გადაწყვეტილება №20132/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20132/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------- 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20132/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1225 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის №259-3 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13941 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 4 546 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 2 082
ჯარიმა - 1 041
საურავი - 1 423
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსუბუქი ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია. აღნიშნულ საქმიანობას მეწარმე ახორციელებდა ქ. --------- ავტო ბაზრობაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 აპრილის №9859 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის №41864 ბრძანება და №259-37 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 17 015 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 27 მაისის №13173 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 23.09.2022 წლის №16989/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 მაისის №13173 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 30.01.2023 წლის №1225 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%- ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, 7.02.2023 წლის №2169 ბრძანება და 8.02.2023 წლის №259-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 9 660 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 4 546 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №13941 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1225 ბრძანების შესაბამისად, ი/მ -------------- მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც პირვანდელი საჩივრით არ იყო გასაჩივრებული და შესაბამისად, გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება დასკვნას, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი არ არის გათვალისწინებული. ასვე, გაურკვეველია რომელ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოხდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა პირველია და მომჩივნისთვის არ იყო ცნობილი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1225 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განსაზღვროს 5%-ით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1225 ბრძანების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტით საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 9 660 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 6 440 ლარი და ჯარიმა - 3 220 ლარი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი არ არის გათვალისწინებული და ითხოვს გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1225 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1225 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსუბუქი ავტომანქანების შეძენა-რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, 7.02.2023 წლის №2169 ბრძანება და 8.02.2023 წლის №259-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა.ორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 13 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №13941 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(1გ);