ბრძანება N 16040

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 16040
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 16040

05 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 12 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №99166/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №CB1475352 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68).

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ ფიზიკურ პირ -------- მათ მიერ ნაწარმოები პროდუქცია (ქვაფენილი ჯამში 246 ლარის) გაყიდეს ადგილზე ტრანსპორტირების გარეშე, როგორც საცალო რეალიზაცია. გამოწერილ იქნა ზედნადები ტრანსპორტირების გარეშე და მიღებულ თანხაზე ამობეჭდილ იქნა ჩეკი. მყიდველს არ მოუთხოვია ზედნადებში კონკრეტული ტრანსპორტის მითითება. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2023 წლის 31 მაისს, 15:01 საათზე, ქ. თბილისში, ზემო ფონიჭალის მ/ტ-ზე მონიტორიგის სამმართველოს ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით:------- , რომლის ძარაზე განთავსებული იყო შპს „-------“–ს (ს/ნ --------) სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 250 ლარის ღირებულების „ქვაფენილი“. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პროდუქციაზე, კერძოდ 250 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელზე არასწორად იყო გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადების ტიპი, კერძოდ, „ტრანსპორტირების“ ნაცვლად მითითებული იყო ზედნადების ტიპი - „ტრანსპორტირების გარეშე“, რა დროსაც გადამხდელს არ ჰქონდა საქონლის ტრანსპორტირების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1475352 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2023 წლის 31 მაისს გამოწერილ იქნა N------- სასაქონლო ზედნადები „ტრანსპორტირების გარეშე“, რომელშიც მყიდველად მითითებულია ------- (პ/ნ -------).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მაისის №CB1475352 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მონიტორიგის სამმართველოს ოფიცრების მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძარაზე განთავსებული იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 250 ლარის ღირებულების „ქვაფენილი“. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პროდუქციაზე, იყო გამოწერილი ელ. სასაქონლო ზედნადები, ზედნადების ტიპი - „ტრანსპორტირების გარეშე“, რა დროსაც გადამხდელს არ ჰქონდა საქონლის ტრანსპორტირების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286; 270(7)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 72