ბრძანება N 9890
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9890
04.05.2023
ი/მ ----------------ს (ს/ნ----------------------)
(მის.: -----------------------------------)
2023 წლის 6 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ----------------ს (ს/ნ----------------------) №80236/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №CB1446440 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ გამოვლენილი დარღვევის შემდეგ სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული საწყობის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ნაშთის სისწორეზე და დაწყებულია შიდა სამსახურებრივი მოკვლევა. წლის ბოლოს ატარებენ საკონტროლო ინვენტარიზაციას, სადაც აღმოჩნდებოდა ეს დანაკლისი და შესაბამისად დაადეკლარირებდნენ დანაკლისს.
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, დანაკლისი დაადეკლარირა სრულად და გადაიხადა ბიუჯეტში, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25283 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ----------------ს (ს/ნ----------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებამდე ი/მ ----------------ს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ.
ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილები, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული საქონელი აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული გაწერილია გასავალში, ასევე ობიექტში მათ მიერ შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა.
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ განხორციელდა ფაქტიურად არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების აღწერა. ფაქტიური ნაშთის თვითღირებულებამ შეადგინა 322931.86 ლარი.
ი/მ ----------------ს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით თვითღირებულებით შეადგენს 413486.57 ლარს.
ბუღალტრული ნაშთის საანგარიშო პერიოდია 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 4 ოქტომბრამდე.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი აღებული იქნა გადასახადის გადამხდელის 2021 წლის საშემოსავლო დეკლარაციიდან და შეადგენს 221569.9 ლარს.
გადასახადის გადამხდელს მიერ საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა სასაქონლო ზედნადებების მიხედვით თვითღირებულებით შეადგენს 15518123.16 ლარს.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება დადგენილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დღგ-ს დეკლარაციებით და კუთვნილი სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით.
ჯამურად აღნიშნულ პერიოდში საბაზრო ფასებით მიწოდება შეადგენს 20838588.69 ლარს, ხოლო თვითღირებულებით კი 15326206 ლარს.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 106847.48 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას აღნიშნული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 10684.7 ლარს.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 7 მარტს შედგენილ იქნა №CB1446440 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------------ს (ს/ნ----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25283 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ.
ბრძანების ჩაბარების შემდეგ ჩამოერთვა ხელწერილები, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული საქონელი აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული გაწერილია გასავალში, ასევე ობიექტში მათ მიერ შიდა ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და შესაბამისად ზედმეტობა ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა.
მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული ნაშთი 2022 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით თვითღირებულებით შეადგენს 413486.57 ლარს.
ბუღალტრული ნაშთის საანგარიშო პერიოდია 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 4 ოქტომბრამდე.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი აღებული იქნა გადასახადის გადამხდელის 2021 წლის საშემოსავლო დეკლარაციიდან.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდება დადგენილი იქნა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დღგ-ს დეკლარაციებით და კუთვნილი სალარო აპარატის მონაცემების მიხედვით.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 106847.48 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას აღნიშნული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 10684.7 ლარს.
ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 7 მარტს შედგენილ იქნა №CB1446440 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 49(1 „გ“); 70(1„ა“); 269(1,7); 270(1,2); 286(9); 302(6);