ბრძანება N 1886
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1886
03.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
(იურ. მის.:----------)
2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №77455/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 12 დეკემბრის №CB1424852 და 21 დეკემბრის №CB1427749 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 12 და 21 დეკემბერს კომპანიის დისტრიბუციის მანქანით შიდა გადაზიდვის ზედნადების საშუალებით ორგანიზაციის კუთვნილ აპარატებში ხორციელდებოდა პროდუქტის გადაზიდვა. ვინაიდან არ იციან რა რაოდენობის პროდუქტი სჭირდება 250-მდე სხვადასხვა მისამართზე (400 აპარატზე) განლაგებულ სავაჭრო აპარატს, იწერება შიდა გადაზიდვის ზედნადები, სადაც მითითებულია მიწოდების ადგილი - ქალაქი (პირობითად; თბილისი, გორი, მცხეთა და არა კონკრეტული მისამართები). ამის გამო მოხდა მონიტორინგის სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა კონკრეტული მისამართის მიუთითებლობის გამო და არა ზედნადების არარსებობის გამო.
კომპანიას საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებლად მიაჩნია 250-მდე სხვადასხვა მისამართზე მდგომ აპარატებზე შიდა გადაზიდვის ცალ-ცალკე ზედნადების გამოწერა (არ იციან კონკრეტულ აპარატს რა რაოდენობის პროდუქტი დასჭირდება).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვერ ისარგებლებენ "დისტრიბუციის წესით" გამოსაწერი ზედნადებით, რომელიც ინაშთება დისტრიბუტორის მიერ ქვეზედნადების გამოწერით. ქვეზედნადებს ვერ გამოწერენ, რადგან არ იციან მყიდველი (სავაჭრო აპარატი მუშაობს გამყიდველის გარეშე). დისტრიბუტორი პროდუქციის გასანაშთად იყენებს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია: თარიღი, აპარატის ნომერი, დისტრიბუტორი და საქონლის რაოდენობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც №CB1424852 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2022 წლის 12 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისამართზე: ----------, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „----------“, რა დროსაც დადგინდა, რომ „----------“ (პ/ნ ----------) ახდენდა შპს „„----------““ (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1500 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი იქნა №CB1424852 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად ამავე კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება.
№CB1427749 ოქმის შინაარსიდან ირკვევა, 2022 წლის 21 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მისამართზე: ----------, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „----------“, რა დროსაც დადგინდა, რომ „----------“ (პ/ნ ----------) ახდენდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 280 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1427749 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმებში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.