გადაწყვეტილება №17799/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17799/2/2022
22.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ--------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 22.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“ 21.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17799/2/2022).
დავის საგანი:
სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილების მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2022 წლის №094-41 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23331 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 24 589 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 16 161
ჯარიმა - 8 080
საურავი - 348
ფაქტების აღწერა
გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, საცალო ვაჭრობა სხვა საპოხი პროდუქციით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდების საგადასახადო შემოწმება, მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მიხედვით, განაწილებული დივიდენდის თანხა შეადგენს სულ 740 482 ლარს. 2019 წლის მაისის თვეში დივიდენდის სახით გაცემულია 91 579 ლარი, რომელიც დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით, ხოლო მოგების გადასახადით არ არის დაბეგრილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გაცემული დივიდენდის თანხა (87 000 ლარი) მიღებულია სპეციალური სავაჭრო კომპანიის შპს „-------------“ (ს/ნ --------------) მოგების განაწილებიდან. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და სპეციალური სავაჭრო კომპანიისგან მიღებული დივიდენდის განაწილება (87 000 ლარი) დაიბეგრა მოგების გადასახადით და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.04.2022 წლის №9970 ბრძანება და 20.04.2022 წლის №094-41 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.09.2022 წლის №23331 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 241 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით, 130-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის ------- ბრენდის --------ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანიამ 2011 წელს დააფუძნა შპს „-----------“, რომელსაც მიენიჭა სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი. შპს „----------“ მისი შვილობილი კომპანიისგან მიღებული დივიდენდის განაწილებას ახორციელებდა მის დამფუძნებელ სუბიექტებზე. ვინაიდან, სპეციალური სავაჭრო კომპანია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, არ ახდენდა დივიდენდის განაწილებისას გასაცემი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
კომპანია გასცემს დივიდენდს, როგორც მის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან გამომუშავებული მოგებიდან, ასევე, სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან მიღებული დივიდენდიდან. გასაცემი დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისათვის ახორციელებს დივიდენდად გასაცემი თანხების წარმომავლობის მიხედვით გამიჯვნას.
განმარტავს, რომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 241 მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით და ვინაიდან, სპეციალური სავაჭრო კომპანია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ დივიდენდის გაცემა იურიდიულ პირ პარტნიორზე არ ითვლება მოგების განაწილებად, რადგან კანონმდებელს დადგენილი აქვს, რომ სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ დივიდენდის განაწილება არ უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასეთი კომპანიიდან პარტნიორი იურიდიული პირის მიერ მოგების შემდგომი განაწილება პარტნიორ ფიზიკურ პირებზეც არ ექვემდებარება დაბეგვრას. შესაბამისად, არ ახორციელებდა დივიდენდის განაწილებისას გასაცემი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას.
მომჩივანი აცხადებს, რომ არ ახდენს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდებას და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება;
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 241 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.
საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდების განაწილება.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ 2019 წლის მაისის თვეში დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულია დივიდენდი, რომელიც დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მოგების გადასახადით არ არის დაბეგრილი. დივიდენდი მიღებულია სპეციალური სავაჭრო კომპანიის შპს „-------------“ (ს/ნ ------------) (შვილობილი კომპანია) მოგების განაწილებიდან. სპეციალური სავაჭრო კომპანიისგან მიღებული დივიდენდის განაწილება დაიბეგრა მოგების გადასახადით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ვინაიდან, სპეციალური სავაჭრო კომპანია გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, ხოლო სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ დივიდენდის გაცემა იურიდიულ პირ პარტნიორზე არ ითვლება მოგების განაწილებად, მიაჩნია, რომ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან პარტნიორი იურიდიული პირის მიერ მიღებული მოგების შემდგომი განაწილება პარტნიორ ფიზიკურ პირებზეც არ ექვემდებარება დაბეგვრას.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის არგუმენტები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ზემოთ დასახელებული ნორმების მიხედვით, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების შეღავათი ეხება მხოლოდ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიის მიერ განაწილებულ დივიდენდს და არა მის მიერ განაწილებული დივიდენდის შემდგომ განაწილებას.
მხარეთა არგუმენტების, ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების და სადავო საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისგან მიღებული დივიდენდის განაწილების მოგების გადასახადით დაიბეგრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.