ბრძანება N 8770
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8770
24.04.2023
ი/მ ---ის (ს/ნ--)
(მის: ---) 2023 წლის 3 და 4 აპრილის
საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის (ოქმი №39) სხდომაზე განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №80124/1/2023 და №80173/1/2023 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 6 ივლისის №049-397 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას, 2022 წლის 4 ოქტომბრის №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებს და 2022 წლის 24 მაისის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მის ქონებაზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით დადებულია ყადაღა და სასამართლო იწყებს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვას. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე შესასვლელი რეკვიზიტები. საგადასახადო მოთხოვნით და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული თანხები არ არის აღიარებული და უსაფუძვლოა მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში გადატანის ფაქტი. ამასთან, №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია მის დაუსწრებლად და საგადასახადო ორგანოს მისი ჩაბარებისათვის არანაირი მცდელობა არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ ი/მ ---ის (ს/ნ ---) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 6 ივლისს გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №049-397 ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო ი/მ --- ის (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 18 თებერვალს. „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №049-397 ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე.
გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა - ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე. რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ი/მ ---ის (ს/ნ ---) მიერ არ იქნა წარმოდგენილი №049-397 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე 2022 წლის 24 მაისს შედგენილ იქნა №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 6 ივნისს.
ამასთან, „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №049-397 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებული ქონების აღწერა-დაყადაღება და 2022 წლის 4 ოქტომბერს შედგენილ იქნა №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 აქტები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნულ აქტებს გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 29 მარტს (აღნიშნულ თარიღში აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა ჯამში 158527.24 ლარს).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 12 აპრილის მდგომარეობით ი/მ ---ის (ს/ნ ---) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 77911.12 ლარი, ჯარიმა 45746.37 ლარი, საურავი 38828.36 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 707916.28 ლარს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები №2021/049-397/2 და №2021/049- 397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტების ნაწილში და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში უარი უნდა ეთქვას საჩივრების დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა.
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში; ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სადავო აქტები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები 2021 წლის 6 ივლისის №049-397 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და 2022 წლის 24 მაისის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 18 თებერვალს, ხოლო სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო 2022 წლის 6 ივნისს.
შემოსავლების სამსახურში საჩივრები წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 3 და 4 აპრილს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანებისა და №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ის (ს/ნ --- ) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 6 ივლისის №049-397 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და 2022 წლის 24 მაისის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 6 ივლისის №049-397 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას, 2022 წლის 4 ოქტომბრის №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტებს და 2022 წლის 24 მაისის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადის დარღვევის გამო განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით.
„ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №049-397 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადამხდლის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერა-დაყადაღება და 2022 წლის 4 ოქტომბერს შედგენილ იქნა №2021/049-397/2 და №2021/049-397/3 აქტები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
გადაწყვეტილება
საჩივრები №2021/049-397/2 და №2021/049- 397/3 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივრები 2021 წლის 6 ივლისის №049-397 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებისა და 2022 წლის 24 მაისის №CB1332967 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში დარჩა განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (5); 238 (1); 241; 44 ; 299; 301.