გადაწყვეტილება №18888/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18888/2/2023
24.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 16.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18888/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23342 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2022 წლის №081-166 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1719 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 523 476,58 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 247 207
ჯარიმა - 114 021
საურავი - 162 248,58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 8.04.2021 წლის №081-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23342 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით დაედგინა უძრავი ქონების მიწოდებისას, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23342 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 23.09.2022 წლის №081-166 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1719 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლის მარტის თვეში მთლიანად არის დაბეგრილი იმ ფართების ღირებულება, რომლებზეც არ არის მიღებული საკომპენსაციო თანხები და არც შესაბამისად ფართები არ არის საკუთრებაში გადაცემული (რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მყიდველებზე). ეს ქმედება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის განმარტებას: დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მარეგულირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარეების მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე-ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
მყიდველებთან დადებული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა შემდეგ პირობას: ,,მყიდველებთან“ გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 მუხლი: საკუთრების უფლების გადასვლა ,,მყიდველზე“ ქონების ღირებულების მხოლოდ სრულად გადახდის შემდეგ შეიძლება მოხდეს. ,,მყიდველთან“ გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 მუხლი: ,,გამყიდველი“ უფლებას იტოვებს გადადოს ,,მყიდველისათვის“ ფართის მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადაცემა იმ ვადით, რა ვადითაც ,,მყიდველმა“ დააგვიანა ღირებულების ან მისი ნაწილის გადახდა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილი მკაფიოდ განმარტავს, რომ თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარეების მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე-ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი არის დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო, ვინაიდან ,,მყიდველების“ სოლიდურ ნაწილს ჯერ არ დაუფარია ნასყიდობის საგნის ღირებულება. ასევე შპს „----------“ დირექტორი, თავის ახსნა განმარტებაში, რომელიც შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის უფროსის სახელზე, განმარტავს რომ შენობის ძირითადი ნაწილის მშენებლობა დასრულდა 2019 წლის მარტის თვეში და მომავალ მესაკუთრეებს უფლება მიეცათ ეწარმოებინათ სარემონტო სამუშაოები.
ამ ახსნა-განმარტებაში მკაფიოდ წერია მომავალი მესაკუთრეები, აქედან გამომდინარე საგადასახდო აქტში დღგ-ის დარიცხვისათვის, ის ვერანაირად ვერ გამოდგება იმის მტკიცებულებად, რომ მესაკუთრეებს ფართი გადაეცათ. დამატებით მტკიცებულების მოპოვების მიზნით მომჩივანმა მიმართა სს ენერგო პრო ჯორჯიას, ---------- ში გამრიცხველიანების ინფორმაციის მოწოდების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სს ენერგო პრო ჯორჯიასაგან მიიღო აბონენტის ბარათი, სადაც აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია მხოლოდ შპს „----------“ მრიცხველის კოდი, რაც იმის მტკიცებულებაა რომ მობინადრეებზე ჯერ სრულად არ არის გაფორმებული ფართები, აქედან გამომდინარე, ვერ რეგისტრირდებიან აბონენტებად.
წარმოდგენილია იმ მომავალი მესაკუთრეების სიაც, ვისაც არ დაუფარავს ბოლომდე დავალიანება (არ შეუსრულებია ვალდებულება) კომპანიის წინაშე და ფართები არ დაურეგისტრირდათ საკუთრებაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა ბარტერული გაცვლის ოპერაციის საბაზრო ღირებულებას. მიაჩნდა, რომ შემოწმებით განსაზღვრული ფასი არ შეესაბამება რეალურ საბაზრო ფასს. ამასთან, მისი განმარტებით, საგადასახადო შემოწმების მიერ 2019 წლის მარტის თვეში მთლიანად არის დაბეგრილი იმ ფართების ღირებულება, რომლებზეც არ არის მიღებული საკომპენსაციო თანხები და შესაბამისად, ფართები არ არის საკუთრებაში გადაცემული.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი ითხოვს ბარტერული ოპერაციის საბაზრო ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას შპს „----------“ გადაცემული ფართის ღირებულება, რომელიც შეადგენს 1 მ 2 -ზე 148 აშშ დოლარს. აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ გადაცემულ იქნა სულ 391 მ 2 ფართი, რომლიდანაც 375 მ 2 წარმოადგენდა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში გადასაცემ ფართს და მხოლოდ 16,8 მ 2 ფართის ღირებულების გადახდა განხორციელდა. ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საბაზრო ფასის განსაზღვრისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა მშენებლობის საბაზრო ფასის პრინციპით, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი არ წარმოშობილა.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბინების რეალიზაციის ხელშეკრულებები, რომლებიც შემოწმების პროცესში დამუშავებულ და გათვალისწინებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. შემოწმებამ დღგ-ით დაბეგვრის მომენტის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელა ფაქტობრივი ცხოვრების/სარგებლობის უფლების გადაცემის მომენტით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის #473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა 2019 წლის მარტის თვეში იმ ფართების ღირებულების დაბეგვრა, რომლებზეც არ არის მიღებული საკომპენსაციო თანხები და შესაბამისად, არც ფართები არ არის საკუთრებაში გადაცემული (რეგისტრირებული საჯარო რეესტრში მყიდველებზე). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.02.2023 წლის №1719 ბრძანება;
3. საჩივარი ფართების რეალიზაციის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.