ბრძანება N 26659 -2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 26659
01/08/2019
შპს -------
(მის: ქ. ----------.)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის N094-303 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 07 ივნისის და 04 ივლისის სხდომებზე (ოქმები N38 და N46).
საჩივარში აღნიშნული სადავო საკითბი:
დაქირავებული პირებისთვის მათი ოჯახის წევრების მგზავრობის და სხვა მიზნისთვის ანაზღაურებული თანხების სარგებლად და ხარჯად არაღიარება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 ივნისის N14678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს -----გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 28 დეკემბრის N39423 ბრძანება და 2018 წლის 28 დეკემბრის N094-303 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 192832.72 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 118022 ლარი, ჯარიმა 60682 ლარი და საურავი 14128.72 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელს 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გამოქვითული ჰქონდა დაქირავებული პირების ოჯახის წევრებისთვის მგზავრობის და სხვა მიზნებისთვის ანაზღაურებული თანხები, რომელიც ჩართული იყო შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში.
სსკ-ის 105-ე მუხლის შესააბამისად ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. შემოწმებით აღნიშნული ხარჯები არ დაკვალიფიცირდა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად და აქედან გამომდინარე 217 384 ლარით შეამცირა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვები. აღნიშნულზე გადამხდელს დაერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
სსკ-ის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ზემოაღნიშნულ მუხლებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაქირავებული პირების ოჯახის წევრებისთვის მგზავრობისა და სხვა მიზნით ანაზღაურებული თანხები არ წარმოადგენს თანამშრომლის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს და, ვინაიდან, აღნიშნული ხარჯი არ არის დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან, განსახილველ შემთხვევაში ხარჯის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად:
საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2 და 2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“ სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
„2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2² . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.
ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლებმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ქ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დაქირავებული პირებისთვის მათი ოჯახის წევრების მგზავრობის და სხვა მიზნისთვის ანაზღაურებული თანხების ხარჯად არაღიარებას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით გადამხდელს 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში გამოქვითული ჰქონდა დაქირავებული პირების ოჯახის წევრებისთვის მგზავრობის და სხვა მიზნებისთვის ანაზღაურებული თანხები, რომელიც ჩართული იყო შესაბამისი პერიოდების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში.
სსკ-ს 105 მიხედვით შემოწმებით აღნიშნული ხარჯები არ დაკვალიფიცირდა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯად და აქედან გამომდინარე შეამცირა ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვები. აღნიშნულზე გადამხდელს დაერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ დაქირავებული პირების ოჯახის წევრებისთვის მგზავრობისა და სხვა მიზნით ანაზღაურებული თანხები არ წარმოადგენს თანამშრომლის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს და, ვინაიდან, აღნიშნული ხარჯი არ არის დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან, განსახილველ შემთხვევაში ხარჯის შემცირება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ ექვემდებარება შემცირებას.
ამასთან აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 100(1); 101(1); 105(1) 106(1,,ა“); 269(21); 275