გადაწყვეტილება №21291/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 29.12.2023
№ დოკუმენტი 21291/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21291/2/2023

29 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ის 10.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21291/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;

2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №4405 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №005-167 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 73 367 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 43 140 დღგ - 15 846

საშემოსავლო გადასახადი - 27 294

ჯარიმა - 14 522

საურავი - 15 705

 

სადავო საკითხები:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20078 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 25 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №29828 ბრძანება და 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 71 918 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.03.2023 წლის №4405 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, 11.10.2023 წლის №25176 ბრძანება და №005-167 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 925 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 10.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადაანგარიშებისას შემმოწმებელთა მიერ არ იქნა გათვალისწინებული რიგი წარდგენილი დოკუმენტები (ბანკის ამონაწერები, ინვოისები, შედარების აქტები, შესყიდვის დამდასტურებელი სხვა დოკუმენტები) როგორც შემოსავლის დუბლიერების, ასევე ხარჯების შემცირების კუთხით. ასევე, არ იქნა გასწორებული ტექნიკური უზუსტობები, რაც დარიცხვისას არასწორად განხორციელდა, როგორიცაა მცირე მეწარმის სტატუსზე გადასვლის მიუხედავად მიმდინარე საავანსო გადასახადის დარიცხვა, დღგ-ის ნაწილში შემცირებული ბრუნვების შესაბამისად მცირე მეწარმის საშემოსავლო გადასახადის შემცირება. ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გათვალისწინება არ მომხდარა მიმდინარე გადაანგარიშებისას იმ მოტივით, რომ უკვე გათვალისწინებულია მომჩივნის მიერ დღეს, თუმცა გადასახადის გადამხდელისთვის უპრიანი იქნება აღნიშნული ჩასათვლელი თანხების შესაბამის პერიოდში გათვალისწინება, რაც შემოწმების მიმდინარეობისას არ იქნა გათვალისწინებული, გაურკვეველი მიზეზით. ასევე, ითხოვს მიეცეს შემდგომი კომერციული საქმიანობის გახორციელების საშუალება, ეპატიოს ჯარიმა და საურავი საგადასახადო კოდექსში არსებული შეღავათით, შესაბამისი მუხლით. არა განზრახ ჩადენილი სამართალდარღვევის მიზეზს წარმოდგენს შემდეგი გარემოებები: ემსახურებოდა ბუღალტერი, რომელიც გარდაიცვალა 2019 წელს, მას შემდეგ საგადასახადო ანგარიშსწორებასა და დეკლარირებას თავად ახორციელებდა. შესაბამისად, დაუშვა ტექნიკური და კანონმდებლობის უცოდინრობიდან გამომდინარე უნებლიე შეცდომები, რის შედეგადაც დაგვიანებით დადგა დღგ-ის გადამხდელად. თუმცა, შემოწმებით გაანგარიშების შედეგად აღმოჩნდა, რომ უფრო ადრე მოუწია დღგ-ის გადამხდელად დადგომა. ისევე როგორც წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების წარდგენასთან მიმართებითაც. გადაანგარიშების პროცესში არ მომხდარა მომჩივანთან კომუნიკაცია, რითიც მოახდენდა მტკიცებულებებისა და არგუმენტების ახსნას და რიგი გაუგებრობების აღმოფხვრასაც, რაც მოხდა როგორც შემოწმების მიმდინარეობისას, ასევე განხილვის ჩატარებისას და საბოლოოდ გადაანგარიშებისას მომჩივნის ჩაურთველობით.

2019 წელს ბანკში ჩარიცხული თანხები წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას. კერძოდ, შპს „-------“ - საწყისი ნაშთი 983 ლარი, სს ------ -------- - 835 ლარი, რომლებიც ჩარიცხულია 2019 წელს და შესრულებული სამუშაოების საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2018 წელი. ასევე, მომჩივნის მიერ 2018 წელს დეკლარირებულია ერთობლივ შემოსავალში აღნიშნული შესრულებები.

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კომპიუტერების, კომპიუტერული ტექნიკის და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება/აღდგენის მომსახურება. კერძოდ, პროგრამული და სისტემური უზრუნველყოფა ლეპტოპების, პერსონალური კომპიუტერების, საბეჭდი მოწყობილობების გასუფთავება გარეგნული და შინაგანი ელექტრონულად დამუხტული მტვერისგან და კარტრიჯების შეკეთება/აღდგენის მომსახურება. აღსანიშნია, რომ კარტრიჯების აღდგენა-შეკეთებისას საქმე გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან (ნახშირის ტონერი) და ორგანიზმისთვის საზიანო მავნე ნივთიერებებთან, შედეგად სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა, დამხმარე ქიმიური ნივთიერებები და სპეციალური სადეზინფექციო და საწმენდი ხსნარები და თავდაცვის საშუალებები, ხელთათმანები, ნიღბები, ბინტი, სპირტი, წყალბადის ზეჟანგი, სპეციალური სამოსი. აღნიშნულის შეძენა ხდება აფთიაქებში, საიდანაც ვერ იქნება წარდგენილი მომჩივნის მიერ ზედნადები ან რამე მსგავსი დოკუმენტი, თუმცა აღნიშნული დასტურდება საბანკო ამონაწერებიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ხდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებითი რეგულაციებისთვის (კოვიდი) საჭირო ნივთების და ნივთიერებების შეძენაც, რის გათვალისწინებაც ხარჯებში შემოწმების მიერ არ მოხდა. მომჩივანი ითხოვს, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული ხარჯი, რაც არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების შედეგად გაუმიჯნავი ხარჯების არგუმენტაციით. ასევე, შეძენილი აქვს მოტოციკლი, რომელზეც წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტს. სასაქონლო ზედნადებებით ფიქსირდება საქონლის შეძენა მეტი რაოდენობით ვიდრე ხარჯშია გათვალისწინებული, რაზეც წარმოადგენს ზედნადებების რეესტრს დანართის სახით. საკუთრებაში აქვს ავტომობილები, რომლებითაც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას. შესაბამისად, მასზე აქვს გაწეული ხარჯები, როგორიცაა საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები, ტექნიკური მომსახურების ხარჯები და ავტონაწილები. აღნიშნული ხარჯების გაწევა ხდება საბანკო გადარიცხვებით, როგორიცაა ------ და მსგავსი კომპანიები და ასევე კერძო ე.წ. „პროფილაქტიკები“ და ბაზრობებზე ნაყიდი ნაწილები, საქმიანობისთვის საჭირო ხელსაწყოები და ავტო ნაწილები, ასევე ტექდათვალიერების ხარჯები, რომელთა გადახდაც ფიქსირდება საბანკო ამონაწერებში დანიშნულებებში მითითებით. არაა გათვალისწინებული ვებგვერდების მომსახურებაში გადახდილი ხარჯები, რომელიც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.

ასევე, 2022 წლის პირველი მაისიდან არის მცირე მეწარმე. შემოწმების მიერ 2022 წლის მაისის და ივნისის მიღებული/გაწეული მომსახურების შემოსავლების მიხედვით შემცირებული აქვს დღგ-ის ბრუნვები, რომლითაც შემცირებული არ არის მცირე მეწარმის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაფიქსირებული შემოსავლები. ასევე, აქტით დარიცხულია სავადო 2022 წლის დეკემბრის თვეზე, ხოლო გადაანგარიშების შედეგად გამოცემულ მოთხოვნაში დამატებით 2023 წლის 31 მარტს დაერიცხა 1 814 ლარი, რაც არ ეკუთვნის მცირე მეწარმის სტატუსიდან გამომდინარე. ასევე, მომჩივნის მხრიდან შესაძლებელია დამატებით სხვა ტიპის დოკუმენტების წარდგენა შემმოწმებელთა მოთხოვნის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს 2022 წლის 30 ნოემბრისა და 2023 წლის 11 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნების სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას. ასევე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, მოახდინოს წარდგენილი დოკუმენტებისა და არგუმენტების გათვალისწინებით გადაანგარიშება წლიური საშემოსავლო გადასახადის და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე წარმოდგენილი დოკუმენტი არ მიაჩნიათ კანონმდებლობის შესაბამისი, მიუთითონ რა სახით წარადგინოს და შეასრულებს მათ მოთხოვნას. ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ან ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ:

- გადასახადის გადამხდელმა შემოწმების შემდგომ მომწოდებლებს გამოაწერინა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დანართიც წარმოადგინა დავის წარმოების ეტაპზე. შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მოხდა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დანართის შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ დანართში არსებული ყველა ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და ჩათვლილი აქვს შემოწმების შემდგომ საანგარიშო პერიოდებში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შესწავლისას არ გამოიკვეთა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

- შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ გაიმიჯნა ხარჯები, რომლებიც გაწეული იყო პირადი მოხმარებისთვის და ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე, არ იყო წარდგენილი ისეთი სახის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის გათვალისწინებაც მოხდებოდა შემოწმების ეტაპზე. დავის წარმოების პროცესში მეწარმემ დამატებით წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ხარჯებთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა ყველა ის ხარჯი, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამატებითი დოკუმენტები. კერძოდ, კორექტირებას დაექვემდებარა იჯარის, აუდიტორული მომსახურების, სესხის ხარჯები და დამატებით გათვალისწინებულ იქნა ბანკის, ტენდერების, კავშირგაბმულობის და საქონლის/მომსახურების მიღების ხარჯები. გადაანგარიშებისას ვერ მოხდა იმ ხარჯების გათვალისწინება, რომელზეც არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტები, როგორიცაა აფთიაქის და უდოკუმენტო შესყიდვის ხარჯები. ასევე, მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც შეძენილი აქვს მომსახურება/საქონელი მიკრო მეწარმისგან. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების ხარჯებში გათვალისწინება არ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის საფუძველზე.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მოპედის შეძენის ხარჯი (1 500 ლარი) გათვალისწინებულია ხარჯებში. ასევე, გათვალისწინებულია ------ის ის ხარჯები, რომლებზეც წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია. რაც შეეხება აფთიაქის ხარჯს, აღნიშნულის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დარიცხული თანხების მართლზომიერება

ფაქტები აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.03.2023 წლის №4405 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნა 10.11.2023 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ან ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც 29.03.2023 წელს გასაჩივრებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც 29.03.2023 წელს გასაჩივრებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები;

2. დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20078 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 25 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 71 918 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.03.2023 წლის №4405 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 29.03.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 18.05.2023 წლის №19245/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის დასკვნა, 11.10.2023 წლის №25176 ბრძანება და №005-167 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 5 925 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 10.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №005-177 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 106; 269(7). 301 „ზ“.