ბრძანება N 28242

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 28242
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28242

16 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 11 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 11 ოქტომბრის №84020/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 სექტემბრის №225-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადამხდელი განმარტავს, რომ თანხები გადარიცხული აქვს ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოსთვის, რასაც ადასტურებს საწარმოს რეგისტრაციის სერთიფიკატი, რომელიც გაცემულია ჩინეთის სახელმწიფო ორგანოს მიერ. აგრეთვე, ბიზნეს ლიცენზია, რომ საწარმო ნამდვილად ჩინეთშია რეგისტრირებული. ასევე მიუთითებს, რომ პარტნიორი ჩინური კომპანია არ წარმოადგენს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანის საწარმოს. განმარტავს, რომ ჩინეთში რეგისტრირებული საწარმო აწვდის მასალებს წარმოებისათვის, ხოლო თანხის ანაზღაურება ხდება ჩინეთში რეგისტრირებული საწარმოს დავალებით ---------- ბანკში, ამავე საწარმოს საბანკო ანგარიშზე. აღნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბრიდან გადარიცხვებს ახორციელებს ამ კომპანიის დავალებით ----------- ---------- ბანკის ფილიალში და კონტრაქტის თანახმად, ყველა გადახდილი თანხა შესაბამისობაშია მიღებულ საქონელთან. ასევე აღნიშნავს, რომ მომწოდებლის პოლიტიკიდან გამომდინარე თუ წინასწარ არ გადაურიცხავს ავანსის თანხას, ისე პროდუქციის დამზადებას არ იწყებს. გადამხდელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის ყველა კონტრაქტი აღნიშნულ ---------- კომპანიასთან დასრულებულია, კერძოდ, თანხა გადახდილია და საქონელი სრულად მიღებულია.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20239 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“

(ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 აგვისტოს №20239 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 12 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 38 110 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 517 ლარი, ჯარიმა 36 593 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 სექტემბრის №225-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადარიცხული ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის დამატებითი შესწავლისთვის გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხები გადარიცხული იყო ჰონგ კონგის ბანკში, საქონლის მიმწოდებელი კომპანია არ წარმოადგენდა ჰონგ კონგში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებულ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

საწარმოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების არაგონივრულ ნაშთად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საკითხის შესწავლა და გადაანგარიშება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად, კერძოდ, გადამხდელის სალაროში გამოვლენილი არაგონიერული ფულადი ნაშთი, რომელიც საგადასახადო შემოწმებისას განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბაშისად, მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებისას სალაროში გამოვლენილი არაგონივრული ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ/მიღებულ სესხად დაკვალიფიცირებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, 80-ე, 81-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით დარიცხვას დაექვემდებარა არაგონივრული ფულადი ნაშთის დირექტორზე ხელფასად დაკვალიფიცირებიდან წარმოშობილი საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში დამატებით წარმოდგენილ იქნა ბიზნეს ლიცენზია (ასლი) ---------- ენაზე, მისი თარგმანი ქართულ ენაზე და ბიზნეს ლიცენზიაში (ასლი) ---------- ენაზე არსებული მონაცემების თარგმანის ნოტარიული (ქართული) აქტი. ასევე, რეგისტრაციის სერტიფიკატი --------- ენაზე, მისი თარგმანი ქართულ ენაზე და ნოტარიული (ქართული) აქტი, რომელმაც დაადასტურა რეგისტრაციის სერტიფიკატში ----------- ენაზე არსებული მონაცემების თარგმანი. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ორივე დოკუმენტის (ბიზნეს ლიცენზია (ასლი) ---------- ენაზე და რეგისტრაციის სერტიფიკატი ----------- ენაზე) უტყუარობა არ არის დამოწმებული სანდო ორგანოს მიერ. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიზნეს ლიცენზიაში (ასლი) ორგანიზაციის დასახელებაა შპს „-----------“, ხოლო რეგისტრაციის სერტიფიკატში --------------. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრებოდა უცხოური ორგანიზაციის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, გადაანგარიშების შედეგად ვერ მოხერხდა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საგადასახადო ვალდებულებების შესწავლა „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილების შესაბამისად, რის გამოც აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის ყველა კონტრაქტი აღნიშნულ უცხოურ კომპანიასთან დასრულებულია, კერძოდ, თანხა გადახდილია და საქონელი სრულად მიღებულია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისთვის გადარიცხული ავანსის მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხის დამატებითი შესწავლისთვის გადამხდელს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხები გადარიცხული იყო ბანკში, საქონლის მიმწოდებელი კომპანია არ წარმოადგენდა (ოფშორული ზონაში) რეგისტრირებულ კომპანიას. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

2.გადამხდელის სალაროში გამოვლენილი არაგონიერული ფულადი ნაშთი, რომელიც საგადასახადო შემოწმებისას განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.მიმდინარე გადაანგარიშების შედეგად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);304(21);