ბრძანება N 23044
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23044
20 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,-------’’ (ს/ნ ,,-------’’)
(მის.:,,-------’’)
2023 წლის 26 და 27 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს და 14 სექტემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №83 და №95) განიხილა შპს ,,------’’ (ს/ნ ,,-------’’ ) №18724/2/2023, №13966/01, №78623/1/2023 და №14651/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №094-127 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-41 ნაწილის საფუძვლზე, ქონების გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს ბალანსზე არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ფასები აღებული აქვს 2022 წლის პერიოდის ბოლოს არსებული საბაზრო ფასებით და აღნიშნული ფასები გამოყენებულია 2019-2021 წლებში ბალანსზე არსებული ქონებების საბაზრო ფასების დასადგენად ან გაკეთებული აქვთ კორექტირებები წინა შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით, მაგრამ არასაკმარისი პროცენტული ფასდაკლებებით, ვიდრე პანდემიის პერიოდში რეალურად ბაზარზე არსებული მდგომარეობა იყო. აცხადებს, რომ მიცემული აქვთ დავალება დარგის ექსპერტებისთვის, რომელთა დასკვნებს და შეფასებებს წარმოადგენს მოგვიანებით. აცხადებს, რომ პანდემიის პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრად დაეცა საბაზრო ფასები. საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა მის მიერ შერჩეულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნები უძრავი ქონებების საბაზრო ფასების განსაზღვრის შესახებ.
არ ეთანხმება ასევე, ქონების საბაზრო ფასში დღგ-ის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ქონების საბალანსო ღირებულებაში არ ჩაირთვება დაბრუნებადი გადასახადები, მათ შორის დღგ. შესაბამისად, საწარმოს ბალანსზე ქონების თავდაპირველი ღირებულება აღირიცხება დღგ-ის გარეშე. აცხადებს, რომ საწარმო, რომელიც ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ქონების საბალანსო ღირებულებაში არ რთავს დღგ-ის. ასევე, ქონება, რომელიც შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში, არ ფასდება საბაზრო ღირებულებით და შესაბამისად იბეგრება დღგ-ის გაუთვალისწინებლად. თუმცა, თუ არ იცვლება ქონების საბაზრო ფასი (დღგ-ის გარეშე) მისი საბალანსო ღირებულებისგან - ეს იწვევს გადამხდელისთვის ზედმეტი გადასახადის დაკისრებას. ასევე აღნიშნავს, რომ საბაზრო ფასით შეფასებისას კანონმდებელი გამორიცხავს გადამხდელის დასჯას.
გადამხდელს არასამართლიანად მიაჩნია საბაზრო ფასის გამოყენება იმ ქონების მიმართ, რომელიც ექვემდებარება აფასებას კოეფიციენტის გამოყენებით. საჩივარში წარმოდგენილი აქვს ვრცელი არგუმენტები და მსჯელობა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესთან დაკავშირებით.
აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებულ შეფასებებში (სექსპერტო დასკვნებში) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას არ არის გამიჯნული მიწის ღირებულება შენობანაგებობის ღირებულებისგან. არ ეთანხმება აღნიშნულს და მიუთითებს, რომ ფასს-ის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მიხედვით მიწა და ქონება ცალ-ცალკე აღირიცხება და გადასახადიც ცალ-ცალკე ერიცხებათ.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33224 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,------’’ (ს/ნ ,,-------’’) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2019, 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტებიდან (კერძოდ: შენობა-ნაგებობებიდან) გამომდინარე, ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 29 დეკემბრის №33685 ბრძანება და ამავე თარიღის №094-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 964 133 ლარი, მათ შორის: გადასახადი 964 133 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
შპს ,,-------’’ (ს/ნ ,,-------’’) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული და ჰიგიენური მოვლის საშუალებების რეალიზაცია სააფთიაქო ქსელის მეშვეობით. მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ განხორციელებული მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციებში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ღირებულებები ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. შემოწმებისას ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სისწორის განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობების) ღირებულებების შეფასება, რომელიც განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. კერძოდ, შეფასებულ იქნა უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობები) საბაზრო ღირებულებები 2019, 2020 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით. შეფასების შედეგად (ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად) გამოვლინდა სხვაობები ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან შედარებით. შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მის მიერ იჯარით გაცემულ შენობებზე მოიჯარის მიერ გაწული რემონტის ხარჯები და აღნიშნული რემონტის თანხებით შემცირებულია უძრავი ქონების შემფასებლების მიერ განსაზღვრული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობებზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
5. ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ეს წესი არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ განხორციელებული მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციებში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ღირებულებები ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდებოდა მათი საბაზრო ფასისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობა გადასახადის გადამხდელს და მიეცა შეთავაზება ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია. შედეგად, შპს „------ -ს " (ს/ნ ,,-------’’) ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სისწორის განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებების (შენობანაგებობების) ღირებულებების შეფასება, რომელიც განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. კერძოდ, შეფასებულ იქნა უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობები) საბაზრო ღირებულებები 2019, 2020 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით. შეფასების შედეგად (ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად) გამოვლინდა სხვაობები ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ეცნობა გადასახადის გადამხდელს (მიწოდებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნები) და მიეცა რეკომენდაცია ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების შედეგების შესაბამისად მოეხდინა შესაბამისი პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციების დაზუსტება, რაც არ განუხორციელებია. შემოწმებამ იხელმძღვანელა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნებით, სადაც განსაზღვრულია თითოეული ქონების ღირებულება 2019, 2020 და 2021 წლებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) დეკლარირებულ და შეფასების შედეგად (ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად) გამოვლენილ სხვაობებზე პერიოდების მიხედვით მოხდა ქონების გადასახადის დარიცხვა. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვება საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის უფლებამოსილება, ქონების გადასახადის მიზნებისათვის გამოყენებული საბაზრო ფასი არის დღგ-ის კომპონენტის შემცველი. ამასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ქონების ღირებულება და მიწის ღირებულება განსაზღვრულია ცალ-ცალკე და ქონების ღირებულება არ მოიცავს მიწის ღირებულებას. რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულებაზე საბაზრო ფასის გამოყენებას, ვინაიდან აღნიშნული ქონების საბალანსო ღირებულება განსხვავდებოდა საბაზრო ფასისგან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე და აღნიშნულ ქონებასთან მიმართებით გამოიყენა საბაზრო ფასი.
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შპს ,,------ - ს “ (ს/ნ ,,-------’’) კუთვნილი ქონებების საბაზრო ღირებულება გამოყვანილია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVSC) 2022 წლის მოქმედი რედაქციის შესაბამისად. შეფასებაში მოყვანილი მოსაზრებები ეფუძნება ექსპერტების პროფესიულ გამოცდილებას და შესაფასებელი ობიექტების მფლობელისაგან მიღებულ ინფორმაციას. მოქმედი შეფასების საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს უძრავი ქონების შეფასების სამ მიდგომას შესაბამისი მეთოდებით. არსებული და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოცულობისა და საიმედოობის გათვალისწინებით, შემფასებელი დამოუკიდებლად ირჩევს შეფასების მეთოდს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების შესაფასებლად ექსპერტების მიერ გამოყენებული იქნა შეფასების შედარების მეთოდი და დანახარჯების მეთოდი. მეთოდის შერჩევა განხორციელდა შესაფასებელი ობიექტების სპეციფიკის და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ექსპერტების მიერ ობიექტების ძირითადი ნაწილის შეფასება განხორციელდა შედარების მეთოდის გამოყენებით, ვინაიდან შსს-ს 105-ე ზოგადი სტანდარტის მე-60.2 პუნქტის თანახმად, შემფასებელმა დანახარჯების მიდგომა უნდა გამოიყენოს და მას მნიშვნელოვანი წონა მიანიჭოს იმ აქტივებთან მიმართებაში, როდესაც აქტივი არ წარმოადგენს უშუალოდ შემოსავლის მომტან აქტივს და მისი უნიკალური ბუნების გამო, პრაქტიკულად შეუძლებელია შემოსავლის ან შედარების მეთოდის გამოყენება. ცალკეული ობიექტების შემთხვევაში გამოყენებულია დანახარჯების მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს შედარების მიდგომის გამოყენებისათვის საკმარისი სანდო ინფორმაცია. კერძოდ, ცალკეულ რეგიონში ლოკალურად არააქტიური ბაზრის პირობებში არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია გასაყიდად შეთავაზებული ფართების ან/და შემდგარი გარიგებების შესახებ. ვინაიდან სტანდარტების შესაბამისად შედარების მიდგომის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას აქტიური ბაზრის არსებობა წარმოადგენს. მოპოვებული ინფორმაციის და ზოგადი ანალიზის, ასევე გავრცელებული პრაქტიკის და შესაბამისი ექსპერტული მიდგომის შედეგად - შესაფასებელი პერიოდების განმავლობაში, უძრავი ქონების ფასთა მნიშვნელოვანი ცვლილება აშშ დოლარში არ დაფიქსირებულა, შესაბამისად ფასთა სხვაობა ლარში გამოწვეულია ვალუტის კურსიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,------’’ (ს/ნ ,,-------’’ ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-41 ნაწილის საფუძვლზე, ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ღირებულებები ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. შემოწმებისას გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მის მიერ იჯარით გაცემულ შენობებზე მოიჯარის მიერ გაწული რემონტის ხარჯები და აღნიშნული რემონტის თანხებით შემცირებულია უძრავი ქონების შემფასებლების მიერ განსაზღვრული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის გათვალისწინებით, საწარმოს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობებზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
201,202(41),205(2,7)