გადაწყვეტილება №25911/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25911/2/2025
09 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 28.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25911/2/2025).
დავის საგანი:
სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №068-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19886 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 113 568,6 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 71 798,68
დღგ - 15 820,76
საშემოსავლო გადასახადი - 54 169,63
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 21
ქონების გადასახადი - 1 787,29
ჯარიმა - 34 917,50
საურავი - 6 852,42
ფაქტების აღწერა
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისთვის.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდი, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22205 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელი სატენდერო შეთავაზების ფარგლებში "-------"-ის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ასრულებს სკვერებისა და სათამაშო მოედნების მოწყობის, სარწყავ-სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისა და სხვადასხვა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს.
შემოწმების პროცესში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ელექტრონული დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები და ასევე წარმოდგენილი დეკლარაციები), ასვე გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები და საბუღალტრო პროგრამა „ორისისა“ და „ფინას“ ბაზები და საბანკო ამონაწერები) და ასევე სახელმწიფო შესყიდვების საიტზე არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე "------"-ის მუნიციპალიტეტის მიერ ჩარიცხული თანხები (ჯამში 109 622 ლარი) სრულად არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში. შესაბამისად, აღნიშნული თანხით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი.
ასევე, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან, კერძოდ, „შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეულის“ გრაფაში შემოწმებით გასანზღვრული ხარჯი 2022-2024 წწ ჯამურად 134 498 ლარით ნაკლებია დეკლარირებული მონაცემისაგან. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობით შემცირდა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით დგინდება, რომ 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ჯამი განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით დათვლილ იქნა მომჩივნის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომელთა ჯამი სალდირებულად 25 931 ლარით აჭარბებს 2022-2024 წლების ერთობლივი შემოსავლიდან დეკლარირებულ გამოსაქვითი ხარჯების ჯამს.
შესაბამისად, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები, კერძოდ, 2022-2024 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები სალდირებულად გაიზარდა 25 931 ლარით, რითაც შემცირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი შემოსავალი.
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 4 ივლისის №15149 ბრძანება და ამავე თარიღის №068-10 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში ითხოვდა, წარდგენილი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი პროცენტის ხარჯში გათვალისწინებას და ასევე სანქციებისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19886 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 სექტემბრის №19886 ბრძანება, სანქციებისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არსებობს და ფუნქციონირებს 25 წლის განმავლობაში და კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს აღნიშნულ პერიოდში, საგადასახადო კოდექსის 189-ე მუხლის 1 და 2 ნაწილის მიხედვით ითხოვს განთავისუფლდეს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით;
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული
დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს განთავისუფლდეს დარიცხული ჯარიმა-საურავებისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისთვის. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.მომჩივნის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის მიერ ჩარიცხული თანხები სრულად არ არის ასახული საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში. შესაბამისად, აღნიშნული თანხით გაიზარდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი. ასევე, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების მიხედვით, ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯები განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან, კერძოდ, „შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეულის“ გრაფაში შემოწმებით გასანზღვრული ხარჯი 2022-2024 წწ ჯამურად 134 498 ლარით ნაკლებია დეკლარირებული მონაცემისაგან. შესაბამისად, აღნიშნული ოდენობით შემცირდა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ხარჯი.
ასევე,2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდების საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ჯამი განსხვავდება შემოწმებით დადგენილისაგან.შესაბამისად, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269,275.