ბრძანება N 13590

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 19.06.2026
№ დოკუმენტი 13590
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 13590

19 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ს (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 21 მაისის საჩივრის თაობაზე,შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 18 ივნისის სხდომაზე (ოქმი N 53) განიხილა შპს „-----" (ს/ნ -----) 2026 წლის 21 მაისის N 102504/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 ნოემბრის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად გამოვლენილი გარემოებით დავის დაწყებას. ამასთან, მიუთითებს საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომლითაც დაუშვებელია პირს დაეკისროს გასაჩივრების ვადის ათვლა იმ თარიღიდან, როდესაც მისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ გამხდარა აქტის შინაარსი და მისი საფუძვლები.

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით. აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დეკლარაციების, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით სრულად არის ასახული საქონელის შეძენა/რეალიზაციის ფაქტები, შესაბამისად, შემმოწმებელს უნდა გამოეყენებინა ვალდებულებების განსაზღვრის პირდაპირი მეთოდი. მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება უკანონოა სათანადო საფუძვლის გარეშე, აღნიშნულის უფლება საგადასახადო ორგანოს გააჩნია მხოლოდ მაშინ, როდესაც გადასახადის განსაზღვრა პირდაპირი მეთოდით შეუძლებელია, გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს დოკუმენტაციას ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არასრული ან არასანდოა, ან არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის საგადასახადო ვალდებულებების ზუსტად განსაზღვრას. ამასთან, აღნიშნულ გარმოებებთან მიმართებით საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კონკრეტულად რა გარემოებამ გახადა შეუძლებელი პირდაპირი მეთოდის გამოყენება, რა მოქმედებები განხორციელდა ინფორმაციის მოსაპოვებლად, რატომ ჩაითვალა არსებული მონაცემები არასაკამარისად. ასევე, შემმოწმებელი ვალდებული იყო გამოეყენებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება, კერძოდ, განეხორციელებინა გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, ექსპერტების და სპეციალისტების ჩართვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის პირველი ნოემბრის N 30044 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2013 წლის 20 თებერვლიდან 2016 წლის 31 ოქტომბრამდე, წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 8 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2016 წლის 9 ნოემბრის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 488 611 ლარი, მათ შორის, გადასახადი 225 950 ლარი, ჯარიმა 113 368 ლარი, საურავი 149 293 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული და წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 ნოემბრის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ), მის მიმართ შედგენილი 2016 წლის 8 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2016 წლის 9 ნოემბრის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ (2016 წლის 14 და 21 ნოემბერს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით იურიდიულ მისამართზე (ქ. ----- ), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 9 დეკემბერს განხორციელდა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2016 წლის 29 დეკემბერს.

გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 ნოემბრის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გაეცნო 2026 წლის 21 მაისს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2026 წლის 21 მაისს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

შემოსავლების სამსახური იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ გადასახადის გადამხდელს, მის მიმართ შედგენილი 2016 წლის 8 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2016 წლის 9 ნოემბრის N 31054 ბრძანება და ამავე თარიღის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, განმარტავს, რომ მართლზომიერად განხორციელდა სადავო საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 ნოემბრის N 081-208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 9 ნოემბრის N 081- 208 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს მის მიმართ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიის წლიური მოგების და ქონების გადასახადების ნაწილში, საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რის საფუძველზეც დაეკისრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა გადასახადი, მათ შორის, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4); 299(10); 301(ე);.