გადაწყვეტილება №20466/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20466/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 3.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20466/2/2023).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №047-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18071 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 134 485,33 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 80 359
საშემოსავლო გადასახადი - 62 562
დღგ - 17 797
ჯარიმა - 42 122
საურავი - 12 004,33
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონების ჯართით, მათი ნარჩენებითა და მილებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.06.2021 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის კამერალური სრული საგადასახდო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 8.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 1.06.2021 წელს. შესამოწმებელ პერიოდში გასს-ის მონაცემებით ფიქსირდება შესაბამისი სმფ-ების შეძენა მხოლოდ მცირე ოდენობით იურიდიული პირებისგან. გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის წარმოდგენილია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის ფიზიკური პირებისგან შავი ლითონის შეძენის შესაბამისი ჟურნალები.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს „----------“ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე განხორციელებული აქვს ჩათვლა ჯამში 20 868 ლარის ოდენობით და ჩათვლილი აქვს საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხებიც. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა შეძენილ შავი ლითონის ჯართზე 1 971 ლარის ოდენობით. ამასთანავე, არ აქვს ჩათვლილი საბაჟოზე გადახდილი დღგ 5 040 ლარი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №047-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2023 წლის №18071 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი საგადასახადო შემოწმების აქტს არ ეთანხმება ჯარიმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: დარიცხვა იმის შედეგად მოხდა, რომ ვერ ხდებოდა ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირის დროული იდენტიფიცირება, ვინაიდან დიდ ნაწილს ფიზიკური პირებისა ვისაც მიჰქონდა ჩაბარების პუნქტზე შავი ლითონი, არ სურდა დაფიქსირება საკუთარი თავისა. რამაც ხელი შეუშალა დეკლარაციის დროულად წარდგენაში, დეკლარაციას აკორექტირებდა ფიზიკურ პირთა რეესტრის ჟურნალიდან, დეკლარაციაში ასახვა მოითხოვს დიდი დროს და დატვირთულ ზუსტ საქმიანობას, ფაქტად შესაძლებელია დეკლარაციის კორექტირების თარიღების ნახვა, ანუ ფაქტიურად ვერ მოასწრეს დეკლარაციის კორექტირება, რადგან დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. რის გამოც შეუძლებელი გახდა დადეკლარირება. კომპანია კეთილსინდისიერი გადამხდელია და ასევე გასათვალისწინებელია, რომ წინა პერიოდში არ ჰქონია საგადასახადო დავალიანება და პატიოსნად იხდის კუთვნილ გადასახადს, ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალიწინებული შეღავათი და გათავისუფლეს დარიცხული სანქციისგან.
საწარმოს ამ შემთხვევაში დღგ შეგნებულად არ დაუმალავს, ეს იყო ბუღალტრის შეცდომა, იმიტომ რომ ეს გადასახადი მარტივად კონტროლირებადია პორტალ RS.GE ზე. ამდენად ამას თვლის, როგორც არ ცოდნად და აქაც ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.
შემოსავლების სამსახური განმარტებით, გადასახადის გადამხდელმა ვერ მიუთითა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, რაც არასამართლიანად მიაჩნია, ორივე შემთხვევაში დაშვებული შეცდომა იყო ობიექტური გარემოებებიდან გამოწვეული და არა წინასწარ გამიზნული. კომპანიას განცხადება შეტანილი აქვს შეთანხმებაზე სადაც ითხოვს ძირი გადასახადის გადახდას და ჯარიმის 30% მეტის გადახდას 6 თვის განმავლობაში, რათა კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფუნქციონირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ვერ ხდებოდა ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირის დროული იდენტიფიცირება, ვინაიდან დიდ ნაწილს ფიზიკური პირებისა ვისაც მიჰქონდა ჩაბარების პუნქტზე შავი ლითონი, არ სურდა საკუთარი თავის დაფიქსირება, რამაც ხელი შეუშალა დეკლარაციის დროულად წარდგენაში, დეკლარაციას აკორექტირებდა ფიზიკურ პირთა რეესტრის ჟურნალიდან, დეკლარაციაში ასახვა მოითხოვს დიდი დროს და დატვირთულ ზუსტ საქმიანობას, ფაქტად შესაძლებელია დეკლარაციის კორექტირების თარიღების ნახვა, ანუ ფაქტიურად ვერ მოასწრეს დეკლარაციის კორექტირება, რადგან დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. რის გამოც შეუძლებელი გახდა დადეკლარირება.
საწარმოს ამ შემთხვევაში დღგ შეგნებულად არ დაუმალავს, ეს იყო ბუღალტრის შეცდომა, იმიტომ რომ ეს გადასახადი მარტივად კონტროლირებადია პორტალ RS.GE ზე.
ითხოვს გამოყენებულ იქნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალიწინებული შეღავათი და გათავისუფლეს დაკისრებული სანქციისგან.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან მისთვის არის იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი მიუთითებს, რომ ვერ ხდებოდა ჯართის ჩამბარებელი ფიზიკური პირის დროული იდენტიფიცირება, ვინაიდან დიდ ნაწილს ფიზიკური პირებისა ვისაც მიჰქონდა ჩაბარების პუნქტზე შავი ლითონი, არ სურდა საკუთარი თავის დაფიქსირება, რამაც ხელი შეუშალა დეკლარაციის დროულად წარდგენაში, დეკლარაციას აკორექტირებდა ფიზიკურ პირთა რეესტრის ჟურნალიდან, დეკლარაციაში ასახვა მოითხოვს დიდი დროს და დატვირთულ ზუსტ საქმიანობას, ფაქტად შესაძლებელია დეკლარაციის კორექტირების თარიღების ნახვა, ანუ ფაქტიურად ვერ მოასწრეს დეკლარაციის კორექტირება, რადგან დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. რის გამოც შეუძლებელი გახდა დადეკლარირება. ამასთან ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან მისთვის არის იყო ცნობილი ის გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძველი, არ არსებობს შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 269.