გადაწყვეტილება №19342/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19342/2/2023
19 მაისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------- " (ს/ნ "------- " )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------- " -ის 6.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19342/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №CB1424023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4390 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №CB1424023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. „------“ ), გადამოწმების დროს (8.12.2022 წ. 10:18 სთ) გამოვლინდა 4 122,5 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის (ფიცარი 4,85 მ 3 X 850 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2023 წლის №4390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე2 და მე-3 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
ხის მასალა მიჰქონდა თავისი ოჯახის პირადი საჭიროებისთვის და არა სარეალიზაციოდ. შესაბამისად ასეთი შეუსაბამო ჯარიმა და თანაც მასალის ჩამორთმევა ძალიან დიდი ტვირთია მისი ოჯახისთვის. გასაყიდად, რომ სდომებოდა მასალა, რა თქმა უნდა, ზედნადები ექნებოდა, თანაც არანაირ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. მომჩივანი, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული მასალის დაბრუნებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №------- წერილიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „------“ , რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (4 122,5 ლარის საბაზრო ღირებულების 4,85 მ 3 დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივნის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. ხის მასალა მიჰქონდა თავისი ოჯახის პირადი საჭიროებისთვის და არა სარეალიზაციოდ.
მომჩივანმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის რამდენჯერმე მართლაც მოახდინა ხე-ტყის ტრანსპორტირება, თუმცა ამ შემთხვევაში ხე-ტყე, ვინაიდან უნდოდა პირადი მოხმარებისათვის (აშენებს ფერმას) შესაძლოა დაუშვა შეცდომა, როდესაც არ გამოწერა ზედნადები. მომჩივანმა მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება და ჩამორთმეული საქონლის დაბრუნება ან დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №CB1424023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №CB1424023 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სადავო საკითხი
მომჩივანი, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული მასალის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამოწმების დროს გამოვლინდა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებისას მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
136(4),286(12),269(7)
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესი :72