ბრძანება N 3855

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2023
№ დოკუმენტი 3855
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3855

28.02.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 20 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 იანვრის №78261/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გაუქმებას. მიუთითებს, რომ ოქმი შედგენილია არაკანონიერად, ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე. განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ ხორციელდებოდა სრულფასოვანი კომუნიკაცია შემმოწმებლებთან. აცხადებს, რომ ინფორმაცია შემმოწმებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებულია 2022 წლის 28 ნოემბერს ანუ 1 დღით ადრე შეტყობინებიდან, ვინაიდან შემოწმების დაწყებიდანვე კომპანია ამუშავებდა ყველა შესაძლო ინფორმაციას შემოწმებისთვის და იცოდა ამ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ: განმარტება საქმიანობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, შემოსავლების, ხარჯების, საწვავის მოხმარების შესახებ, ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილები, დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ ინფორმაციები. აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაციების მიწოდების შემდეგაც გადამხდელის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ახალი მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონულ ფოსტაზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის №12094 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილ იქნა 2022 წლის 29 ნოემბრის №21-14/---------- წერილი და მოთხოვნილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც პირს ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 30 ნოემბერს. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენის მიერ შედგენილ იქნა 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის 2022 წლის 29 ნოემბრის №21-14/---------- წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.