ბრძანება N 32689-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.09.2019
№ დოკუმენტი 32689-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანებაN 32689

20/09/2019

შპს -------------------

(მის: ქ. --------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 დეკემბრის N081-315 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხები განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 25 ივლისის და 15 აგვისტოს სხდომებზე (ოქმები N52 და N58).

საჩივარში აღნიშნული სადავო საკითხი:

გადამხდელი მიიჩნევს, რომ 2015 წლის საანგარიშო პერიოდი ხანდაზმულია, ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო 2019 წელს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 სექტემბრის N23824 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 07 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 11 დეკემბრის N35621 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 12 დეკემბრის N081-315 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 2014880.91 ლარით, მათ შორის გადასახადი 1066553 ლარი, ჯარიმა 523796 ლარი, ხოლო საურავი 424531.91 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

-2015 წლის მოგების დეკლარაციებში შემოწმების შედეგად დადგენილი სისტემურ-ელექტრონული (ტოტალიზატორი) ფორმით მიღებული შემოსავლები აღემატება საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, ხოლო 2016 წელს წარმოდგენილი აქვს მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია.

სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას განეკუთვნება: საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 2016 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდიდან მოყოლებული საკონტროლო სალარო აპარატის ფისკაური მეხსიერების ბარათის მონაცემების გათვალისწინებით.

სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან, რომელსაც განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2015 და 2016 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი საკონტროლო სალარო აპარატის ფისკაური მეხსიერების ბარათის მონაცემების გათვალისწინებით.

- გადამხდელის საბუღალტრო ჩანაწერებით დადგინდა რომ საზოგადოებას 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული აქვს საკვები პროდუქტების უსასყიდლოდ მიწოდება, რაც არ აქვს ასახული ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებაში.

სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების გათვალისწინებით.

- 2015 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას გამოვლინდა უზუსტობები შემოწმებით დადგენილ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ ბინგოს, ინტერნეტ სლოტისა და სხვა ჩვეულებრივი (15%-იანი) დაბეგვრას დაქვემდებარებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი წარმოდგენლი დეკლარაციის თანახმად შეადგენს 3 123 941 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად დაუდგინდა 2 098 944 ლარი. ხოლო 2016 წელს გადამხდელს წარმოდგენილი აქვს მოგების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, გამომდინარე აქედან შემოწმებით განხორციელდა ერთობლივი შემოსავლის ფორმირება მათ შორის ბინგოს, ინტერნეტ სლოტის და პროგრამის შემოსავლის ნაწილში, რამაც შესაბამისად შეადგინა 197 802 ლარი, 382 542 ლარი და 5 279 ლარი.

სსკ-ის 99-ე მუხლის შესაბამისად აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა, თავისუფლდება მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან, აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული იქნა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა როგორც ძირითად გადასახადში ასევე ჯარიმის სახით სსკ-ის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

- საზოგადოებას შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის N927/01 ბრძანების საფუძველზე მიღებული აქვს ბინგოს მოწყობის ნებართვა N19-08/08. აღნიშნული ნებართვის რეგლამენტის თანახმად საპრიზო ფონდი თითოეული გათამაშებისთვის შეადგენს რეალიზებული ბილეთების არანაკლებ 70%-ს, რეგლამენტის მონაცემებიდან გამომდინარე შემოწმებით სსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა ბინგოს გათამაშებებიდან გაცემული მოგებები.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე სსკ-ის 154-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით გადამხდელს განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 64-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესი ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.

სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან. ხოლო მე-13 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა გაშვებულად არ მიიჩნევა, თუ საგადასახადო ორგანომ შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე განათავსა.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალებით ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანომ 2018 წლის 12 დეკემბრის N081-315 საგადასახადო მოთხოვვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განათავსა აღნიშნული აქტის გამოცემის დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსდა 2018 წლის 12 დეკემბერს, 2015 წლის საანგარიშო პერიოდი არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2 და 2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:

„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.

„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:

„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2¹.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2².საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.

ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე;

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს საქართველოს კანონით განხორციელებულ ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგები გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება.

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას და მიუთითებს, რომ 2015 წლის საანგარიშო პერიოდი ხანდაზმულია, ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო 2019 წელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად, მოგების დეკლარაციებში შემოწმების შედეგად დადგენილი სისტემურ-ელექტრონული (ტოტალიზატორი) ფორმით მიღებული შემოსავლები აღემატება საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, სალარო აპარატის ფისკაური მეხსიერების მონაცემების გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გაანგარიშებული იქნა 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა.

საგადასახადო ორგანომ 2018 წლის 12 დეკემბრის N081-315 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განათავსა აღნიშნული აქტის გამოცემის დღეს.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსდა 2018 წლის 12 დეკემბერს, 2015 წლის საანგარიშო პერიოდი არ წარმოადგენს ხანდაზმულ პერიოდს და აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

ამასთან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4(1); 4(2); 73; 100; 102(2); 269(21); 275; 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161