკითხის დამატებით შესწავლით ვერ დგინდება აღნიშნულზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ამასთან, გადამხდელის მხრიდან საგადასახადო დავის და გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.
ამასთან, საერთაშორისო გადაზიდვებზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შედეგებს. მიიჩნევს, რომ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება. კერძოდ:
1. არ ეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას.
2. გადამხდელი ასაჩივრებს შემოწმების მიერ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენების საკითხის დამატებით შესწავლით ვერ დგინდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება. ამასთან, გადამხდელის მიერ არ მომხდარა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც გავლენას იქონიებდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.
● საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების დაბეგვრის მართლზომიერების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).