სსიპ შემოსავლების სამსახურის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების შესახებ

ბრძანება 29.01.2026
№ დოკუმენტი 1795
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურიs უფროსის

ბრძანება № 1795

29 იანვარი 2026

სსიპ შემოსავლების სამსახურის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტის

დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სსიპ შემოსავლების სამსახურის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი“ თანდართული რედაქციით.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

პაატა კილაძე

სამსახურის უფროსი - მ.შ.

 

დანართი

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი

 

სსიპ შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციამოვალეობების ფარგლებში ახორციელებს, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრული და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფას გადასახადების/გადასახდელების ადმინისტრირებით, კონტროლით, ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ხელშეწყობით და სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელების გზით.

 

სამსახურის საკონტაქტო მონაცემებია:

მისამართი - ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16, ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №5

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი - 2 299 299

ელექტრონული ფოსტის მისამართია: info@rs.ge

 

სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

სამსახური, როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი და გავრცელების სფერო

„სსიპ შემოსავლების სამსახურის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტის“ (შემდგომში - კონფიდენციალურობის პოლიტიკის) მიზანია, სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.

წინამდენარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ეხება ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომლის შესახებ მონაცემიც სამსახურის მიერ მუშავდება მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში.

 

ტერმინთა განმარტება

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;

მონაცემთა დამუშავება − პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე, მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;

მონაცემთა დაბლოკვა − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (გარდა შენახვისა) დროებით შეჩერება;

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;

თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც სამსახურთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს;

დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს სამსახურისთვის ან მისი სახელით (გარდა სამსახურის თანამშრომლისა).

კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები

სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს:

. კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;

. მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;

. მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპის დაცვით;

. მონაცემთა ნამდვილობის და სიზუსტის პრინციპის დაცვით;

. მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში, მონაცემთა შენახვის ვადის შეზღუდვის პრინციპის დაცვით;

. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის პრინციპის შესაბამისად.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

სამსახური, პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი სამართლებივი საფუძვლებით:

. მონაცემთა სუბიექტის თანხმობით;

. სამსახურსა და მონაცემთა სუბიექტს შორის დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

. სამსახურისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

. კანონის თანახმად თუ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია, ან მონაცემთა სუბიექტმა მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;

. მონაცემების დამუშავება აუცილებელია სამსახურის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად და არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;

. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად/მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;

. მონაცემების დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად/მომსახურების გასაწევად.

 

ამასთან, სამსახურისთვის მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს:

. საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება;

. საბაჟო ფორმალობების ეფექტურად განხორციელება და მისი შესრულების პროცესის გაუმჯობესება;

. სამართლებრივი და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების განხორციელება, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის ხელშეწყობა;

. მოქნილი, ეფექტიანი და სწორი საგადასახადო/საბაჟო რისკების შემუშავება, რისკების დროული იდენტიფიცირება და მათი ეფექტიანად მართვა;

. მომხმარებლებისათვის, კომპეტენციაში შემავალი ცალკეული სახის მომსახურების მიწოდების სტანდარტის ამაღლება;

. სერვისებზე მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესება;

. საკომუნიკაციო არხების განვითარება;

. სამსახურში დაცული ჩანაწერების ნამდვილობის და სიზუსტის უზრუნველყოფა;

. ინფორმაციული აქტივების დაცვა;

. ქსელის უსაფრთხოებისა და ელექტრონული არხების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

 

სამსახური, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (მათ შორის ბიომეტრიულ მონაცემებს) ამუშავებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის გარანტიების უზრუნველყოფითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი საფუძვლებით:

. მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით;

. კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

. სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სისტემისა და მომსახურების მართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის კონკრეტული უფლებების განსახორციელებლად.

 

ცალკეულ შემთხვევაში, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მონაცემთა სუბიექტების წრე

სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესებთან მიმართებაში მონაცემთა სუბიექტებს წარმოადგენენ:

. გადასახადის გადამხდელი მეწარმე და არამეწარმე ფიზიკური პირები;

. საწარმოს/ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამფუძნებლები, ხელმძღვანელები, პარტნიორები, წევრები, აქციონერები;

. დამსაქმებლები, დასაქმებული და თვითდასაქმებული პირები;

. დამქირავებლები და დაქირავებული პირები;

. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირები;

. შეღავათიანი დაბეგვრის სტატუსის მაძიებლებლები/მფლობელები ან/და მათი წარმომადგენლები;

. ლიცენზიებისა და ნებართვების მაძიებლები/მფლობელი პირები ან/და მათი წარმომადგენლები - სამსახურის მიერ რეგულირებული სფეროებიდან;

. აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული და აკრძალული პირები;

. მგზავრები, რომლებიც კანონიერად კვეთენ საქართველოს საბაჟო საზღვარს;

. საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე გადაადგილებული პირები;

. ექსპორტიორები, იმპორტიორები, დეკლარანტები/მათი წარმომადგენლები, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ სხვა უფლებამოსილი/პასუხისმგებელი პირები ან წარმომადგენლები;

. სამსახურში განცხადების/საჩივრის წარმდგენი პირები;

. პირები, რომლებიც სამსახურთან ახორციელებენ კომუნიკაციას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის დისტანციურად - საკონტაქტო ნომრის, ვებგვერდის, სოციალური ქსელების მეშვეობით; ასევე, ადმინისტრაციულ შემობებსა და სერვის ცენტრებში ვიზიტის განმახორციელებელი პირები;

. პირები, რომლებიც მონაწილეობენ ან ესწრებიან სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს/შეხვედრებს;

. სამსახურის თანამშრომლები, მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, ტექნიკური პერსონალი და სხვა ფიზიკური პირები, ვისი მონაცემების დამუშავებაც აუცილებელია სამსახურის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების პროცესში.

 

პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები

სამსახურის მიერ მუშავდება შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემები:

. მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ხელმოწერის ნიმუში;

. საკონტაქტო მონაცემები - ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

. დოკუმენტური მონაცემები - სხვადასხვა დოკუმენტებსა თუ მათ ასლებში ასახული ინფორმაცია, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო და მართვის მოწმობებში, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებში, სტატუსების დამდგენ დოკუმენტებში, სააღრიცხვო დოკუმენტაციაში, ხელშეკრულებებში/გარიგებებში, ანგარიშ-ფაქტურებში, ზედნადებებში და ა.შ. დაფიქსირებული მონაცემები;

. სოციალური, დემოგრაფიული მონაცემები - ინფორმაცია დასაქმების, მოქალაქეობის, სოციალური მდგომარეობის შესახებ, პირის სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, არასრულწლოვანი შვილებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ;

. ეკონომიკური საქმიანობის, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია - მიღებული შემოსავლების, მოგების და გაწეული

ხარჯების შესახებ; მატერიალური/არამატერიალური აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ; ასევე, გადასახადებთან და საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებული ინფორმაციები;

. საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის ან/და საქართველოს საბაჟო საზღვარზე/ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის, მათ შორის, პირადი ნივთების (ბარგის/ხელბარგის), სატრანსპორტო საშუალების, ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაცია;

. საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ ინფორმაცია;

. შრომით ურთიერთობასთან, დაქირავებით მუშაობასთან ან/და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული მონაცემები, მათ შორის, მიღებული ანაზღაურების/ ხელფასის/სარგებლის, მივლინების, საპენსიო შენატანების, დასაქმების პერიოდის, დამსაქმებლის, სამუშაო განაკვეთის და სტატუსის შესახებ ინფორმაცია;

. საბანკო მონაცემები - ანგარიშებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებული ინფორმაციები;

. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები: ბიომეტრიული მონაცემები - საქართველოს საზღვრის კვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელების და დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესში; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საგადასახადო შეღავათის გავრცელების ფარგლებში; ნასამართლობასთან, ბრალდებასთან, მსჯავრდებასთან დაკავშირებული მონაცემები - სამსახურისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების ფარგლებში;

. საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევასთან, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან და სხვა სახის დანაშაულებებთან დაკავშირებული მონაცემები;

. აუდიო-ვიზუალური ჩანაწერები, მათ შორის, ვიდეომონიტორინგის, აუდიომონიტორინგის, აუდიო-ვიდეომონიტორინგის სისტემის მონაცემები;

. სამსახურისთვის წარდგენილი განცხადებების/საჩივრების/წერილებისა და შეტყობინებების საქმისწარმოების მონაცემები;

. სამსახურის დისტანციური საკომუნიკაციო არხების გამოყენებით მომართვისას წარმოებული კომუნიკაციის მონაცემები;

. ტექნიკური ინფორმაცია - სამსახურის სერვისებით სარგებლობისას გამოყენებული მოწყობილობისა და სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ, მათ შორის, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, ოპერაციული სისტემა და სხვა ინფორმაცია.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლოა დადგეს სხვა ტიპის მონაცემების დამუშავების საჭიროება.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

სამსახური პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნების გათვალისწინებით:

. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მიზნით;

. გადასახადების/გადასახდელების და შესაბამისი მოსაკრებლების ადმინისტრირების მიზნით;

. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის განხორციელების მიზნით;

. საგადასახადო და საბაჟო კონტროლის, საბაჟო ფორმალობებისა და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით;

. საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით;

. საპასპორტო კონტროლის განხორციელების, ასევე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის მიზნით;

. არასატარიფო კონტროლის, სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებების, ასევე, ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

. "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უწყებრივი სანებართვო/სალიცენზიო რეესტრის წარმოების მიზნით;

. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ/აკრძალულ პირთა სიის წარმოების მიზნით;

. გადასახადის გადამხდელთათვის მომსახურების გაწევის, მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

. დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი განცხადებების, წერილების, საჩივრების, მათ შორის გადასახადის გადამხდელთა მოთხოვნების განხილვის მიზნით;

. სამსახურისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, გადაწყვეტილებების, კორესპონდენციებისა და შეტყობინების დაინტერესებულ პირთათვის ჩაბარების მიზნით;

. სამსახურისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული და ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით;

. სამსახურის სამართლებრივი უფლებებისა და ლეგიტიმური ინტერესების დაცვის მიზნით, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში და საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ დავებთან დაკავშირებით;

. კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულების კონტროლის მიზნით სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით;

. ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელების ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

. სამსახურის და სხვა პირთა საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით;

. სამსახურის საკონტაქტო ნომერზე - 2 299 299, RS ჩათის, სოციალური ქსელის - „Facebook“ მესენჯერისა და სამსახურის ელექტრონული ფოსტით - info@rs.ge -ს მეშვეობით მოწოდებული ინფორმაციის და მოქალაქეთა მოთხოვნებზე რეაგირების დაფიქსირების და შემდგომი მონიტორინგის მიზნით; . . ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ შეუფერხებელ გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში საკონტაქტო ნომრებზე 2 261 112 და 2 261 446 ან სხვა დისტანციური არხების (მაგ.: ელექტრონული ფოსტა ncts.hd@rs.ge) მეშვეობით შემოსული შეტყობინებების/მოთხოვნების დამუშავების/განხილვისა და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით;

. „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და „საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“, შემოსავლებზე ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან/და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის, საბაჟო სფეროში მონაცემების საერთაშორისო გადაცემის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

. გადასახადის გადამხდელთა შესახებ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ინფორმაციის მიღებისა და გაცემის მიზნით;

. სტატისტიკური და ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით;

. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების მიზნით, რაც თავსებადია მონაცემების დამუშავების თავდაპირველ მიზანთან.

მონაცემთა სუბიექტისთვის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილების მიღებას სამსახური არ ახორციელებს სრულად ავტომატიზებულად, ადამიანური რესურსის ჩართვის გარეშე, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე.

 

მონაცემთა დამუშავების სავალდებულოობა

სამსახურისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების ფარგლებში ინფორმაციის მიწოდების სავალდებულოობა გამომდინარეობს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობიდან.

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ასევე, ნებისმიერი პირის მიმართ რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულია საბაჟო ფორმალობის განხორციელებაში ან რომელსაც ეხება საბაჟო კონტროლი, კანონმდებლობის თანახმად დადგენილია ვალდებულება საბაჟო ორგანოს წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტი ან/და სხვა ინფორმაცია, აგრეთვე გაუწიოს დახმარება საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში. საბაჟო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ასევე დადგენილია საბაჟო სფეროსთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომელიც განსაზღვრავს საქონლის საერთაშორისო გადაადგილების ან/და საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებისას რიგი ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისათვის/საბაჟო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულებას.

ამასთან, პირის მიერ საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა.

 

პერსონალური მონაცემების შეგროვების წყაროები

სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების მოპოვება/შეგროვება ხორციელდება როგორც უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მესამე პირებისგან, მათ შორის, ფინანსური ინსტიტუტებისგან, დეკლარანტებისგან, საგადასახადო აგენტებისგან; კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიზნით განხორციელებული პროცესებიდან გამომდინარე, საბაჟო ან/და საგადასახადო კონტროლის განხორციელების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტებიდან, მონაცემებიდან ან/და ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციიდან.

სამსახურის მიერ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ხორციელდება - პირის მიერ განცხადებით/საჩივრით მომართვისას; სამსახურის ვებსერვისებით სარგებლობის მიზნით ელექტრონული სერვისების გვერდზე რეგისტრაციისას; სამსახურის დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელით, ვებგვერდით) კომუნიკაციისას; სამსახურის მიერ ვიდეომონიტორინგს დაქვემდებარებულ სივრცეში ვიზიტისას; სამსახურის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე, ღონისძიებებზე დასწრებისას ან/და დასწრების მიზნით რეგისტრაციისას; საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების/პროცედურების შესრულებისას; ასევე, სხვა შემთხვევებში როდესაც მონაცემთა სუბიექტი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით აწვდის სამსახურს ინფორმაციას/დოკუმენტაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სამსახური უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახურებრივი მიზნებისათვის ადმინისტაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს ან/და მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით სამსახურისათვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა/გამჟღავნება

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურში დამუშავებული პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეთ მესამე პირებს, მათ შორის, კერძო და საჯარო დაწესებულებებს, საზედამხედველო და მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოებს, სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად ან/და სამსახურის უფლებამოსილების განსახორციელებლად. აგრეთვე, თუ აღნიშნული მიიჩნევა ადეკვატურ და რელევანტურ ზომად სამსახურის ან/და მესამე პირ(ებ)ის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, მონაცემთა გადაცემა ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცხადებულ თანხმობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ასევე დადგენილია, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის კანონით გათვალისწინებული შემთხვევები და ინფორმაციის მიმღები უფლებამოსილი პირები.

მონაცემები, ნებისმიერი საფუძვლით მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნა, მათ შორის, მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის დაცვის უზრუნველყოფის გარანტიები. ამასთან, მესამე პირები, რომლებსაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაეცემათ ინფორმაცია, ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის საიდუმლოება.

აღსანიშნავია, რომ სამსახურის მიერ დამუშავებული მონაცემებიდან საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს - გადასახადის გადამხდელის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 11 ნაწილით დადგენილი ინფორმაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის მიერ გავრცლებული საჯარო შეტყობინება/დოკუმენტი. ასევე საჯაროა, "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უწყებრივი სანებართვო/სალიცენზიო რეესტრის წარმოების ფარგლებში დამუშავებული მონაცემები.

 

პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირები და უფლებამოსილი პირები

სამსახური, რიგ შემთხვევებში, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირ(ებ)თან ერთად ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას, რა დროსაც, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით თითოეულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა წინასწარ წერილობით განსაზღვრულია - შესაბამისი სამართლებრივი აქტით თუ მონაცემთა თანადამუშავება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ან/და წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

სამსახური სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის მართვაში მონაწილეობას. საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ხორციელდება უწყებათშორისი ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ურთიერთკავშირი და ურთიერთდაშვება. ამასთან, სამსახურის საინფორმაციო სისტემების ფუნქციონირება დამყარებულია მონაცემთა უსაფრთხოებასა და დაცულობაზე. მონაცემთა ბაზების მართვა და შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით:

. საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლი და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ხორციელდება სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ასევე, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონელი საბაჟო კონტროლის გარდა, ექვემდებარება სხვა სახის კონტროლს, რომელიც საჭიროებს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების/უწყებების ჩართულობას, აღნიშნული კონტროლი ძირითადად ხორციელდება ერთი სარკმლის პრინციპის გათვალისწინებით.

. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განხორციელებას, საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულებებისა და საბაჟო ფორმალობების შესრულების უზრუნველყოფას, სათანადო დოკუმენტების შევსებას, რეგისტრაციასა და აღრიცხვას, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საბაჟო ორგანო ახორციელებენ „ერთი ფანჯრის“ პრინციპით.

. საქონლის საერთაშორისო გადაადგილებასთან დაკავშირებული აკრძალვების და შეზღუდვების ეფექტურად მართვის მიზნით, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ შესაბამისად, ფუნქციონირებს ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემა, სადაც გაერთიანებულია პასუხისმგებელი/მაკონტროლებელი და ნებართვების/ლიცენზიების გამცემი სახელმწიფო უწყებები.

. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ჩართულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ ტვირთების საერთაშორისო გადაადგილების კონტროლს.

. საჰაერო გადამზიდველის მიერ სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მიწოდებული მგზავრის წინასწარი მონაცემებზე წვდომას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლის ორგანო, სასაზღვრო უსაფრთხოების ორგანო და საბაჟო კონტროლის ორგანო.

. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და ელექტრონული სისტემის მეშვეობით. საპენსიო შენატანების ეფექტიანი ადმინისტრირების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით სამსახური და საპენსიო ფონდი ახორციელებენ მონაცემების მიმოცვლას.

. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო და სამსახური ერთი სარკმლის პრინციპით ახორციელებენ მეწარმე სუბიექტებისთვის გარკვეული კატეგორიის სერვისების მიწოდებას.

. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების კონტროლის მიზნით სამსახურის მიერ მოპოვებული მონაცემების დამუშავებას კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებაზე კონტროლს სამსახურთან ერთად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შემოწმების ფარგლებში, უწყებებს შორის ხორციელდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალური, ტექნიკური, პროგრამული მხარდაჭერის მიზნით, მონაცემთა დამუშავების პროცესში სხვადასხვა როლით, ფუნქციით და საჭიროებით ჩართულნი არიან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები.

სამსახური დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით მონაცემებს ამუშავებს, მხოლოდ სამართლებრივი აქტის ან დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან დადებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლითაც წინასწარ განსაზღვრულია მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები, დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები, მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები. ასევე, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და კანონის მოთხოვნების დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღება. სამსახური მონაცემთა დამუშავების პროცესში თანამშრომლობს პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების დაცვის სათანადო გარანტიებს. მონაცემთა დამუშავების შესახებ შეთანხმების დადება არ ხდება, თუ დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე.

დაინტერესებული პირისთვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მომსახურების დისტანციურად გაწევისას ელექტრონული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესში პიროვნების ნამდვილობის შემოწმების მიზნით სამსახური იყენებს ტექნიკურ უზრუნველყოფას, რომელიც სრულდება დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სისტემის საშუალებით. სამსახურის ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას, სერვერული ინფრასტრუქტურისა და ქსელის უსაფრთხოებას, მათ შორის, უსაფრთხოების ინსტრუმენტებს და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს მართავს სსიპ საფინანსო ანალიტიკური სამსახური (FAS), რომელთანაც სამსახურს გაფორმებული აქვს სერვის დონის შეთანხმება (SLA). სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური ასევე, უზრუნველყოფს სამსახურს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურებით.

მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების და უფლებამოსილი პირების ჩამონათვალი არ არის სრული, ამომწურავი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს, სამსახურის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის გარანტიით.

 

მონაცემთა შენახვა

სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემები ინახება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების მიზნით, მათ შორის, სამსახურის მიმართ არსებულ ან/და მოსალოდნელ საჩივრებზე, განცხადებებსა და წერილებზე შესაბამისი რეაგირების განხორციელების მიზნით; ანალიტიკური კვლევის, არქივირების და სტატისტიკური მიზნებისთვის; ასევე, სამსახურის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით.

საქმეების და დოკუმენტების შენახვის ვადები დადგენილია მოქმედი კანონმდებლობითა და სამსახურის საქმეთა ნომენკლატურით. ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, ზოგიერთი ინფორმაციული აქტივისთვის ინდივიდუალურად არის განსაზღვრული შენახვის ვადა.

 

პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა

სამსახური მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა ძირითადად შესაძლებელია განხორციელდეს „საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“, „საგადასახადო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“, „საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ და შემოსავლებზე ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ან/და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებიდან, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ფარგლებში, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა ასევე შესაძლებელია განხორციელდეს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების ფარგლებში, რომელიც არეგულირებს საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებულ საკითხებს და მათ შორის მოიცავს საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის დებულებებს.

 

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების შესახებ

სამსახური ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვას უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. მონაცემების დამუშავების ხასიათის, მოცულობის, საშუალებების, კონტექსტისა და მიზნების გათვალისწინებით უსაფრთხოების ადეკვატური ორგანიზაციულ/ტექნიკური ზომების არსებობის/დანერგვის/მიღების გზით, სამსახურის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვა არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, მონაცემთა დაკარგვისგან, დაბლოკვისგან, კოპირებისგან, გავრცელებისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, შეცვლისგან, წაშლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.

სამსახური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომლებიც ეფუძნება და იმეორებს საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 მოთხოვნებს, აქტიურად ნერგავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას, რომელიც ითვალისწინებს რიგი ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის დაცვას/შენარჩუნებას.

პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისათვის სამსახური იღებს ორგანიზაციულ ზომებს - შესაბამისი პროცედურების, ინსტრუქციების მიღებისა და მათ შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელების გზით. სამსახურის მიერ უზრუნველყოფილია წვდომების მენეჯმენტი და მონაცემებზე წვდომების შესაბამისობის კონტროლი. სამსახურში ასევე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან ასაცილებლად, გამოსავლენად და აღსაკვეთად. სამსახური უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლის ინფორმირებას პერსონალური მონაცემების დაცვის წესების თაობაზე, ზრუნავს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში. აგრეთვე, თანამშრომლებს ეკისრებათ ვალდებულება დაიცვან კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც და გაფრთხილებული არიან დარღვევის შემთხვევაში შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ.

სამსახური პერიოდულად ახორციელებს მონაცემების უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომების შემოწმებას, ეფექტიანობის გადახედვას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს მათ განახლებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები

სამსახურში არსებულ მონაცემებთან მიმართებით მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:

. მოითხოვოს დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა მისი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის, მიზნის, შეგროვების/მოპოვების წყაროს და შენახვის ვადების მითითებით;

. მოითხოვოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლის, მიზნების, მონაცემთა მიმღების ვინაობის ან კატეგორიების შესახებ; მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას; მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

. გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;

. მოითხოვოს - მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება ან დაბლოკვა, მონაცემთა გადატანის უფლებით სარგებლობა, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;

. ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი;

. პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს;

. სამსახურის მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება გაასაჩივროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში.

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

. სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან /და თავდაცვის ინტერესებს;

. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

. დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ -სამძებრო საქმიანობას;

. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

. მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

. მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

. სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას;

. ზემოაღნიშნულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;

. სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამსახურის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - თამარ ქიშმარია; საკონტაქტო მონაცემები: ტელ.: 599 75 88 27; ელ. ფოსტა: t.kishmaria@rs.ge.

. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია სამსახურის დისტანციური საკომუნიკაციო არხების გამოყენებით: საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე - 2 299 299;

. სამსახურის სოციალური ქსელის - „Facebook“ მესენჯერის, სამსახურის RS ჩათის, ელექტრონული ფოსტის - info@rs.ge მეშვეობით ან/და სერვის ცენტრში ვიზიტის გზით.

სამსახურის კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება გადახედვას და საჭიროებისამებრ განახლებას.